ჯიხაშ კარიშ გონჯამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯიხაშ კარიშ გონჯამა (მეგრ. „ციხის კარის გაღება“) – სამშობიარო ციკლის მეგრული წეს-ჩვეულება. მძიმე მშობიარობის დროს ბებია-ქალი (დედმანია) ფეხებს მიწაზე წაუსვამდა და იტყოდა: „ციხის კარი გამიღია“. მშობიარის ოთახში მყოფებს ქამრები უნდა შეეხსნათ და ეთქვათ: „ღმერთო, ასე გაანთავისუფლე“. გარდა ამისა, დააყენებდნენ მუხლებზე, ხელში დააკავებდნენ ცარიელ ბოთლს, რომელშიც მაგრად უნდა ჩაებერა და მუცლისთვის ძალა დაეტანებინა; ევედრებოდნენ მელოგინის „ჯინჯი ხატს“ (ძირი ხატს), მარიამ ღვთისმშობელს, რომელსაც შეუთქვამდნენ ე. წ. „ოდაბადეს” (სამშობიაროს); მკერდზე ქმრის ქალამნებს დაადებდნენ, გველნაკლავ ცულს მუცელზე სამჯერ შემოუტარებდნენ. იკრძალებოდა მშობიარესთან ფეხმძიმე ქალის შეშვება, რადგან ამ უკანასკნელის მუცლადმყოფ შვილს შეიძლებოდა, მშობიარის ბავშვისთვის ეთქვა: „მე მომიცადე“; ამით კი მოლოგინება გაჭირდებოდა. უნდა ითქვას, რომ მშობიარობის შესამსუბუქებლად მეგრელები სხვადასხვა ირაციონალურ საშუალებებს მიმართავდნენ: ფეხმძიმეს მუცელზე თევზის წებოს ჩამოკიდებდნენ; ავი თვალის საწინააღმდეგოდ თავქვეშ მაკრატელს ან ხანჯალს ამოუდებდნენ; ამავე მიზნით, საწოლთან სათევზაო ბადეს გაუბამდნენ; არ აჭმევდნენ თხილსა და ნიგოზს – ბავშვი ტყირპლიანი იქნებაო, არც თაფლს – დორბლიანი იქნებაო.


ლიტერატურა

ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 271-272


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები