ხულა სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხულა სახლი − საზაფხულო იალაღებზე აჭარლების სადგომი.

ხულა სახლში ქვემო სართული საქონლისთვის იყო განკუთვნილი, მეორეზე კი − ადამიანები ცხოვრობდნენ. იგი სამი განყოფილებისგან − იაზღულის, საცეცხლურისა და სარძიესგან შედგებოდა, სადაც რძის პროდუქტებს ამზადებდნენ და ინახავდნენ. ვარაუდობენ, რომ ხულა სახლი ვიტრუვის მიერ აღწერილი კოლხური სახლის ფორმებს იმეორებდა და ქართველთა უძველესი საცხოვრისის განვითარებულ ფორმად წარმოგვიდგებოდა.

ხულა საქართველოს ზოგიერთ მთიან კუთხეში მარცვლეულისა და სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტის შესანახ ნაგებობას, პატარა ბეღელს ეწოდებოდა, რომელსაც მაღალზღურბლიანი კარი ჰქონდა. იგი დაგმანული იყო, რათა ბეღლის შიგნით მღრღნელებს ვერ შეაღწია. ასევე, საქართველოში ცნობილი იყო ბეღელ-ოთხი (ბეღლის ოთახი), იგივე, ხულა − სამეურნეო პროდუქტების შესანახი სამეურნეო ნაგებობა, სათავსი. დიდი ბეღელი ახალდაქორწინებულთა საცხოვრებლის დანიშნულებითაც გამოიყენებოდა. ბეღლის, როგორც მარცვლეულისა და ფქვილის სათავსის გამოყენების ფაქტი დამოწმებულია ქართველი ხალხის ყოფაში. გენეტურად ბეღელი იმ რიგის ნაგებობებს უკავშირდებოდა, როგორიც დიდი კიდობანი, ამბარი, ხარო და სხვა მისთანანი იყო. მსგავსი სათავსები საქართველოს ფარგლებს გარეთაც გვხვდებოდა. მასალის დამუშავების მიხედვით, ბეღელი იყო: ძელური, ფიცრული და სიპისაგან აგებული, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ბეღელი იყო დაუყოფელი და დაყოფილიც. დანაყოფები იყო: თვალი, ხარო, ხვიმრა, საგვერდული, აკო, ორმო. დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხისაგან განსხვავებით, ქვემო იმერეთის ზეგანზე ოდითგანვე ყოფილა ოროთახიანი ბეღელი, რომლის ოთახებს შორის მკვეთრი ფუნქციური დიფერენციაცია არსებობდა. ერთი ოთახი კვადრატული ტიხრით თვლებად იყოფოდა, რომელშიც მარცვლეულს ინახავდნენ, ხოლო მეორე − სასტუმრო ოთახს წარმოადგენდა. ბეღელ-ოთახი, ბეღლის ოთახი ანდა ხულა სწორედ მას ერქვა. ბეღელ- ოთახი ფასადის მხარეს გაჭრილი კარით მოგრძო სწროკუთხა ფორმას ატარებდა. აქ პატარა სუფრა და სკამები იდგა. კედლის გასწვრივ გაკეთებული იყო გრძელი ტახტი. ტერმინი ბეღელი ქართულ ენაში მეტად ძველია. ლინგვისტური მონაცემებით იგი ქართულ-ზანური ენობრივი ერთიანობის ხანას მიეკუთვნება


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი, 1964;
  • ქართული მატერიალური კულტურის... 2011:64-65, 386.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები