ჯაყელი სარგის (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარგის (I) ჯაყელი - საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე ყუარყუარე ჯაყელის შვილიშვილი. სამცხის სპასალარი, მეჭურჭლეთუხუცესი 1270-1282 წწ-ში, სამცხის პირველი ათაბაგი 1282-1284 წწ-ში. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა XIII ს-ის 60-80-იანი წწ-ის საქართველოში. მეჭურჭლეთუხუცესადაა მოხსენიებული იგი ჟამთააღმწერელთან, ნიკოლოზ კათალიკოსის დაწერილში არვანბეგ საბაისძისადმი, საფარის ფრესკულ წარწერასა და ჯვრის მონასტრის აღაპებში. საქართველოს ათაბაგობა მან მიიღო სიცოცხლის ბოლო 1282-1284 წწ-ში.

სარგისს (I) გამოირჩეოდა დავით ულუსადმი თავდადებული ერთგულებით, რის გამოც მეფისაგან მიიღო სამცხეში ერთი თემი და ტბეთის საყდარი, შემდგომ - კარნუ ქალაქი მიმდგომი „ქვეყნებითურთ“ სარგისი ეხმარებოდა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით ულუს რჩევებითა და სამხედრო ძალით. მეფე დავით VII ულუმ სარგის I საქართველოში შემოჭრილი მონღოლების (20 ათ. კაცი, არღუნი) წინააღმდეგ მებრძოლი ქართული ჯარის (8 ათ. კაცი) სარდლად დანიშნა. 1260 წელს მეწინავე რაზმების ბრძოლა ქართველთა სასარგებლოდ დამთავრდა, მაგრამ მთავარი ძალების შეტაკებაში (შინდარას ბრძოლა) გაიმარჯვა არღუნმა. მას ყაენის ერთგული ქართველი ფეოდალები ეხმარებოდნენ.

1261 წელს არღუნი სამცხეში შეიჭრა, მაგრამ ვერ მოახერხა აჯანყებულთა მთავარი საყრდენი პუნქტის – ციხისჯვრის აღება.

1264 წ. ილხანთა კარზე მონღოლებთან შესარიგებლად ჩასული დავით ულუ მან იხსნა მოსალოდნელი სასჯელისაგან. როცა დავით ულუ იძულებული გახდა ჰულაგუ ყაენის წინაშე თავი ემართლებინა, მეფის ნაცვლად სამსჯავროზე „კეთილმეტყველი“ სარგის ჯაყელი წარდგა და მეფის „დანაშაული“ საკუთარ თავზე აიღო. სარგისმა მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთის ურდოს წინააღმდეგ ილხანთა ომში და თავისი სამხედრო ხელოვნებით ჰულაგუ ყაენის გული მოინადირა. ამ ბრძოლაში დამსახურებისათვის დაუმტკიცა მას ყაენმა კარნუ ქალაქი და მისი „მიმდგამი ქვეყანა“. სარგისის მიმართ ყაენის გამოჩენილმა სიუხვემ დავით ულუ დააეჭვა ყმის ერთგულებაში და, თბილისში მოწვეული, ერთხანს დააპატიმრა კიდეც. სარგისმა თავის გადასარჩენად მონღოლთა ყაენს უშუალო ქვეშევრდომობაში აყვანა სთხოვა.

1266 წ. სარგისმა მონღოლთა „ხასობა“ მიიღო, რის შედეგადაც სამცხე „ხას-ინჯუდ“, მონღოლთა უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სამთავროდ გამოცხადდა. მოგვიანებით საქართველოს სამეფო კარმა ამ აქტს სარგისათვის ათაბაგობის მინიჭება დაუპირისპირა. განდგომილი სამთავროს მმართველისათვის ცენტრალური სამოხელეო თანამდებობის უფლებამოსილების გადაცემით სამეფო კარი შეეცადა კავშირი არ გაეწყვიტა სამცხესთან (ბ. ლომინაძე). ათაბაგი ხდება სარგის ჯაყელი სადუნ მანკაბერდელის გარდაცვალების შემდეგ, 1282-1284 წწ-ში. სიცოცხლის ბოლოს ათაბაგი სარგის (I) ბერად აღიკვეცა საბას სახელით. იგი გარდიცვალა 1285 წ. ამდენად, მისი ათბაგობა 1284 წ-მდე ივარაუდება. მკვლევართა ნაწილის მოსაზრებით, დიმიტრი II-ის მიერ დანიშნული სომხითის ათაბაგის მსგავსად, სარგის (I) მხოლოდ სამცხის ათბაგი (მთავარი) იყო.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები