ჯავახეთურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯავახეთურა – აჭარაში გავრცელებული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში

ჯავახეთურა – აჭარაში გავრცელებულ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც საადრეო და ამავე დროს მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიში. იგი ასწლოვან მაღლარებადაა გავრცელებული სოფ. ჩაოსა და ფურთიოს მიდამოებში (ხულოს რ-ნი).

წერილობითი მასალები აჭარაში ჯავახეთურას გავრცელების შესახებ არ მოიპოვება. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იგი თითქოს ჯავახეთიდან უნდა იყოს შემოტანილი. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯავახეთში მევენახეობა, არც ისტორიულად ყოფილა და არც ამჟამად არის განვითარებული. ეს მხარე საქართველოს მაღალმთიან ზონაშია და სითბოს ჯამის სიმცირე (ნაგვიანევი გაზაფხული, ნაადრევი ზამთარი) არ იძლევა მევენახეობის განვითარების შესაძლებლობას. დასაშვებია, რომ იგი მესხეთიდან იყოს გადატანილი ჯავახეთში, ხოლო იქედან ვინმე დაინტერესებული პირის მიერ ზემო აჭარაში გავრცელებული. ამ მოსაზრებას ადასტურებს მესხეთში გავრცელებული ცხენისძუძუს და აჭარული ჯავახეთურას ნაწილობრივი მსგავსება ამპელოგრაფიული ნიშნებით – ფოთლების მორფოლოგიური აგებულებით, ყვავილის ტიპით, მტევნის მოყვანილობით, მარცვლის ფერით, ფორმითა და სიდიდით. გარდა ამისა სამეურნეო ღირებულებით ორივე ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნება.

როგორც გადმოცემით დასტურდება სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე ჯავახეთურა ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარად ზემო აჭარის რაიონებში. მეტი მოსავლის მიღებისა და ნაყოფის უკეთ მომწიფების მიზნით 3-4 წელში ერთხელ აწარმოებდნენ ცოცხალი საყრდენი ტოტების გამოხშირვა-დამოკლებას და ვაზიდან მხოლოდ ხმელი ნაწილების გამოცლას.

ამგვარი პრიმიტიული მოვლის მიუხედავად ვაზები მეტად მძლავრ განვითარებას აღწევდნენ და კარგი ამინდის პირობებში უხვსა და მაღალხარისხოვან მოსავალს ღებულობდნენ. მის პროდუქციას ძირითადად იყენებდნენ სუფრის ყურძნად, ხოლო ზოგჯერ ადგილობრივი მოხმარების საოჯახო ღვინოს (შუახევი-ფურთიოს ზონა) ამზადებდნენ. ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად ჯავახეთურას მაღლარები თითქმის გადაშენდა. ამჟამად მისი ერთეული ძირები მაღლარის სახით შემორჩენილია შუა და ზემო აჭარის მთისპირა სოფლებში, რომელთა ზრდა და მოსავალი მხოლოდ ამინდის პირობებზეა დამოკიდებული. ნამყენების სახით – დაბლარად ჯავახეთურა წარმოდგენილია სოფ. ქედისა (ქედის რ-ნი) და სოფ. დიღმის (თბილისის გარეუბანი) კოლექციებში, აგრეთვე ხეივნად სოფ. ზემო ფარცხმაში საკარმიდამო ნაკვეთებზე. ვაზების ზრდა და მოსავლიანობა დასახელებულ მიკრორაიონებში სავსებით დამაკმაყოფილებელია.

სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

ჯავახეთურა აღწერილია სოფ. ჩაოში (ხულოს რ-ნი), ვაზები მეტად ხნიერია (100 წლამდე), საკუთარ ძირზეა და გაშვებულია მაღლარად. შესადარებლად იგივე ჯიში აღწერილია ქედის საკოლექციო ნაკვეთზე (ქედის რ-ნი) და სოფ. ზემო ფარცხმაში (ჩოხატაურის რ-ნი)

ახალგაზრდა ყლორტი

კვირტების გაშლის პერიოდში ღია მწვანე-მოყვითალოა და კიდეები შესამჩნევად აქვს შეფერილი ღია წითლად. ზრდის კონუსი ღია მოწითალოა და სქლადაა დაფარული მონაცრისფრო ბუსუსით. მომდევნო, ახლადგაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო-მონაცრისფროა, ღია წითელი ელფერით და ორივე მხრიდან მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსითაა დაფარული, ხოლო ქვედა მხრიდან მოწითალო ფერი გასდევს. პირველი ფოთლის მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი როგორც ზემოდან, ისე ქვემოდან საკმაოდ შებუსვილია, შებუსვა მომდევნო ფოთლებზე თანდათან მცირდება. ბუსუსი ბეწვისებრია, მონაცრისფრო-მოწითალო ელფერით.

ახალგაზრდა ყლორტი (12-15 სმ) მრგვალია და ღია მწვანე ფერისაა, ცალ მხარეზე მოწითალო ელფერი დაჰკრავს და მცირედაა შებუსვილი მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო მატულობს ყლორტის წვერისაკენ.

შემოსული რქა

საშუალო სიმსხოსი არის და ღია ყავისფერია. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთაშორისის სიგრძე 7-12 სმ აღწევს.

ფოთოლი

ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო ზომისაა და მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. საერთოდ იგი მცირედ დანაკვთულია, თუმცა გვხვდება საკმაოდ დანაკვთული ფოთლებიც. მისი საშუალო სიგრძე 17,7 სმ, ხოლო სიგანე 17,5 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ვიწრო თაღისებრია და თითქმის პარალელურგვერდებიანი ან ელიფსური მოყვანილობისაა და მისი ნაპირები ურთიერთზე მცირედ არის გადადებული; გვხვდება აგრეთვე მახვილფუძიანი ჩანგისებრი ამონაკვეთი, რომლის ნაკვთები სამი ძარღვისაგან შედგება.

ზედა ამონაკვეთი მცირედაა ჩაჭრილი ან საკმაოდ შეჭრილი კუთხე აქვს. გვხვდება განიერ-ელიფსური მოყვანილობის დახურული ამონაკვეთიც. ქვედა ამონაკვეთი მცირედაა ჩაჭრილი.

ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია, მომრგვალებული ან წამახვილებული წვერით. გვხვდება ხერხკბილა სამკუთხედისებრი მოყვანილობის კბილებიც. მეორეული კბილები ასევე სამკუთხედისებრია და მომრგვალებული, წამახვილებულწვერიანი ან მომრგვალო ხერხის კბილისებრია.

ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა შებუსვილი; ზედა მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული. ფოთლის ზედაპირი ბრტყელია, მაგრამ გვხვდება ძაბრმაგვარ-ღარისებრ მოხრილი ფოთლებიც.

მთავარი ძარღვები მცირედაა შებუსვილი და ღია მწვანეა.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8-0,9 უდრის; იგი შიშველია და ღია მწვანე, ხოლო ფუძესთან იისფერი ხდება.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია და უმეტეს შემთხვევაში ნორმალურად განვითარებული მტვრიანები და ბუტკო აქვს. გვხვდება ისეთი ყვავილებიც, რომლებსაც დეფექტური მტვრიანები აქვს. ყვავილში 5 მტვრიანაა, იშვიათად გვხვდება 4 და 6 მტვრიანაც. ყვავილედში ყვავილების რიცხვი 350-400-მდე აღწევს.

მტევანი

დიდი მტევნის ყუნწის სიგრძე 4-5 სმ, მტევნის სიგრძე 15-20 სმ, სიგანე 8-11 სმ უდრის. მტევანში 80-180 მარცვალია. საშუალო მტევნის ყუნწის სიგრძე 4-5 სმ. მტევნის სიგრძე 13-15 სმ, ხოლო სიგანე 6,5-7 სმ აღწევს. მტევანში 60-80 მარცვალია.

მტევანი ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმისაა. ახასიათებს განტოტვა, რაც მტევნის სიგრძის ერთ მესამედს აღწევს. აგებულებით მეჩხერია, ზოგჯერ საშუალო სიმკვრივის. მტევნის ყუნწი და კლერტი ბალახისებრია და ღია მწვანე ფერისაა.

მარცვალი

მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 6-8 მმ უდრის. იგი მწვანეა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული, იშვიათად გლუვი და განიერ კონუსისებრია, გვხვდება ვიწრო კონუსისებრი ბალიშებიც. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საშუალოდ არის მიმაგრებული.

მსხვილი მარცვლის სიგრძე საშუალოდ 17-18,5 მმ, სიმსხო 14-14,6 მმ უდრის. საშუალო მარცვლის სიგრძე 14,5-17 მმ, სიმსხო 12-13,2 მმ აღწევს. მარცვალი საშუალო სიმსხოსია, ფორმით ოვალური ან მოგრძო, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია; მოყვითალო-ქარვისფერი, თხელკანიანი, მეტად ტკბილი და საკმაოდ წვნიანია. მარცვლის კანი ფიფქით (ცვილი) ოდნავ დაფარულია.

წიპწა

მარცვალში 1-3 წიპწაა, უფრო ხშირად 2 წიპწაა. წიპწის სიგრძე აღწევს 6,5-7 მმ, სიმსხო 3-4 მმ. იგი ყავისფერია. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის თითქმის შუა ნაწილში, ფორმით ოვალურია. ნისკარტის სიგრძე 2,0 მმ უდრის.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა

ხულოს რაიონის სოფ. ჩაოს ზონაში ჯავახეთურას სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა ვაზის გაღვიძებიდან ფოთლების დაცვენის ჩათვლით 225 დღემდე აღწევს; ქედის კოლექციაში (ქედის რ-ნი) 230 დღეს, ხოლო სოფ. ზემო ფარცხმაში (ჩოხატაურის რ-ნი) მრავალწლიურ დაკვირვებათა საშუალო მონაცემების მიხედვით 235 დღით განისაზღვრება.

ქვემოთ მოტანილ 1-ლ ცხრილში მოყვანილია ზემო დასახელებულ ადგილებში ჯავახეთურაზე ჩატარებული ფენოლოგიურ დაკვირვებათა მონაცემები.

1-ლ ცხრილში მოტანილი მასალა ცხადყოფს ჯავახეთურას ბიოფაზების სხვადასხვა დროს დაწყებას სოფ. ჩაოს, ქედისა და ზემო ფარცხმის ზონებში, ეს ბუნებრივიცაა, რადგან დასახელებული სოფლები თავიანთი კლიმატური პირობების თავისებურებით ურთიერთისაგან საკმაოდ განსხვავდება.

ვაზის ზრდა და რქის მომწიფება

ვეგეტატიური ნაწილების ზრდა-განვითარებით ჯავახეთურა მიეკუთვნება ძლიერი ზრდის ვაზის ჯიშთა ჯგუფს, ხოლო სათანადო ხელშემწყობ პირობებში და აგროტექნიკის მაღალ ფონზე იგი მეტად ძლიერ ზრდა-განვითარებას აღწევს, ვეგეტაციის დასასრულისათვის ცალკეული რქის სიგრძე ხშირად 2-2,5 მ უდრის. ყურძნის მასობრივი მწიფობის დროისათვის ვაზის რქები სრულ მომწიფებას ასწრებს და ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს ღებულობს.

მოსავლიანობა

მოსავლის პირველ ნიშანს ჯავახეთურა იძლევა დარგვიდან უფრო ხშირად მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავლს მეოთხე წლიდან.

მაღლარად გაფორმებულ ჯავახეთურას მოსავალი მეტად ცვალებადია. ხელსაყრელი ამინდის პირობებში იგი საშუალოზე მეტ მოსავალს იძლევა. ერთი ძირი მაღლარის მოსავალი ხშირად 30-40 კგ აღწევს. რქაზე ხშირად ორი არათანაბარი მტევანი ვითარდება. ვაზის ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა. ქვემოთ მოყვანილია ჯავახეთურას მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებლები (იხ. ცხრ. 2).

დაბლარად ფორმირებული ჯავახეთურას მოსავლიანობა რეგულარულია, მაგრამ მცირე დატვირთვისას (10-12 კვირტი) მოსავლიანობა 2,5 კგ არ აღემატება. იგი უფრო მეტ მოსავალს იძლევა ხეივანზე დიდი დატვირთვის პირობებში, ამის დამადასტურებელია სოფ. ზემო ფარცხმაში გაშენებული ჯავახეთურას ხეივანი, სადაც თითოეული ძირის საშუალო მოსავალი 8-10 კგ აღემატება. ჯიშის მომეტებული ყვავილცვენის გამო მისი მტევნები შედარებით თხელია. მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 5-8% უდრის. წვრილი მარცვლები ხშირად წიპწას არ ივითარებს.

სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ჯავახეთურა სუსტ გამძლეობას იჩენს. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება იგი ჭრაქით, რის შედეგადაც ვაზს ფოთლები ნაადრევად ცვივა და რქები სრულ მომწიფებას ვერ ასწრებს. ჯიში მეტად დიდ მგრძნობიარობას იჩენს აგრეთვე ფილოქსერისადმი და სწორედ ამით აიხსნება აჭარის რაიონებში ჯავახეთურას მასობრივი განადგურება. ამჟამად ჯავახეთურას მხოლოდ ერთეული ძირებია გადარჩენილი ქედის რაიონის მთისპირა სოფლებში.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი და სპეციფიკური თავისებურებანი

დადასტურებულია, რომ ჯავახეთურა სოფ. ჩაოს ზონაში მაღალხარისხოვან პროდუქციას არ იძლევა. ეს იმ გარემოებით აიხსნება, რომ აღნიშნული სოფელი ჩრდილოეთისაკენ არის დაქანებული და მზით ნაკლებადაა განათებული. სამხრეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ნაკვეთებზე (სოფ. ალმე, ფურთიო) ჯიში გაცილებით მაღალი ღირსების ყურძენს იძლევა. ამიტომ მისთვის საუკეთესო ადგილსამყოფელოდ უნდა ჩაითვალოს შემაღლებული, სამხრეთით მიქცეული და მზით უხვად განათებული ნაკვეთები. დაბლობ ადგილებში მოჭარბებული ტენისა და სითბოს პირობებში სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება ჯავახეთურაზე გაძლიერებულია, ამიტომ აუცილებელია ვაზისათვის ამაღლებული შტამბის მიცემა და დამატებითი წამლობა ბორდოს ხსნარითა და გოგირდით.

ზამთრის ყინვების მოქმედება აჭარის რაიონებში საერთოდ მცირეა (-5º, -8º), რაც ჯიშის ვეგეტატიური ნაწილების განვითარებაზე სრულიად არ ახდენს უარყოფით გავლენას. ვაზი ნორმალურად იღვიძებს და ვეგეტატიური ნაწილების საერთო ზრდა-განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს.

ჯავახეთურა როგორც ძლიერმოზარდი ჯიში შედარებით დიდ დატვირთვას საჭიროებს. ამ მიზნით ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული მრავალსაკავებლიანი ფორმა – ძირზე 36-40 კვირტამდე დატოვებით, გარდა ამისა უმჯობესია მისი გაფორმება ხეივნისებრი და ოლიხნარისებრი წესით 4-5 საფორმო რგოლით და 1 5-2 მ-მდე შტამბის მიცემით.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით ჯავახეთურა სუფრის ყურძნის ჯიშია. ამ მხრივ იგი სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშისადმი წაყენებულ მოთხოვნას (მტევნებისა და მარცვლების გარეგნული სილამაზე, ყურძნის ტრანსპორტაბელობა და მაღალი გემური თვისებები).

ყურძნის მექანიკურ-ქიმიური შედგენილობა

მექანიკურ-ქიმიური ანალიზების ჩასატარებლად ჯავახეთურას ნიმუშები აღებული იყო სოფ. ჩაოს (ხულოს რ-ნი), ქედასა და ზემო ფარცხმაში. ქვემოთ მე-3 ცხრილში მოყვანილია მტევნის მექანიკურ-ქიმიური ანალიზის შედეგები.

მაღლარი ვაზები შედარებით თხელ მტევნებს ისხამს, რომელთა საშუალო წონა 160 გ-მდე აღწევს. შედარებით უფრო ტიპიური მტევნები ვითარდება დაბლარ ვაზებზე, რომელთა საშუალო წონა 189 გ უდრის. საკმაო სხვაობაა მარცვლების წონაშიაც. მაღლარი ვაზიდან მიღებული ყურძნის მარცვლის საშუალო წონა 1,6 გ აღწევს, ხოლო დაბლარისა 1,8-2 გ აღემატება, რაც დაბლარი ვაზების მოვლისა და მათი ზომიერად დატვირთვის შედეგია. 100 მარცვალში 195-მდე წიპწაა, წონით 6,1 გ.

საბოლოო შეფასება და დარაიონება

სუფრის ყურძნის წარმოების ფართოდ დანერგვასთან დაკავშირებით ჯავახეთურას აღდგენას და მის მასობრივ გამრავლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ძლიერ ზრდასთან ერთად ახასიათებს საკმაოდ უხვი მოსავალი და, რაც მთავარია, პროდუქციის მაღალი ღირსება (ლამაზი აღნაგობის მტევნები და მარცვლები და კარგი გემური თვისებები); ამასთანავე იგი საყურადღებოა როგორც შედარებით საადრეო ჯიში, რასაც უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხარისათვის, როგორც მაღალმთიანი ზონისათვის.

მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით ჯხავახეთურას გაშენება უნდა წარმოებდეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ფერდობებზე. გასხვლის წესებიდან გამოყენებული უნდა იქნეს მრავალსაკავებლიანი ფორმა ვაზის 30-40 კვირტამდე დატვირთვით. რეკომენდებულ უნდა იქნეს აგრეთვე მისი გაფორმება ხეივნისებრი ან ოლიხნარისებრი წესით 1-1,5 მ სიმაღლის შტამბით. შუა და ზემო აჭარაში მევენახეობის შემდგომ განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს ჯავახეთურას ფართოდ გავრცელება.

აჭარის კურორტების ხარისხოვანი სუფრის ყურძნით მომარაგების მიზნით ჯავახეთურა ფართოდ უნდა გავრცელდეს აგრეთვე ქობულეთისა და ბათუმის მთისპირა სოფლებში, მხოლოდ ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე.

ლიტერატურა

1. რამიშვილი მ. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1948.
2. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, „ამპელოგრაფია“. თბილისი, 1938.
3. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი II, თბილისი, 1934.
4. Бахтадзе И. Экономический быт государсвенных крестьян Шорапанского уезда Кутаисской губернии, Мат. для изуч. эконом. быта крестьян Закавк. края. 1888.
5. Леонов А. Виноград в исторические времена. Жур. «Русский винодел» СПБ, №10-11, 1887.
6. Моссальский В. Очерк Батумской области (Изв. Императ. русск. геогр. общества), 1886.
7. Накашидзе Е. Очерк виноградарства и виноделия в Гурии и Мингрелии. Сбор. свед. по виноградарство и виноделию на Кавказе. вып. IV, Тифлис. 1886.
8. Негруль А.М. Эволюция культурных форм винограда. Доклады АН СССР, том XVIII, №8, 1938.
9. Тимофеев С. Очерк виноградарства в Батумском и Артвинском округах. Сбор. свед. по виноградарство и виноделию на Кавказе, вып. IV, 1886.
10. Шарашидзе Г. Грузинский словарь гурийских, верхне-имеретинскихи лечхумских провинциальных слов, Тифлис, 1938.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები