ხუთი საუკუნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხუთი საუკუნე(ბერძნ.) მითოგრაფოსთა უმეტესობა აღიარებდა, რომ ადამიანები შექმნა პრომეთემ. თუმცა არსებობს ისეთი მითოსიც, რომელიც გვამცნობს, რომ ისინი დედამიწამ აღმოაცენა, ვითარცა თავის ნაყოფთაგან საუკეთესონი და რომ პირველ მოკვდავს ერქვა ალაკომენევსი. ის ყვავილივით ამოზრდილა ბეოტიაში მდებარე კოპასის ტბასთან უადრეს, ვიდრე მზე ან მთვარე გამოჩნდებოდა ცის კაბადონზე. ალაკომენევსი იმდენად გონიერი ყოფილა, რომ ზევსსაც მოძღვრავდა, როცა იგი ჰერას ედავებოდა. მასვე აღუზრდია ათენა, რომელმაც შემდეგ ბრძენი ქალღმერთის სახელი დაიმკვიდრა.

სარჩევი

ოქროს საუკუნე

იმ დროს, როდესაც ეს პირველი ადამიანები გაჩნდნენ, ოქროს საუკუნეს უწოდებენ. ისინი კრონოსს ეთაყვანებოდნენ და უდარდელად ცხოვრობდნენ. მათ გარშემო მდინარეები რძეებად მიედინებოდნენ, ხეთა რტოებიდან ტკბილი თაფლი მოიღვრებოდა, დედამიწა კი იმდენ ნაყოფს იძლეოდა, რომ სულაც არ იყო საჭირო შრომა საკვების მოსაპოვებლად. ადამიანთა ცხოვრება ღმერთების ცხოვრებას ჰგავდა. არ აწუხებდა მათ სალმობა, არც სიბერე ან სიკვდილი. როგორც სიზმარში, ისე ქრებოდნენ და კეთილ დემონებად გარდაისახებოდნენ.

ვერცხლის საუკუნე

შემდეგი საუკუნე ვერცხლისა იყო და რა თქმა უნდა, უარესი. ადამიანები უკვე პურით იკვებებოდნენ და დედათა მორჩილნი იყვნენ. ვითარდებოდნენ ძალიან ნელა. მათი ბავშვობა იყო ხანგრძლივი, მოწიფულობა ხანმოკლე და შფოთიანი. ჯერ არ ომობდნენ, მაგრამ ღმერთებს მსხვერპლს არ სწირავდნენ. ისინი ზევსმა გაანადგურა.

სპილენძის საუკუნე

დადგა სპილენძის საუკუნე, უფრო სასტიკი და ულმობელი. ადამიანები პურს და ხორცს ჭამდნენ. მათ სპილენძის იარაღის დამზადება ისწავლეს და ერთმანეთთან ომი გააჩაღეს. უმოწყალონი იყვნენ ისინი და ყველა ერთად შავმა სიკვდილმა იმსხვერპლა.

მეოთხე საუკუნე

ახალ, მეოთხე საუკუნეში ზევსმა უფრო სამართლიანი ადამიანებით დაასახლა დედამიწა. ისინი უფრო კეთილშობილნი იყვნენ, რადგანაც მოკვდავმა ქალებმა ღმერთებისაგან გააჩინეს. მათ გმირთა მოდგმას უწოდებდნენ. ამ დროს ცხოვრობდნენ ძლევამოსილი ჰერაკლე, შეუპოვარი თესევსი, თებესა და ტროას ომის სახელოვანი გმირები და არგონავტები.

რკინის საუკუნე

ბოლო, რკინის საუკუნე, რომლის დროსაც მეოთხე თაობის უღირსი შვილები ცხოვრობდნენ, შემზარავი იყო. ადამიანები გაბოროტდნენ. უსამართლობამ, სიცრუემ, სიავემ, სიბილწემ, შურმა და ყველა ცუდმა ზნემ დაისადგურა მათ სულში. ისინი ღმერთებს დაუპირისპირდნენ, რის გამოც გარდაუვალი იყო დაღუპვა. თუმცა, ხსნის იმედიც არსებობდა: ადამიანი თუ გახდებოდა სამართლიანი, კანონმორჩილი, თუ ექნებოდა ღვთაებრივი სასჯელის შიში, მას და მის მოდგმას გადაშენება არ ეწერა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები