ჯავრიშვილი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე ჯავრიშვილი

ჯავრიშვილი კონსტანტინე ტარიელის ძე - (16. IX.1886, თბილისი - ?) - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1905 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1905 წელს შევიდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში და მის სამხედრო ორგანიზაციაში. 1906 წელს დააპატიმრეს და, თბილისის სამოსამართლო პალატის გადაწყვეტილებით, გადაასახლეს ციმბირში, თუმცა, ეტაპით მგზავრობის დროს გამოიქცა და არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. მუშაობდა და რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა კასპიის ზღვის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურთა შორის, რომლებმაც პროფკავშირის და მისი ბეჭდვითი ორგანოს რედაქტორად აირჩიეს.

1908 წელს საფრანგეთში გაიხიზნა და პარიზის უნივერსიტეტში ისტორიასა და სოციოლოგიაში ლექციებს ისმენდა. 1911 წელს ბაქოში განაგრძობდა პარტიულ მუშაობას, თანამშრომლობდა ადგილობრივ პრესასთან. 1912-1914 წლებში კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, სადაც კრასნოიარსკის და ენისეის ციხეებში იხდიდა სასჯელს. ხელმეორე გადასახლების დროს მუშაობდა ენისეის გუბერნიის მინუსინის მაზრასა და მინუსინსკში, კოოპერატიულ სფეროში.

1917 წლის თებერვლის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, ერთხანს იყო ესერთა პარტიის წარმომადგენელი ენისეის გუბერნიის „თავდაცვის კომიტეტში“, შემდეგ პეტროგრადში მუშაობდა მთავარ საადგილმამულო კომიტეტში. ამავე დროს იყო გლეხთა დეპუტატების საბჭოსთან არსებული „ბეჭდვითი კაბინეტის“ წევრი-რედაქტორი, რომელსაც თავმჯდომარეობდა რუს ესერთა ცნობილი ლიდერი-ქალი ბრეშკო-ბრეშკოვსკაია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იყო ესერთა პარტიული ორგანოს „Дело народа“-ს რედაქტორი. 1917 წლის ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე კ. ჯავრიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად დასახელდა და მის შემადგენლობაში შედიოდა ამ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ამოწურვამდე, როგორც წარმომადგენელი ესერთა პარტიისა, რომელიც თავდაპირველად არ იყო ოფიციალურად გამოყოფილი რუსეთის ესერთა პარტიისაგან და დამოუკიდებელ ქართულ პარტიად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაფორმდა.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ, 1836, აღწ. 1, საქ. 107;
  • რ. გრძელიძე, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია (1910-1924). თბ., 1998.

იხილე აგრეთვე

ჯავრიშვილი კონსტანტინე ტარიელის ძე

წყრო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები