ჯავახეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯავახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი სამხრეთ საქართველოში. დღევანდელი ადმინისტაციული დაყოფით ჯავახეთი მოიცავს ნინოწმინდის, ახალქალაქის და ნაწილობრივ ასპინძის რაიონებს. ჯავახეთს ჩრდილო-დასავლეთიდან სამცხე ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ქვემო ქართლი, ჩრდილეთიდან - თორი და შიდა ქართლი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან − თრიალეთი. სამხრეთით დღეს ჯავახეთს უშუალოდ ესაზღვრება თურქეთი და სომხეთი. ამრიგად, ჯავახეთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო-გეოგრეფიული მხარე იყო. ნ. ბერძენიშვილი (1964, გვ. 53) აღნიშნავდა, რომ „გამტარგზების სიმრავლით და ცენტრალური მდებარეობით მხოლოდ თრიალეთი თუ შეედრება ჯავახეთს”.

სარჩევი

ისტორია

წყაროებში ჯავახეთი, „ზაბახას“ სახელწოდებით, პირველად ძვ.წ. 785 წ. იხსენიება ურარტუს მეფის - არგიშტ I-ის წარწერაში. უძველეს ხანაში ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო. საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების ხანაში (XI-XIII სს.) ჯავახეთში აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები. XIII ს-დან ჯავახეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედიოდა პალაკაციო და სამცხის ნაწილი (დ. ბერძენიშვილი, 1985). XVI ს. სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად, ჯავახეთი ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოში გადასახლდა (თოფჩიშვილი, 2000). ადგილზე დარჩენილები აიძულეს ისლამი მიეღოთ. მაჰმადიანმა ქართველებმაც მასობრივად მიატოვეს ჯავახეთი მას შემდეგ, რაც ეს მხარე რუსეთმა შეიერთა. ისინი თურქეთის შიდა პროვინციებში გადასახლდნენ. ქართველთა ნასოფლარებზე ცარიზმმა თურქეთიდან სომხური მოსახლეობა ჩამოასახლა 1829-1832 წლებში. აქვე დაასხლეს რუსეთის შიდა გუბერნიებიდან მიგრირებული სექტანტი დუხობორები. ჯავახეთში ადგილობრივი ქართული მოსახლეობა დღეს მხოლოდ რამდენიმე სოფელში ცხოვრობს და მთელი XX ს-ის მანძილზე მათ მიგრაციისადმი მიდრეკილება ახასიათებდათ.

საყურადღებოა, რომ ჯავახეთის სოფელ მურჯახეთში XVIIIს-შიც კი გადაუკეთებიათ ძველი ეკლესია. ამ ეკლესიის საკურთხეველზე XVIII ს-ის ასეთი მხედრული წარწერა ყოფილა: „ქ. ღმერთმან შეიწყალე საბა ჭანტურიძე მღვდელი...“ (ბერძენიშვილი, 1964, გვ. 58).

მეურნეობა

ჯავახეთი ძირითადად მთიანი „ქვეყანაა“ და მეურნეობაც მთისათვის დამახასიათებელი იყო. ვახუშტის სიტყვით, ჯავახეთი უვენახო და უტყეო მხარეს წარმოადგენდა. მაგრამ ისტორიულად ასე არ ყოფილა, რაზედაც მოუთითებს სამსარის გამოქვაბულის X ს-ის ერთ-ერთი წარწერა. ეკლესიის მშენებლობის დაწყებისას ეს ადგილი ტყით ყოფილა დაფარული (დ. ბერძენიშვილი, 2000, გვ. 6), „გურჯისტანის ველაიეთის დავთრით“ კი ფარვანის ტყის ჩრდილოეთ ნაწილის ტერიტორია „ტყე-ჯავახეთის რაიონადაა“ სახელდებული (იქვე). მეურნეობის წამყვანი დარგები მესაქონლეობა და მემინდვრეობა იყო. სახნავ-სათესი ფართობების დიდი რაოდენობა, ჯავახეთში მემინდვრეობის ფართოდ განვითარების საშუალებას იძლეოდა. ჯავახეთს საქართველოს ბეღელსაც უწოდებდნენ, რასაც ერთი ქართული ხალხური ლექსიც ადასტურებს:
„მე ჯავახეთს რა მიშავდა, მთვარე იყო მზესავითა.
კალმახი და ქერის პური წინ მეყარა ბზესავითა“.

ჯავახებს სხვა საქონელთან ერთად დიდი რაოდენობით ჰყავდათ ცხვარი. ტექნიკური კულტურებიდან მოყავდათ სელი, რომლისაგანაც ზეთს ხდიდნენ. ზეთსახდელი გელაზები გვიანობამდე შემორჩა საქართველოს ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ პროვინციას. ზეთსახდელების (ბაზირხანების) სიმრავლის შესახებ მიუთითებდა ნ. ბერძენიშვილი (1964, გვ. 97-98): „ადგილობრივმა სომეხმა... ეკლესიის მახლობლად ერთი ფრიად განიერი და ღრმა ორმო გვიჩვენა და დაურთო: „აი, აქ ძველად ქართველებს ბაზირხანა ჰქონიათ. საწნეხი დიდრონი ქვები მეც მახსოვს ეყარა... დიდი ბაზირხანა ყოფილა. ძველად კი როგორც ასეთი ხარაბებიდან ჩანს, თითქმის ყოველ სოფელში ჰქონიათ ბაზირხანა. ეტყობა სელი ბევრი უთესიათ და ზეთიც ბლომად უხდიათ”.

ჯავახეთში მრავლადაა ტბები. ტბები კი მდიდარი იყო თევზით, რაც აქ მეთევზეობის განვითარების შესაძლებლობას ქმნიდა. XVI ს-ში ჯავახეთის ყველა ტბა თევზის გადასახადით იყო დაბეგრილი (ტბების დიდი რაოდენობით არსებობამ ჯავახეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ განვითარებაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. როგორც აღნიშნავენ „გეომორფოლოგიური თავისებურებების გამო, ზემო ჯავახეთის ცალკეული მდინარეები არ ქმნიდნენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს — „ხევებს“. აქ დიდი და მცირე ტბები ქმნიან პატარა მდინარეთა შემკრებ აუზებს, მთა-გორებით გამოყოფილი სხვა ასეთივე ან მშრალი ქვაბურებისაგან. სწორედ ამ ტბების ირგვლივ არსებული სოფლები შეადგენენ აქაურ მიკროქვეყნებს“ — (დ. ბერძენიშვილი, 2000, გვ. 9). ჯავახეთი რომ მეურნეობრივი თვალსაზრისით მრავალფეროვანი მხარე იყო, ამას ადასტურებს 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, რომლის მიხედვით ადგილობრივ მცხოვრებლებს შეწერილი ჰქონდათ გადასახადი ქერზე, ხორბალზე, ჭვავზე, სელის თესლზე, ოსპზე, მუხუდოზე, კაკალზე, იონჯასა და თივაზე, იალაღზე, ცხვარზე, ღორზე, ფუტკარზე. მხოლოდ ჯავახეთის რვა სოფელშია აღნიშნული ვენახის არსებობა. ნ. ბერძენიშვილიც (გვ. 104) წერდა: „მსხვილი და წვრილფეხა საქონელი (მუშა-საქონელი, ხორცი, მატყლი, ტყავი, რძის ნაწარმი), სელი (ზეთი), თაფლი (- თაფლი, სანთელი), შინაური ფრინველი და თევზი, ქერი იყო ჯავახეთის მოსახლეობის დოვლათი, რაის გარდანამეტსაც ის სააღებმიცემო საქმედ აქცევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებთან“.

ჯავახეთი ძირითადად უტყეო მხარე იყო და მისი მკვიდრნი წივას სწვავდნენ. XX ს-ში ჯავახეთის სოფლის მეურნეობაში კარტოფილის მოყვანა დაწინაურდა.


კულტურა

სამცხის მსგავსად, დარანები ჯავახეთშიც უკეთებიათ. ასეთი დარანი ნ. ბერძენიშვილს (1964, გვ. 59) სოფ. მურჯახეთში უნახავს. მას ის უწოდებს „მღვიმე ფრიად მაგარი და განიერი“. დარანი ორი ნაწილისაგან შედგებოდა და ერთმანეთთან ვიწრო ხვრელებით ყოფილა დაკავშირებული.

ჯავახეთში ქართული საეკლესიო არქიტექტურის არაერთი შესანიშნავი ძეგლია, რომელთაგანაც შეიძლება დავასახელოთ კუმურდოსი და წყაროსთავის ტაძრები. პირველი მათგანი X ს-ის ძეგლია. მისი ამშენებელი ყოფილა ქართველი ხუროთმოძღვარი საკოცარი. კუმურდო თავიდანვე ჯავახეთის საეკლესიო ცენტრი ყოფილა. წყაროებში კუმურდოს მღვდელმთავარი პირველად VI ს-ში იხსენიება. რაც შეეხება წყაროსთავს, ის ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, კარწახის ტბის მახლობლად. ჯუანშერის ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ გორგასალის ძემ - მირდატმა. წყაროსთავი, რომელიც ახლა დანგრეულია, თავდაპირველად ბაზილიკას წარმოადგენდა, რომელიც X ს-ში გუმბათოვან ტაძრად გადაკეთდა.

ჯავახეთში ძველ ქართულ სასაფლაოებზე დიდი რაოდენობით იყო შემორჩენილი ცხვარ-ვერძებისა და ცხენის ქანდაკებები. ქვისაგან გამოქანდაკებული ეს ზოომორფული ქანდაკებები საფლავის ძეგლებს წარმოადგენდა და „ხასიათდებიან ქართული ტრადიციული ხელოვნებისა და ხელოსნობის ნიშნებით, მათში გამოკვეთილად ჩანს, ქრისტიანული აზროვნების ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი... და მათში ძალზე რელიეფურადაა გამოკვეთილი ქართული სინამდვილისათვის დამახასიათებელი ელემენტები“ (ნადირაძე, 2001, გვ. 290).

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები