ხორუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცეკვა „ხორომი”, სოფელი კვატია.
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი, 1937 წელი

ხორუმიაჭარის ხალხური საცეკვაო შემოქმედების უძვირფასესი მონაპოვარი საბრძოლო შინაარსის ხორუმი, იგივე, ხორონო იყო. იგი უძველესი დროიდან მომდინარეობს და საბრძოლო შინაარსის მეომართა ცეკვა იყო. მასში წამოწეული იყო არა თავდასხმითი, არამედ თავდაცვითი ბრძოლების და მტერთან შერკინების აღმნიშვნელი საცეკვაო პასაჟები.

არქეოლოგიური მასალების საფუძველზე ხორუმის უძველესი ტრადიციები დასტურდება. ხორუმის მსგავსი ცეკვის არსებობაზე არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ის მოცეკვავე ბრინჯაოს ფიგურები მიუთითებს, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნეს განეკუთვნება. ხორუმის უძველეს წარმოშობაზე მეტყველებს სხვა მასალებიც. ძვ. წ. V საუკუნის ძველი ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტი, რომელიც ქართველ ტომთა კულტურული ცხოვრებით იყო დაინტერესებული, წერდა, რომ მათ ჩვეულებად ჰქონდათ მტერზე გამარჯვების შემდეგ სიმღერისა და ცეკვის გამართვა. მისი სიტყვით, გამარჯვებულმა მოსინიკებმა მოკლულ მტრებს თავები მოაჭრეს და ბერძნების დასანახავად აღმართეს, თან თავისებურ ჰანგზე ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ამ ცნობის საფუძველზე მკვლევრები თვლიან, რომ ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს „გადახვეული ხორუმის” არსებობასთან.

ხორომს მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ, თუმცა აჭარაში ქალთა ხორუმიც არსებობდა. ხორუმის მთლიანი სურათი ოთხსაფეხურიანი იყო. პირველ ნაწილში მეომართა დასაბანაკებელი ადგილის ძებნა წარმოისახებოდა. ამ სცენაში ნაჩვენები იყო მოცეკვავე მხედართა შესაშური ელასტიურობა, სწრაფი მიხვრა-მოხვრა, საბრძოლო მზადების დაგეგმვა, მეორე ნაწილში კი განსახიერებული იყო მტრის დაზვერვა. ამ სურათში ჩანს ყურის ფიცარნაგზე დადებით მტრის მოძრაობის შეცნობის, მზვერავთა ერთმანეთთან მოთათბირების საცეკვაო სცენები. ცეკვის შემდეგ ეპიზოდში იერიში და ცხარე ბრძოლა იყო გადმოცემული. წრიული „საცეკვაოები” დინამიურ მოძრაობას შეიცავდა, ზოგჯერ თითქოს უკანაც მოიწევდნენ, რათა მტერი ვიწროებში შემოეტყუებინათ და მისთვის ხელახალი დარტყმა ეგემნებინათ. გამარჯვების აპოთეოზი კომპოზიციის ბოლო − დასკვნითი ნაწილი იყო, რომლის უმთავრეს კომპონენტს „გადახვეული ხორუმი” წარმოადგენდა.

გადახვეული ხორუმი ერთმანეთზე გადახვეული სპეციფიკურ მოძრაობათა ცეკვა იყო, რომელსაც განსხვავებული რიტმი, წყობა ახასიათებდა და დასარტყმელი ინსტრუმენტის თანხლებით სრულდებოდა. „გადახვეულში” ტერფთა ჩაკვრა-ამოკვრა, გვერდზე გაქნევა-ამოთამაშება მტრის მოჭრილი თავების გაგორებას, დაბეჟვას და ჩაქოლვას მიგვანიშნებდა. ამდენად, საშემსრულებლო ხერხებისა და ილეთების მიხედვით აჭარაში ხორომი სხვადასხვა ვარიანტით გვხვდებოდა, მაგალითად, როგორც ითქვა, „გადახვეული ხორომი”, „ჩამორებული ხორომი” და სხვა მისთანანი: „ბოლოს იმფერი ხორომი ჩავასკვით, რომ ქალიან-კაციანა ჩვენ შეგვცქეროდა”. ამასთან, აჭარაში არსებობდა „ხორუმის” სხვა სახეობაც, რომელიც „დელი ხორუმის” − გიჟური ხორუმის სახელწოდებით იყო ცნობილი.

დელი ხორუმი, ისე როგორც „ფერხული ბუქნით” იმერხევშიც იყო გავრცელებული. ფერხულის მოთამაშენი წრეს ქმნიდნენ, მაგრამ წრე მთლიანად არ იყო შეკრული. ხორომი, როგორც ჯგუფური საფერხულო ხალხური ცეკვა, აჭარის გარდა გურიაშიც იყო ცნობილი.


ლიტერატურა

  • ლაზიშვილი, 2009:497-501;
  • ნიჟარაძე, 1971:438;
  • კახიძე, 1978:3-15;
  • სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს... 2009:471.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები