ხიბალ-კუდიანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხიბალ-კუდიანები — ყველა ჯურის ავსული თუშური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით; ვნებენ ადამიანებს, დაძრწიან ღამღამობით და დაეძებენ მსხვერპლს, რათა ხელში ჩაიგდონ, „დაიტომონ“ (ჭკუიდან შეშალონ) ან ტყვედ წაიყვანონ; თავზე ახურავთ ჯორის ჩლიქის ფორმის ჩაჩი, რომელიც მათ უხილავს ხდის; არიან მაქციები, შეუძლიათ, მიიღონ ნებისმიერი სახე. ადამიანებს ისინი უფრო ხშირად ლამაზი ქალის, მორთული პატარძლის ან დედაბრის, არცთუ იშვიათად, კატის სახით ეჩვენებიან. მართალია შეუძლიათ მიიღონ ადამიანის სახე, მაგრამ ტერფებშებრუნებულ ფეხებს ვერაფერს უხერხებენ; როგორც კი ხორციელის სახეს მიიღებენ, მოკვდავთა თვისებები უჩნდებათ: სტკივათ დარტყმული, იჭრებიან და კვდებიან; ბინადრობენ კლდოვან ადგილებში, მდინარეთა ნაპირებზე, ხევებში, განსაკუთრებით ჩანჩქერებსა და ქანჩახებში; დადიან თითოობით და ადამიანებსაც ერთეულებად ეჩვენებიან; ყველა სოფლის მიდამოებში აქვთ თავშეყრისათვის ამოჩემებული ადგილები, სადაც ანთებენ კოცონს და მის გარშემო ცეკვა-თამაშს – „ერულას“ მართავენ; იქ გავლილ კაცსა თავისთან ეპატიჟებიან და თუ შეაშინებენ – „ნასიპს გაუტეხენ“, დაიტომებენ და მასაც ერულაში ჩააბამენ; თუ ვინმესთვის „ნასიპის გატეხა“ გაუჭირდებათ, თავიანთ უფროსს – დორაისხეველს – უხმობენ; თუ დორაისხეველიც ვერ შეაშინებს მაშინ ან დალოცავენ ან დაწყევლიან. ასე დაუწყევლიათ ხახაბოში ერთ-ერთი გულადი კაცი თირღვა: შენს გვარში შვილი მამას ნუ მოესწრება და მამა შვილსაო; „მართლაც ეგრე მოდიან ეგ თორღვაანები, მაგათი შვილი მამას ვერ ეწევა და მამა – შვილს; ახლა სულაც გათავდნენ ხახაბოში; ერთი კაციღაა და ისიც ართანაში ცხოვრობს“, – ყვებიან თუშები.

ხიბალ-კუდიანები განსაკუთრებით კდინისა და ხორცის კვირაში აქტიურდებიან: ღამღამობით ხმაურობენ, ერთურთს მწკივანი ხმით გასძახიან, ადამიანთა ბედს წინასწარმეტყველებენ. ავსულთა ხმები მხოლოდ და-ძმებში კენტ რიგში (პირველი, მესამე, მეხუთე და ა. შ.) დაბადებულებს ესმით და ამით ვისიმე თავს მოსალოდნელ ბედნიერებასა თუ უბედურებას წინასწარ იგებენ („მესმინაე“).

ხიბალ-კუდიანები კდინის კვირიდან მთელი ორი-სამი კვირის განმავლობაში დაძრწიან სოფლად, მერე კი იქაურობას ტოვებენ. მათ გასასტუმრებლად თუშები ერთგვარ რიტუალს ასრულებდნენ: დიდმარხვის აღების ღამეს (ხორციელის კვირა საღამოს) ბავშვები ისრებს შემდეგნაირად გაამზადებდნენ: წვერებს დანით ცოტაზე ჩაჭრიდნენ, შიგ ბუკვნის პატარა ნაჭრებს ჩაურჭობდნენ და ბაწრის შემოხვევით გაამაგრებდნენ. დედები კოტრებს გამოუცხობდნენ და ახალ შებინდებულზე ამ კოტრებს, სანთელ-ზედაშესთან ერთად, გარეთ გამოუტანდნენ და ბავშვებს მოისართა შესანდობარს ათქმევინებდნენ. შემდეგ ბავშვები სოფლის გარეთ გავიდოდნენ და ცეცხლმოკიდებულ ისრებს სოფლისკენ ისროდნენ, თან გაიძახოდნენ: „ხიბალო კუდიანებო, კაკალო გულიანებო, თქვენამც გჩრიათ“. წარსულში ამ ისრების სროლა უფროსების მოვალეობა ყოფილა.


ლიტერატურა

  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 67-78;
  • ე. თათარაიძე. დემონოლოგიური თქმულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთაინეთში (საკანდიდატო დისერტაცია). თბ., 1998.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები