ხმალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხმალი
ხმალი

ხმალი - მკვეთელი, საბრძოლო იარაღი. ხმლის შემადგენელი ნაწილებია - პირი, ტარი და ქარქაში. ხმლის პირს აქვს - ნესტარი (წვერი), შაშარი (ორლესული წვერი), ფხა (ალესილი პირი), გნდე (ყუა, აულესავი პირი) და ღარი (ან ღარები); ტარი შედგება - კოტასაგან (საკუთრივ ხეტარი, ან რქა, ან ლითონი), ვადაჯვარისაგან (ვადა-პირისა და ტარის შეერთების ადგილი, სადაც განთავსებულია ჯვრის ფორმის მტევნისდამცავი, ანუ ვადაჯვარი), ვაშლისაგან (ტარის მოხრილი ბოლო, ანუ ქუდი) და დვარისაგან (მოქლონი, რითაც დამაგრებულია ხეტარი პირზე); ქარქაში მზადდება ხის ორი ფირფიტისაგან, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია პირის ფორმის შესაბამისად და გარედან გადაკრული აქვს ან ტყავი, ან თითბრის სალტეები. თითბრის სალტეებიან ხევსურულ ქარქაშებს აქვს „საცვეთებიც“, რომელნიც ქარქაშს კიდეებზე სიგრძივად დაუყვება. ქარქაშზე დამაგრებულია ყაწიმების (ყაწიმი - ხმლის სამხარიღლიე) დასამაგრებელი სალტეები. ქარქაშის ბოლოში კი წამოცმულია ლითონის ბუნიკი.

სულხან-საბა ახასიათებს საუკეთესო ხმლის თვისებებს და ასახელებს მხოლოდ ორი ხმლის სახეობას გორდასა და კალდიმს, რომელთაც „ქართველნი ჰყვარობენ“. ქართული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალით კი დასტურდება ხმლის ისეთი ნაირგვარობა, როგორიცაა დავითფერული, მისრული, დაშნა, შიშნა, ნიჩბა, ჭოლაური, ლეკური, გველისპირული, თუშური ორლესული, უნგრული, ფრანგული და სხვ. თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან ტარის, პირისა და ქარქაშის ფორმა-მოყვანილობის მიხედვით.

საქართველოში ხმლები ადგილობრივად მზადდებოდა, მაგრამ შემოდიოდა ევროპული იარაღიც, რომელთა სადამღო ნიშნებს ქართველი ხელოსნები აქტიურად იყენებდნენ თავიანთ ნახელავ იარაღზე.

ხევსურეთში ევროპული ხმლების საერთო სახელად ფრანგული იყო მიღებული, არჩევდნენ დედალ და მამალ ფრანგულს. გერმანიიდან და ავსტრიიდან შემოსულ ხმლებს დედალ ფრანგულს ეძახდნენ, ხოლო იტალიურს - მამალ ფრანგულს. თავისთავად დედალი ფრანგულიც დაბალი ღირსების ხმალს არ გამოხატავდა. მაგ., ძალზედ იყო გავრცელებული გერმანული წარმოების ხმლები, რომელზედაც იყო დამღა მგლის სტილიზებული გამოსახულებით. ამ დამღას XIVს-ის პასაუელი ხელოსნები ხმარობდნენ, ხოლო XVIIს-დან ზოლინგენის ხელოსნები. იმის დასამტკიცებლად, რომ ხმალი ადგილობრივია (ქართული) და არა გერმანული, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ცხოველი გამოსახულია არა სტილიზებულად (9-11 შტრიხით), როგორც ეს ევროპულ ვარიანტშია, არამედ მთლიანი ტანის კონტურით, სადაც აქცენტირებულია სახეც და ბალანიც კი, მაშასადამე, საქმე გვაქვს ქართულ ან თუნდაც კავკასიურ მინაბაძებთან. ჩვენ ქვეყანაში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა XVI ს-ის იტალიელი ოსტატების ანდრეა და ჯანდონატო ფერარების მიერ დამზადებული ხმლის პირები (დავითფერული), პოპულარული იყო ასევე იტალიური, გორდას დამღიანი ხმლის პირებიც და სხვ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ქართველი ხელოსნები ამ დამღების გამოყენებით არ ცდილობდნენ თავიანთი შემოქმედება ევროპულად გაესაღებინათ, ისინი უბრალოდ პოპულარულ დამღას იყენებდნენ თავიანთ ნახელავ ხმლებზე, თორემ ფოლადის დამზადების ტექნოლოგია, ტარისა და ქარქაშის მორთულობა მთლიანად ქართული იყო და უმაღლესი ხარისხის.

ლიტერატურა

ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ.III-IV, 1962. გ. ჯალაბაძე, საქ. სახ. მუზეუმის ეთნოგრაფიული ფონდების გზამკვლევი, 1979. მ.ქ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები