ხოგაის მინდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოგაის მინდი – არხოტში, სოფელ ამღაში ცხოვრობდა ხოგაის (ხოგა-ის ძე) მინდი. საბეკურის კარს მისი ნასახლარები ახლაც ჩანსო.

ერთხელ ხოგაის მინდი ქაჯებმა მოიტაცეს და ქაჯავეთის გზას გაუყენეს. თვალები აუხვიეს, რომ გზა არ დაესწავლა და უკან ვერ დაბრუნებულიყო. როცა ცხრა მთა გადაატარეს, მაშინღა მოხსნეს თვალის სახვევები. მიიყვანეს ქაჯების სოფელში, სადაც მასავით ტყვეები ჰყოლიათ, გარეკავდნენ მთაზე და გველებს აჭერინებდნენ. გველებისგან წამლებს აკეთებდნენ.

ერთხელ ხოგაის მინდიც წასულა გველების დასაჭერად. ერთი გველი დაუჭერია, ყელზე თეთრი ბეწვი ჰქონია. დაუკლავთ ეს თეთრბეწვიანი გველი და მისი სისხლი ქანდარას სხურებია. ხოგაის მინდის იმდენად მობეზრებია ქაჯებში ცხოვრება, რომ გველის სისხლის ალოკვა მოინდომა, რომ იქვე მომკვდარიყო. შეამჩნიეს ეს ქაჯებმა და წაშალეს ნასხურები სისხლი. მაგრამ ერთი წვეთი სადღაც შერჩენილი ყოფილა და მინდიმაც ფარულად ალოკა ეს წვეთი. ალოკა თუ არა სისხლი, მინდის ცხროება შეეყარა. სულ ოფლში იღვრებოდა. მეცხრე ლოგინი ისე გამოუცვალეს, რომ არაფერი გაუგია. გონს რომ მოვიდა, იღლიის ძირები ჰქონია დასიებული. გაუჭრია და მკბენარი გადმოცვენილა იღლიებიდან. მიხვდა ხოგაის მინდი, რომ კაცს თურმე მკბენარი ამძიმებს. ისე გამსუბუქებულა, რომ ხიდზე გავლისას ჩოხის კალთებში ქვებს იყრიდა, რომ ქარს ხიდიდან არ გადაეგდო წყალში. ამიერიდან ყველაფრის ენა ესმოდა თურმე, სულიერის თუ უსულოსი. გაპარულა, მაგრამ დაუჭერიათ და ცემით ტყავი გაუძვრიათ. მეორედ გაქცეულა. ხიდზე რომ შემდგარა, დაუნახავს, ნაცარი ყრია ხიდზე. მიმხვდარა, რომ მისთვის დაუყრიათ ნაცარი, რომ გაეგოთ საით წავა მისი ნაკვალევი. ხოგაის მინდიმ ხიდზე კოჭუკუღმა გაიარა, რომ გაღმა ნაპირიდან მოსული ჰგონებოდათ. დილაუთენია გასულა ხიდზე და ტყისთვის შეუფარებია თავი. დაუწყეს ძებნა, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს. ხიდამდე მიდიოდა ნაფეხურები და იკარგებოდა. უვლია ხოგაის მინდის და ერთ სოფელში მოხვედრილა, სადაც თითის სიგრძე ადამიანები უნახავს. უცხო კაცის დანახვაზე ჯერ შეშინებულან და გაქცეულან, მერე კი მოსულან და თან საჭმელიც მოუტანიათ მისთვის. ხოგაის დაუნახავს, რომ ეს თითისტოლა ხალხი ნაფოტებს და წიწვებს აგროვებს და რაღაც შენობას აგებს. რას აკეთებთო, უკითხავს, და, დღეს საღამოს სვავების, კაჭკაჭების, წეროების და კიდევ სხვების ლაშქარი დაგვესხმება და თავი უნდა შევაფაროთო. ნუ გეშინიათო, უთქვამს ხოგაის მინდის. გაუკეთებია მშვილდ-ისარი და ჩასაფრებულა. რომ შეღამდა, მოსულა ფრინველთა ლაშქარი და მინდის ისე გაუბრუნებია ისინი, რომ არც ერთი არ მოუკლავს. დაეხვივნენ ცეროდენა ადამიანები, დაუწყეს კოცნა, ჩვენი ღმერთი ხარო, ეუბნებოდნენ. მათ შორის ერთი კაცუნა ერია, თვალგამოთხრილი. ვერ მცნობო? უკითხავს მინდისთვის. ვერაო. არ გახსოვსო, უთქვამს ცეროდენას, თვალი რომ გამომთხარე საბაკურის კარსო? მე გუგული ვარ, ჩვენ ყველანი გუგულები ვართ. ეგერ მთა რომ ჩანს, იმ მთას რომ გადავალთ, გუგულებად ვიქცევით, აქ კი კაცები ვართო. აბაო, უთხრა ხოგაის მინდიმ, ამღა თუ იცი, სად არის, წამიყვანეო. კარგიო, უთქვამს კაცუნას და წაუყვანია იმ მთისკენ. უთქვამს, ფრთხილად იყავი, ეს მთა ნაცრის არის, შიგ არ ჩაეფლოო. მე ჩიტად გადავიქცევი და, რომ გავფრინდები, მომყევიო. გადაუვლიათ მთა და გუგულად გადაქცეულ კაცუნას ამღაში მიუყვანია ხოგაის მინდი.

ხოგაის მინდის ისეთი უნარი გამოყოლია ქაჯების სოფლიდან, რომ ყველაფრის ენა სცოდნია, ყველაფერი ესმოდა, რასაც ცხოველები თუ მცენარეები ლაპარაკობენ. ბალახი თავად ეუბნებოდა, ამის და ამის წამალი ვარო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები