ხელოვანთა ოლიმპიური კონკურსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ დე კუბერტენი

ხელოვანთა ოლიმპიური კონკურსი - 1894 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შექმნისა და 1896 წელს პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარების შემდეგ, თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელმა პიერ დე კუბერტენმა წამოაყენა წინადადება, ოლიმპიური თამაშების პარალელურად სპორტთან თემატურად დაკავშირებული ხელოვანთა კონკურსების ჩატარების თაობაზე.

1906 წლის მაისში, პარიზში მოეწყო კუბერტენის იდეის განხილვა, სადაც გადაწყდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ხელოვანთა კონკურსები 5 კატეგორიაში - არქიტექტურაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობასა და ქანდაკებაში ჩატარებულიყო. ამასთან, ხელოვანთა ნამუშევრები სპორტით უნდა ყოფილიყო შთაგონებული, საუკეთესო ქმნილებათა ავტორებს კი მედლები გადაეცემოდათ. რაკი მედლების 5 კომპლექტი თამაშდებოდა, ამგვარ კონკურსებს სხვაგვარად „მუზების ხუთჭიდსაც“ უწოდებდნენ.

Pieris oda.PNG

ოლიმპიურ პროგრამაში ხელოვანთა კონკურსების ათვლა 1912 წლის სტოკჰოლმის V ოლიმპიური თამაშებიდან დაიწყო. არადა, ხელოვანთა ოლიმპიური დებიუტი 4 წლით ადრეც იგეგმებოდა. საქმე ის არის, რომ 1908 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის რომს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ფინანსების სიმწირემ მასზე უარი ათქმევინა. დროში შეზღუდულ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სასწრაფოდ უნდა მოეძებნა შესაფერისი მასპინძელი, ასეთი კი ლონდონი აღმოჩნდა. ბრიტანელები ხელოვანთა კონკურსის ჩატარებას აპირებდნენ კიდეც, მაგრამ ხანმოკლე მოსამზადებელი პერიოდის გამო, მასზე უარი თქვეს, რადგან შიშობდნენ, რომ კონკურსის მონაწილეებს ნამუშევრების წარსადგენად დრო არ ეყოფოდათ.

ალფრედ ოსტი. „ფეხბურთელი.“ ბრინჯაოს მედალი, 1920 წელი

სტოკჰოლმში, ხელოვანთა სადებიუტო კონკურსზე მხოლოდ 35 მონაწილე წარსდგა. მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, მედალოსნები ხუთივე კატეგორიაში გამოვლინდნენ.

კონკურსებს უმასპინძლეს 1920 წელს ანტვერპენში, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ თამაშებზეც, მაგრამ მას დიდი გამოხმაურება არც აქ ჰქონია. საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ 1924 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც საკუთარი ნამუშევარი 193-მა ხელოვანმა წარადგინა.

ხელოვანთა კონკურსების მნიშვნელობა გაცილებით გაიზარდა 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე. ამასთან, ხელოვანთა ხუთიდან 4 კატეგორია ქვეკატეგორიებად დაიყო, რამაც თავისთავად გაზარდა ნომინაციების რაოდენობა. ამსტერდამის საქალაქო მუზეუმში ხელოვნების 1100-ზე მეტი ნამუშევარი გამოფინეს (მათ შორის არ იყო ნამუშევრები ლიტერატურაში, მუსიკასა და არქიტექტურაში). ამასთან, კონკურსანტებს უფლება ჰქონდათ გამოფენის დასრულების შემდეგ საკუთარი ნამუშევრები გაეყიდათ, რაც მეტად უჩვეულოდ გამოიყურებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამოყვარულო პოლიტიკის გათვალისწინებით: ამგვარ კონკურსებში, ისევე როგორც ოლიმპიურ თამაშებზე, მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოყვარულ ხელოვანებს და სპორტსმენებს შეეძლოთ.

უოლტერ უაინენსი (აშშ). „ამერიკელი მხედარი.“ ოქროს მედალი, 1912 წელი

„დიდი დეპრესიის“ ფონზე, 1932 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ბევრმა ქვეყანამ ხელიაიღო. შედეგად, აშშ-ს იმაზე ნაკლები ქვეყანა ეწვია, ვიდრე წინა 1928 წლის ამსტერდამის თამაშებს. მიუხედავად ეკონომიკური სიდუხჭირისა, ხელოვანთა კონკურსზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ჟიურიმ ბევრი ნამუშევარი მიიღო, ხოლო ლოს ანჯელესის ისტორიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მუზეუმში მოწყობილმა გამოფენამ 384 ათასი დამთვალიერებელი მიიზიდა.

ხელოვანთა კონკურსები წარმატებით ჩატარდა ბერლინისა (1936) და ლონდონის (1948) ოლიმპიურ თამაშებზეც, თუმცა 1948 წლის შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 1949 წლის რომის სხდომაზე გაირკვა, რომ ხელოვანთა კონკურსის ყველა მონაწილე პროფესიონალი იყო. ამიტომ, ამგვარი კონკურსები უნდა გაუქმებულიყო, სანაცვლოდ კი მოეწყოთ გამოფენები, სადაც ჯილდოებს და მედლებს არავის გადასცემდნენ. სწორედ ასე მოხდა 1952 წელს, ჰელსინკის თამაშებზე. 1954 წელს, ათენის IOC-ის სესიაზე ხელოვანთა კონკურსების გამოფენებით ჩანაცვლების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, 1956 წლიდან კი კულტურულ პროგრამებს ჩაეყარა საფუძველი.

ხელოვანთა კონკურსების მთელ პერიოდში - 1912-1948 წლებში მხოლოდ ორმა ოლიმპიელმა შეძლო მედლების მოპოვება როგორც ოლიმპიურ სპორტულ სარბიელზე, ისე ხელოვანთა კონკურსებზე. მოქანდაკეთა კონკურსში გაიმარჯვა უოლტერ უაინენსმა - ლონდონის 1908 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა „გაქცეულ ირემზე“ ორმაგ სროლაში (უაინენსმა 4 წლის შემდეგ, სტოკჰოლმში იმავე დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიგო).

მეორე ოლიმპიელი, რომელმაც ორივე ასპარეზზე გამოიჩინა თავი, უნგრელი ალფრედ ჰაიოშია. მან 1896 წლის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ცურვაში ორგზის იზეიმა ჩემპიონობა, 28 წლის შემდეგ კი სტადიონის დიზაინის შემუშავებისთვის არქიტექტურის დარგში თანამემამულე დეჟიო ლაუბერთან ერთად ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ხელოვანთა კონკურსებში მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2 პრეზიდენტს. მათ შორის იყო თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი და თავად ხელოვანთა კონკურსის ჩატარების მოთავე პიერ დე კუბერტენი. 1912 წელს ლიტერატურის დარგში ოქროს მედალი დაიმსახურა მისმა ლექსმა „ოდა სპორტს“. მან კონკურსში მონაწილეობისთვის ფსევდონიმებად ჟორჟ ჰოროდი და მარტინ ეშბახი შეარჩია, რათა მის გვარს ჟიურის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოეხდინა.

ლუქსემბურგელი მხატვარი ჟან იაკობი ერთადერთია, ვინც ხელოვანთა კონკურსებზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან ამ წარმატებებს 1924 და 1928 წლების თამაშებზე მიაღწია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები