ხიდი (არქიტექტურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხიდი

ხიდიმდინარეზე, ხევზე, არხზე და ა.შ. გადებული გადასაყვანი, ნაპირთა შემაერთებელი ნაგებობა. კონსტრუქცია დამოკიდებულია ხიდის ფუნქციაზე, ადგილმდებარეობაზე, ლანდშაფტზე, მასალასა და მშენებლობისათვის საჭირო მანქანა-მოწყობილობების ხელმისაწვდომობაზე.

თაუერის გასახსნელი ხიდი, ლონდონი, ინგლისი

დღემდე შემორჩენილი უძველესი ხიდია „არკადიკო“ – მიკენას ცივილიზაციის (ბრინჯაოს ხანა; ძვ. წ. XII ს., პელოპენისი, სამხრეთი საბერძნეთი) ოთხიდან ერთ-ერთი ქვის ხიდი, რომელიც ფორტ ტირინს აკავშირებდა ქ. ეპიდაუროსთან. ხიდმშენებლობა განსაკუთრებით განვითარდა რომში. რომაელები აგებდნენ კამაროვან ხიდებსა და აკვედუკებს, რომელთაგან ბევრმა დღემდე მოაღწია. მაგ., შეიძლება მოვიყვანოთ ესპანეთში აგებული ხიდი „ანკანტარა“ მდინარე ტეჟუზე. რომაელები მშენებლობაში იყენებდნენ ცემენტს (ერთ-ერთი სახეა პუცოლანი), რომელიც შედგებოდა წყლის, კირის, ქვიშისა და ვულკანური ქანისაგან. რომის იმპერიის ძლიერების პერიოდში სხვა ქვეყნებში ლაშქრობების დროს შენდებოდა დიდი რაოდენობის ხის ხიდები და პარალელურად ხდებოდა მათი კონსტრუქციების დახვეწა. ამ პერიოდს მიეკუთვნება იულიუს კეისრის დროს აშენებული ხიდი მდ. რეინზე (ძვ. წ. I ს.), თაღოვანი ხიდი მდ. დუნაიზე (ძვ. წ. I ს.) და სხვ. ცნობილია იტალიელი მშენებლის ა. პალადიოს სისტემის კოჭოვანი და თაღოვანი ხის ხიდები მდ. ბრენტუსა და ჩიზმონაზე (XVI ს.), სადაც მან პირველად გამოიყენა შპრენგელური და რიგელ-ქვესაბჯენიანი სისტემები ირიბნებითა და დგარებით, აგრეთვე ამერიკელი ინჟინრების ტაუნისა და გაუს სისტემის ხიდები, რომელშიც მზიდ ელემენტებად გამოყენებული იყო ტაუნის სისტემის ფიცრული გისოსოვანი წამწეები ან გაუს სისტემის ჯვარედინა ირიბნებიანი წამწეები.

ოქროს კარიბჭის ხიდი, სანფრანცისკო, აშშ
ხიდმშენებლობა საკმაოდ განვითარებული იყო ინდოეთშიც იმპერატორ ჩანდრაგუპტა I (IV ს.) და მოგოლების ბატონობის პერიოდში (XVI-XIII სს.), აგრეთვე ჩინეთში სუის დინასტიის პერიოდში (VI-VII სს.). ინკებისა და მაიას ტომების ცივილიზაციები (სამხრეთ ამერიკა) ძირითადად იყენებდნენ დაკიდებულ ხიდებს. ევროპაში XVIII საუკუნიდან სწრაფად განვითარდა ხის ხიდების მშენებლობა, ხოლო საუკუნის ბოლოს დასაბამი მიეცა რკინის ხიდების მშენებლობას, როცა 1779 წელს ინგლისში პირველად ააგეს ხიდი თუჯის კონსტრუქციების გამოყენებით.
ხიდი ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში, აშშ
XIX საუკუნიდან ფოლადის გამოჩენამ დასაბამი მისცა ასაწყობი, ასაწყობ-დასაშლელი და შენადუღი დიდმალიანი ხიდების მშენებლობას. ზოგადად, ხიდი შედგება მალის ნაშენისა (კოჭები, წამწეები, დიაფრაგმები, სავალი ნაწილის ფილები) და საყრდენებისაგან (შუა და განაპირა). ხიდების კლასიფიკაცია ხდება დანიშნულების, საყრდენებისა და მალის ნაშენის ტიპის, მასალის სახეობის, სავალი ნაწილის დონის, სტატიკური სქემის, წყლის დონის, სავალი ნაწილის სიგანის და სიგრძის, გეგმაში მოხაზულობის მიხედვით.

დანიშნულების მიხედვით არსებობს ხიდები: რკინიგზის, საავტომობილო, საველოსიპედო, საქალაქო, საქვეითო, სპეციალური, შეთავსებული, საველოსიპედო;
საყრდენების ტიპის მიხედვით: ხისტ და ტივტივა საყრდენებზე;
მალის ნაშენის ტიპის მიხედვით: უძრავი, გასახსნელი;
მასალის მიხედვით: ხის, ქვის, ბეტონის, რკინაბეტონის, ლითონის;
სავალი ნაწილის დონის მიხედვით: ზედა-, შუა- და ქვედა-სვლით;
მუშაობის სტატიკური სქემის მიხედვით: კოჭური (ჭრილი, უჭრი, კონსოლური) და განმბჯენიანი (კამარისებრი, ჩარჩოიანი, დაკიდებული, ვანტური);
წყლის დონის მიხედვით: დაბალ- და მაღალწყლიანი;
გეგმაში მოხაზულობის მიხედვით: პირდაპირი, ირიბი და მრუდწირული.

ხიდის მრავალი სახეობა არსებობს: ავტოგზის, არაგაბარიტული, ასაწყობი, რკინაბეტონის, ბონდის, გასაშლელი, გასახსნელი, გზატკეცილის, გისოსიანი, დაკიდებული, დახურული, დოინჯიანი, დროებითი, ზესავალი, თაღოვანი, კამაროვანი, კონსოლიანი, კოჭური, ლითონის, მრავალმალიანი, მცირემალიანი, ორსვლიანი, ორსართულიანი, რკინიგზის, რკინის, საქვეითო (საფეხმავლო), ტივტივა, ქვესავალი, ქვის, ღია, შუასავალი, ხის, ჯაჭვის და სხვ.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები