ხუხაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ხუხაშვილი

ხუხაშვილი გიორგი − (1925 − 2004), ქართველი დრამატურგი, კრიტიკოსი, პოეტი. დაიბადა სოფელ ბანძაში (მარტვილი). 1947 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალების − „ნიანგისა” და „ცისკრის” − რედაქციებში, თბილისის სახელმწიფო გამომცემლობაში, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში”; 1945 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი; პირველი წიგნი – 1956 წელს. ავტორია რამდენიმე ლიტერატურულ−კრიტიკული წერილების კრებულისა; მის შემოქმედებაში თბილისის თემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა; 1959 წელს ჟურნალ „ცისკარში” დაიბეჭდა მისი პოემა თბილისზე „ლურჯი ფანჯრები” (წიგნად გამოვიდა 1980 წელს); თბილისის ცხოვრებაზეა დაწერილი მისი რამდენიმე პიესაც; მან თბილისს უძღვნა ლექსები: „ჩუღურეთი”, „ძველი თბილისის გახსენება”, „იმპრესიონისტების გამოფენა თბილისში”, ლირიკული ეტიუდები. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული „ბიბლიური მოტივები” (1992). სიცოცხლის ბოლო ათეულ წელში შექმნა სამი მოზრდილი სონეტების წიგნი: „ქებათა ქება იერუსალიმს”, „ავტოპორტრეტი” და „დღიურები”.


სონეტი
დღეები ჩუმად დაიფერფლენ, როგორც აბედი.
დრომ მიითვალა უთვალავი ნააპრილევი.
ვერ შეგისრულე ოცნებებში დანაპირები,
ერთიმეორეს შეუმჩნევლად შემოვაბერდით.
ისე წავიდა სიხარულის დღენი ულევი,
დაბადების დღეს თუ მომქონდა შენთვის იები.
ვიღას ახსოვდა ქორწინების დანაპირები,
ძვირფასეული, კაბები და სამკაულები.
უბრალოებით კმაყოფილნი ბევრჯერ გავერთეთ,
უბრალო ღვინით ვითვრებოდით განთიადამდი,
და მოსალოცად ცოცხალ ვარდებს დაგიხატავდი,
ასე მოგვადგა საუკუნე მეოცდაერთე.
ჩვენ ის დღეები ნახატებით დაგვამახსოვრდნენ,
და ის ვარდები არ ჭკნებოდნენ აღარასოდეს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები