ჯაბრანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯაბრან-ი (აფხ. Џьабран) – წვრილფეხა საქონლის მფარველი სული, ღვთაება აითარის ერთ-ერთი წილი, რომელიც თხების გამჩენად ითვლება. ჯაბრანის სახელზე მსხვერპლშეწირვით იწყება ე.წ. „აითარ-ნიჰვა“ — აითარისადმი მიძღვნილი ლოცვის საგაზაფხულო ციკლი. საამდღისოდ კერაზე აცხობდნენ დიდი ზომის ფეტვის პურს, რომელსაც „ჯაბრანის პური“ (აჯაბრან მგალი) ეწოდებოდა; ასევე ამზადებდნენ „წმინდა ყველს“ (აცქჲაშვს). პურისათვის თხევადი ცომი ჯერ კიდევ ხორციელის ბოლო დღეს მზადდებოდა; ყველიერის ხუთშაბათს ცომს ფქვილს დაამატებდნენ და ადუღებდნენ, შემდეგ ცომის შუა ნაწილში ყველის ნაჭერს ათავსებდნენ და ასე აცხობდნენ. ოჯახის დიასახლისი თხევადი ცომის ნარჩენებს ხან ზღვის, ხანაც მთის მხარეს ღვრიდა და თან თხებს უხმობდა:

„რეით, რეით!“ შქერის ტოტებით ცომს საცხოვრებლის კედლებსა და ჭერსაც წასცხებდა.

საღამოს, როცა თხები შინ დაბრუნდებოდნენ, ოჯახის უფროსი მამაკაცი დადგებოდა მაგიდასთან, რომელზედაც „ჯაბრანის პური“ და „აცქჲაშვი“ იდო და დაილოცებოდა:

„ო, ჯაბრან, დიდი აითარის დიდო წილო, ნუ მოგვაკლებ შენი თვალისა და გულის სითბოს, დაიფარე ჩვენი საქონელი ზიანისაგან, გაამრავლე ისინი!“

ლოცვის დამთავრების შემდეგ ხან ზღვის, ხანაც მთის მხარეს გაიხედავდა და თხებს მოუხმობდა:

„რეით, რეით!“

ბოლოს პურს დაჭრიდნენ და შეექცეოდნენ.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Ц.Н. Бжания. Из истории хозяйства и культуры абхазов. Сух., 1973;
  • Л.А. Джабран. – Мифы народов мира. т. I, М., 1980;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია. 1888. №182.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები