ხირხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხირხაახალუხის მსგავსი, წელში გამოყვანილი სამოსი ქალისა, ქალებისთვის ჩითის დაბამბული ანდა დაუბამბავი მოსაცმელი, სიხმისა და ჩათაკას ზემოდან ცივ კლიმატურ პირობებში სახმარი თბილი ჩასაცმელი. იგი შესაძლოა მოკლე ანდა მუხლებს ქვემოთ გადაცდენილი ყოფილიყო.

ჩვეულებრივ მას ფერადი ხავერდისაგან იკერავდნენ. ძველად ხირხა ტრადიციული ხერხებით შინ ნაქსოვი შალისაგან, ხოლო მოგვიანებით ფაბრიკული ქსოვილით – სკალატისა და ხავერდისაგან იკერებოდა. დამკვირებელთა მიხედვით: „ქალებს ზევიდან აცვიათ ქათიბის მსგავსი ხირხა ჩითისა, დაბამბული ან უბამბო, სეზონის მიხედვით”. ხირხა ძირითადად ჩათაკას თარგს იმეორებდა, მისი წინამორბედი იყო, განსხვავდებოდა მხოლოდ სიგრძით და საყელოთი. სხვა განსხვავებანი ასეთი იყო: ხირხას წინა ორი კალთა და მთლიანი ზურგი ქმნიდა. სახელოები საპირესაგან, სარჩულისაგან და მათ შორის მოქცეული მატყლის ან და ბამბის თხელი ფენისაგან შედგებოდა. ხირხა უსაყელო იყო. წელში გამოყვანილი. გრძელი ხირხა პატარძლის ჩაცმულობის კომპლექტში შედიოდა. ასეთი ხირხა ჩვეულებრივი სახმარისგან ქსოვილის ხარისხით, ფერითა და შემკულობით განირჩეოდა. სანამუსო ხირხაც ფერადი ყაითნებითა და ძაფებით ირთვებოდა.

ხირხა ძველ საქართველოში გავრცელებული სამოსი ყოფილა. ჯერ კიდევ თეიმურაზ პირველის „ლეილ-მაჯნუნიანში” ვკითხულობთ: „წამოიყვანა მეჯნუნი ხირხაღაცმულ თავშიშველები”. ივანე ჯავახიშვილი ხირხას „ზამთრის სათბილო სამოსად მოიხსენიებდა”. ტერმინ „ხირხას” ძველ ქართულ მწელობაში მოხსენიება მის ადგილობრივ წარმომავლობაზე მიუთითებს. თედო სახოკია ხირხას ქართულ ქათიბს ადარებდა. მისი ინფორმაციის მიხედვით ვასკვნით, რომ სეზონის მიხედვით მას ზამთარში დაბამბულს იცმევდნენ, ზაფხულში კი − დაუბამბავს. ხირხა აჭარის მთის მოსახლეობის ყოფაში XIX საუკუნის ბოლომდე არსებულა. საქართველოს ფარგლებს გარეთ ხირხას არზრუმელი სომხებიდა ანატოლიელი თურქი ქალები და მამაკაცები ატარებდნენ.


ლიტერატურა

სახოკია, 1985: 245; ჯავახიშვილი, 1962; ნიჟარაძე, 1971:437; სამსონია, 2005:72.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები