ჯაჭვის პერანგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯაჭვის პერანგი
ჯაჭვის პერანგი


ჯაჭვის პერანგი - მეომრის თავდასაცავი აღკაზმულობა. ჯაჭვის პერანგში რგოლის - „ჭიკუს“ თავების შეკვრის წესით გამოიყოფა სამი მთავარი ჯგუფი: „ფარეშიანი“ (ანუ თავები შეკრულია რკინის მანჭვალით), „უფარეშო“, ანუ უბრალოდ მიახლოებულია ერთმანეთთან და „დადუღებული“.

სამივე ტიპის ჯაჭვის ყოველი შემადგენელი რგოლი - „ჭიკუ“ - ჩასმულია ოთხი მხრივ მსგავს რგოლში, ზევით და ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ. გარდა ჯაჭვის კიდურა რგოლებისა, რომლის ყოველი რგოლი ერთმანეთთან ჩამაგრებულია ორი მეზობლად მდგომი რგოლით. ჯაჭვის კალთების შუაში, ოდნავ აჭრილი ადგილების განაპირა რგოლები ორმაგია - წყვილ-წყვილადაა ერთმანეთში ასხმული. ჯაჭვის საყელო დუგმებით იკვრება. ჯაჭვი

საქართველოში ძველთაგანვე იყო ცნობილი: კლდეეთში აღმოჩენილია ბრინჯაოს ჯაჭვის ნაშთი, რომლის ყოველი რგოლი ფარეშანი თვლებითაა შეკრული, რაც მეტად მნიშვნელოვანია. II-III სს-ში ჯაჭვის დამზადების ტექნიკას საქართველოში უმაღლესი საფეხურისთვის მიუღწევია, რადგან ის უკვე ფარეშანია.

ჯაჭვები არა მარტო რგოლების შეკავშირებით, არამედ თარგითაც განირჩევა. უფარეშო ჯაჭვის პერანგები წინ გულგახსნილია, ხოლო ფარეშანი და დადუღებული ტიპი კი ჯაჭვის თავგასაყრელ სახეობას წარმოადგენს. თავგასაყრელი პერანგის სახეობა უფრო დაწინაურებულია, რადგან ბრძოლის დროს მებრძოლის მკერდი მკვიდრადაა დაცული. საინტერესოა, რომ ხევსურები დადუღებულ ჯაჭვს მიიჩნევდნენ კარგ ჯაჭვად, რომელიც იქ ძველად ხუთ ძროხად ფასობდა. გარდა ამ ტიპოლოგიურად დალაგებული ჯაჭვის სახელწოდებებისა, საქართველოში არსებობდა აგრეთვე ჯაჭვის სხვადასხვა სახელებიც, რომელნიც მომდინარეობდა სახელთა ცნების და ქვეყნების მიხედვით, სადაც მას აკეთებდნენ, მაგ.,ლ სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვანი, ქირაფქა, ჯაბალა.

მასალის მიხედვით ჯაჭვის პერანგები უმეტესწილად ფოლადისაგან მზადდებოდა. ფოლადის სხეპლისაგან კრავდნენ ჯაჭვის თვალს. ჭიკუს ფორმა ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო: წვეტიანი, უწვეტო, ბრტყელი და სხვ. ერთი ჯაჭვის მოსაქსოვად საჭირო იყო დაახლოებით 15-20 ათასი რგოლი, ჯაჭვთა რგოლების რაოდენობა დამოკიდებული იყო ასასხმელი ჯაჭვის მოცულობაზე.

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით დადასტურებულია, რომ ოქრომჭედლის საქმიანობაში (სვანეთი, რაჭა, ხევსურეთი) ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, ხოლო ხევსურეთში ქალებიც ქსოვდნენ ჯაჭვის პერანგებს, თავისი მამების, ძმებისა და სწორფერებისათვის. ჯაჭვის პერანგს საბრძოლო ფუნქციის გარდა ესთეტიკური დანიშნულებაც ჰქონდა. განსაკუთრებით მეფე-მთავრებისა და მთავარსარდალთა აღკაზმულობაში.

ცეცხლსასროლი იარაღის დამკვიდრებასთან ერთად მთელს მსოფლიოში ჯავშნისა და ჯაჭვის პერანგის წარმოება თანდათან დავიწყებას მიეცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს მთამ, კერძოდ ხევსურეთმა, სხვა კუთხეებთან შედარებით ყველაზე უკეთ შემოგვინახა, ჯაჭვის დამზადების ტექნოლოგია.

ლიტერატურა

კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი, სსმმ, ტ. XVII-B 1956. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ. III-IV 1964. მ.ქ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები