ჯუღელი მედეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მედეა (მზია) ჯუღელი - (დ.1926 წლის 1 აგვისტოს ქუთაისი.- გ. 2016 წლის 8 იანვარი), სპორტული ტანმოვარჯიშე. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1952, ჰელსინკი). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (1951 - ბჯენით ხტომებსა და გუნდურ ჩათვლაში; 1954 - ჯგუფურ ვარჯიშსა და გუნდურ პირველობაში), სსრკ რვაგზის ჩემპიონი ბჯენით ხტომებსა (1946, 47, 51-55) და რგოლებზე ვარჯიშში (1953), მეორე პრიზიორი მრავალჭიდში (1952), საქართველოს ნაკრების მწვრთნელი (1962-65), სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელი (1965-70), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. თბილისის საპატიო მოქალაქე. ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

Jugeli medea.PNG

ბიოგრაფია

მედეა ჯუღელმა ოთხწლედი გურჯაანში დაასრულა. ახალი სასწავლო წლიდან სახლთან ახლოს, რკინიგზის მე-6 სკოლაში განაგრძო სწავლა. იმავე უბანში, „პიშჩევიკის“ ცნობილ სპორტულ დარბაზში მიიყვანეს სამეცადინოდ არჩილ ბაქრაძესთან – გამოჩენილ შევარდნელ ტანმოვარჯიშესთან.

ახლოვდებოდა 1939 წლის მოსწავლეთა საკავშირო პირველობა მოსკოვში. სპეციალისტებმა გულდასმით შეარჩიეს ჩვენი ნაკრების წევრები. მზიას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა და მწვრთნელებისგან შეგულიანებულმა, ამჯერადაც გაამართლა ნდობა – რგოლებსა და ორძელზე ვარჯიშში საუკეთესო იყო, საერთო ჩათვლაში კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ამის შემდეგ მწვრთნელებმა მზიასთვის ინდივიდუალური მზადების გეგმა შეიმუშავეს. მომდევნო გამოცდა ლენინგრადში მოსწავლეთა საკავშირო პირველობაზე ელოდა, თანაც – ასაკით უფროსებთან.

მოხდა სენსაცია: ორძელზე და ბჯენით ხტომებში მზია პირველ ადგილზე გავიდა, საერთო ჩათვლაში კი – მეორეზე.

მზიას სპორტული დაოსტატება პროგრესული გზით მიდიოდა. როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო სპორტულ სარბიელზე წარმატებას წარმატება ენაცვლებოდა. ყველაზე საპასუხისმგებლო გამოცდის დრო 1945 წლიდან დადგა, ათვლა კი „დინამოს“ ცენტრალური საბჭოს პირველობიდან დაიწყო. ეს შეჯიბრება მოსკოვში, ღია არენაზე ჩატარდა, რაც უჩვეულო და უცხო იყო ქართველი გოგონასთვის. მზიამ მაინც არავის დაუთმო უძლიერესის სახელი მრავალჭიდში, თანაც თვალსაჩინო უპირატესობით. ეს წარმატება სახელგანთქმული ოსტატების – გალინა ურბანოვიჩისა და ტატიანა კამენსკაიას გვერდით უმაღლეს თანრიგში გამოსვლის უფლებას აძლევდა. ელიტაში უეცარმა შეჭრამ უფრო გაუღრმავა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. მთავარი ახლა რჩეულთა შორის თავის გამოჩენა იყო. მწვრთნელი საგულდაგულოდ ამზადებდა. არც მორიგ სენსაციას დაუყოვნებია. 1946 წელს მოსკოვში ქართველი ტანმოვარჯიშე კვლავ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა და ოსტატობის პროგრამით მასთან ერთად მოასპარეზე ურბანოვიჩსა და კომენსკაიას უკვე ზემოდან დაჰყურებდა. თუმცა ესეც არ იყო მთავარი. ბჯენით ხტომებში ჩათვლაში ოთხიდან ორი საუკეთესო შედეგი შედიოდა, მზიამ ოთხივე ცდაზე უმაღლესი შეფასება, 10-10 ქულა დაიმსახურა.

მზია ჯუღელის „საფირმო“ ყირა

1947 წელს ქართველ ტანმოვარჯიშეებს ხვდათ პატივი საჩვენებელი გამოსვლებისთვის გამგზავრებულიყვნენ პარიზში. გუნდში შედიოდნენ მზია ჯუღელი, კოკა თაყაიშვილი, რაისა კოგანი-ზაალიშვილი და ალექსანდრე ჯორჯაძე. პარიზში ავიაციის მუშაკები გაიფიცნენ და ჩვენი სპორტსმენები მოსკოვიდან უკან გამოაბრუნეს. შეკრებაზე ბაკურიანში გაისტუმრეს, პარიზში გასამგზავრებლად ხელახლა გამოძახების მოლოდინში.

მზიამ ბაკურიანში გაიცნო მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი – არკადი არხანგელსკი. ის კარგი მოთხილამურე იყო: „სასრიალოდ ერთად დავდიოდით. განგებ ვეცემოდი, რომ წამოვეყენებინე. ოთხი დღის შემდეგ დეპეშა მოვიდა, ბალტიისპირეთში გვაგზავნიდნენ საფრანგეთის ნაცვლად“.

მზია და არკადი იმავე წელს შეუღლდნენ. 1948 წელს შვილი – ირინა შეეძინათ.

…1948 წლის ივნისში, ოთხი თვის შვილის დედამ, ვარჯიში განაახლა. უკვე ნოემბერში ბაქოში გამართულ ამიერკავკასიის პირველობაზე მრავალჭიდში გაიმარჯვა. შემდეგ იყო მორიგი წარმატებები ქვეყნისა და „დინამოს“ საკავშირო პირველობებში. ცალკე შევჩერდებით მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელსაც 1951 წელს ბერლინმა უმასპინძლა, მზიამ აქაც ყველას აჯობა ბჯენით ხტომებში და რგოლებზე, მრავალჭიდში მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო.


მედეა (მზია) ჯუღელი პირველი ქართველი ქალია, ვინც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. მან საბჭოთა ტანმოვარჯიშეთა ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად რთული გზა გამოიარა და ეს არც არის გასაკვირი. 1952 წლის ჰელსინკის თამაშები სსრ კავშირის დელეგაციისთვის სადებიუტო ოლიმპიადა იყო და ნაკრების თითოეულ კანდიდატს საგანგებოდ არჩევდნენ. წინასაოლიმპიადო შეჯიბრებები, გამოცდილების მიღებასთან ერთად, ნაკრების კანდიდატებზე დაკვირვებასაც ითვალისწინებდა. ამ თვალსაზრისით ერთ­ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხარკოვში გამართული შეკრება­შეჯიბრება. მზია მრავალჭიდში მესამე პრიზიორი გახდა. საბოლოოდ, სწორედ ხარკოვში გაირკვა, რომ მზია ჯუღელი ქვეყნის მთავარი გუნდის ძირითად კანდიდატთა შორის იყო.


საბჭოთა ნაკრები ოლიმპიადის უპირველესი ფავორიტი იყო, ნაკრებში კი ყველაზე გამბედავ, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ ტანმოვარჯიშედ სწორედ მზია ჯუღელი ითვლებოდა. ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ტაისა დემიდენკომ ყველასათვის გასაგონად გამოაცხადა: „მზია შენ იწყებ!“ ტურნირი დაიწყო ბჯენითი ხტომებით. მზიამ 9,7 ქულა დაიმსახურა. ეს შეფასება იქცა ორიენტირად, როგორც მეტოქეებისთვის, ისე მსაჯებისთვის. საბოლოოდ, საბჭოთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში გამოდიოდნენ მარია გოროხოვსკაია, გალინა ურბანოვიჩი, გალინა შამრაი, გალინა მინაიჩევა, მზია ჯუღელი, ეკატერინა კალინჩუკი, ნინა ბოჩაროვა და პალინა დანილოვა ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა გუნდურ პირველობაში. იმავე საღამოს ოლიმპიურ სოფელში გამოცხადდა, რომ გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა.

მეორე დღეს გაიმართა ჯგუფური შეჯიბრება საგნით. საბჭოთა ტანმოვარჯიშეები შვედების შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ. მზია ჯუღელმა და მისმა თანაგუნდელებმა ამჯერად ვერცხლის მედლები მიიღეს. ტანმოვარჯიშე ქალთა გამოსვლით საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელობა იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ ნაკრების წევრები ოლიმპიადის ბოლომდე დატოვეს ჰელსინკში.

საბჭოთა ტანმოვარჯიშეებმა იქვე, ჰელსინკიში მიიღეს შეთავაზება სხვადასხვა ქვეყნიდან საჩვენებელი გამოსვლების თაობაზე. შინ დაბრუნებულებს გამოუცხადეს, რომ პირველი ტურნე გაიმართებოდა პოლონეთში. ის იყო იწურებოდა სტუმრობის ვადა, რომ პოლონეთში საბჭოთა ელჩმა დელეგაციას კიდევ ათი დღით სთხოვა გამოსვლების გაგრძელება. ასეთი თხოვნა მაშინ ბრძანების ტოლფასი იყო.

მომქანცველი გამოსვლების შემდეგ შინ დაბრუნება ყველას ეჩქარებოდა. მით უმეტეს, მზიას, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება მალე ენახა თავისი პირმშო.

შემდეგ იყო ავსტრია. ეს უკვე 1952 წლის დეკემბერია. საქართველოდან მზია ჯუღელთან ერთად რჩეულთა შემადგენლობაში სერგო ჯაიანიც ჩართეს. საჩვენებელი გასტროლებით მოიარეს აგრეთვე ალბანეთი, ჩინეთი, რუმინეთი, უნგრეთი. მიწვევებს ბოლო არ უჩანდა. იმართებოდა ამხანაგური შეხვედრებიც. პრესა ყველგან ხოტბას ასხამდა საბჭოთა ტანმოვარჯიშეებს. რატომღაც მხოლოდ ქალთა გამოსვლების ამსახველი კადრები ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. მეტწილად სწორედ მზია ჯუღელი იყო ყურადღების ცენტრში.

საბჭოთა ტანმოვარჯიშეების ავტორიტეტი იმდენად ამაღლდა, უცხოელმა სპეციალისტებმა და საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა საკავშირო ჩემპიონატებზე დაიწყეს სტუმრობა. 1953 წელს ჩემპიონატი ჩატარდა ლენინგრადში. უცხოელ სტუმართა შორის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტიც იყვნენ. ქალები და ვაჟები დღემონაცვლეობით გამოდიოდნენ სარბიელზე. ქალთა ასპარეზობა გაიხსნა ბჯენითი ხტომებით. მზიამ 9,9 ქულა დაიმსახურა 10 შესაძლებლიდან. ოვაციები არ ცხრებოდა დარბაზში. ქალთა შეჯიბრების მომდევნო დღეს ქართველ ტანმოვარჯიშეთა ლიდერმა 10 ქულა დაიმსახურა და სსრკ კავშირის ჩემპიონი გახდა 19,5 ქულით. ნაირსიმაღლის ორძელზე მზია მესამე პრიზიორი გახდა, სხვა იარაღებზე კი ექვსეულში შევიდა.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ საკავშირო ღია ჩემპიონატს სოხუმმა უმასპინძლა. უცხოეთიდან ერთი-ორი ტანმოვარჯიშის გარდა, არავინ ჩამოსულა. მზიამ შესანიშნავად დაიწყო – სრული 10 ქულა ბჯენით ხტომებში. სამწუხაროდ, იქვე ფეხი იღრძო და შეჯიბრება ვეღარ გააგრძელა. თუმცა მაინც დარჩა სათადარიგოდ ნაკრებში, პარალელურად მკურნალობდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიაში, საბჭოთა გუნდმა საცდელი გამოსვლა მზიას მიანდო და მისმა ოსტატობამ აღტაცებაში მოიყვანა მაყურებელი.

1953 წელს აგვისტოში მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალი ჩატარდა ბუქარესტში. მზია საბჭოთა ქალ ტანმოვარჯიშეთა გუნდის ლიდერი და კაპიტანი იყო. ტრავმა სრულად მოშუშებული არ ჰქონდა, რომ საცურაო აუზზე, კოშკურიდან გადმოხტომისას, დაბალ ტრამპლინს ჩამოჰკრა ფეხი და კოჭი დაიზიანა. მაინც გავიდა სარბიელზე, სულიერი სიმტკიცის მაგალითი მისცა თავისიანებს. საბჭოთა გუნდმა ჯგუფური ვარჯიში და გუნდური პირველობა მოიგო. მზია ვერცხლს დასჯერდა ბჯენით ხტომებში, სხვა პროგრამაში ექვსეულს არ გასცილებია, რითაც დიდი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში.

განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია 1954 წელს საბჭოთა ქალთა და ვაჟთა ნაკრების ვიზიტმა უნგრეთში. ასპარეზობას ცვლიდა შეხვედრები სასწავლო, შრომით თუ შემოქმედებით კოლექტივებში. ყველგან აღფრთოვანებით ხვდებოდნენ ტანვარჯიშის ოსტატებს. უნგრელებიც ჩამოდიოდნენ მოსკოვში. 1956 წელს, ოლიმპიური თამაშების წინა წელიწადს, საბჭოთა ტანმოვარჯიშეები კვლავ მიიწვიეს უნგრეთში. ამხანაგური მატჩი მხოლოდ ოლიმპიური პროგრამით გაიმართა. ეს გასაგებიც იყო. სწორედ აქ მოხდა ერთი საინტერესო ამბავი. ბჯენით ხტომებში რომ ქართველს ბადალი არ ეყოლებოდა, უეჭველი იყო. და აი, მზია სტარტზეა, გამორბენისას ისეთი სიჩქარე აკრიფა, ასასხლეტ ამორტიზატორს გვერდით ჩაუქროლა. ყველა გაოგნდა. მთავარი მსაჯი არბიტრებს უხმობს. ხანმოკლე თათბირის შემდეგ ცხადდება: „მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევებში სპორტსმენი შეუფასებელი რჩება, მზია ჯუღელს მიენიჭა 3,6 ქულა… „ულამაზესი გარბენისთვის!“

1956 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევიდა მელბურნის ოლიმპიადისთვის მზადება. სწორედ ამ წლიდან სათავე დაედო სსრკ ხალხთა სპარტაკიადას. ამ კომპლექსურ ღონისძიებას თავისი წვლილი უნდა შეეტანა (უფრო სამომავლოდ) პერსპექტიულ სპორტსმენთა გამოვლენა-შერჩევასა და საბჭოთა სპორტსმენების ოლიმპიადებისთვის უკეთ მომზადების პროცესში და შეიტანა კიდეც.

დიდი იყო ალბათობა, რომ მზია ჯუღელის სპორტული ბიოგრაფია მელბურნის ოლიმპიადაზე ახალი საამაყო ფურცლით შეივსებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ეს სულაც არ ნიშნავდა სპორტული კარიერის დასასრულს. მზიას სახელს და ავტორიტეტს სპორტის ამ სახეობის პოპულარობისთვის შეეძლო დიდი სამსახური გაეწია, მისი სპორტული გმირობა მაგალითი უნდა გამხდარიყო თაობებისთვის. ასეც მოხდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართულ სპორტში გაწეულ დიდ ღვაწლზე, ქალბატონი მზია მუდამ იყო და რჩება მსოფლიოს სატანვარჯიშო სამყაროს ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად.

საბჭოთა სპორტი ოლიმპიურ სარბიელზე 1952 წელს წარმატებული დებიუტის შემდეგ, მთავარ მეტოქეებთან, ძირითადად კი, აშშ-ის წარმომადგენლებთან უკვე თანაბარ ბრძოლას კი არა, ოქროს მედლებით გადასწრებას გეგმავდა. ამ ამოცანამ ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციებს ახალი სტიმული მისცა. სპორტი დაუფარავად ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში, თუმცა, თითქოს შორს იდგა პროფესიონალიზმისაგან და მოჩვენებით ინარჩუნებდა სამოყვარულო სტატუსს. აი, ასეთ ვითარებაში დადგა დღის წესრიგში ისეთი ასპარეზობის ჩატარება ქვეყნის შიგნით, რომელიც ხელს შეუწყობდა ტალანტების გამოვლენას და, საერთოდ, სპორტის აღმავლობას ოსტატობის ზრდასთან ერთად. ოლიმპიადების მსგავსად, სპარტაკიადების ჩატარება ოთხწლიური ციკლით დაიგეგმა. რაკი სხვაგვარად აღარ ესწრებოდა, 1956 წელს სსრ კავშირის ხალხთა ზაფხულის პირველი სპარტაკიადა ოლიმპიადის წელს დაემთხვა და მას მოსკოვმა უმასპინძლა. შემდგომში კი ეს კომპლექსური სპორტული ღონისძიება იმართებოდა ოლიმპიური თამაშების წინა წელს.

მზია შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იყო, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ 1956 წლის ოლიმპიადაც მის სპორტულ ბიოგრაფიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ მოხდა ის, რისგანაც დაზღვეული არავინაა – ავად გახდა, საკავშირო სპარტაკიადის წინ მოიწამლა. შეჯიბრებაში მაინც ჩაება ღონემიხდილი. მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა თავის „სადედოფლო” პროგრამაში – ბჯენით ხტომებში. მზიამ ოლიმპიადაზე გამგზავრების შანსიც სწორედ იმ დღეს დაკარგა. არადა, სპარტაკიადას უნდა დაესახელებინა საბჭოთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა. რაღა თქმა უნდა, არავინ დაუშვებდა და, უსამართლობაც იქნებოდა, თუ ნაკრებში ჩართავდნენ სპარტაკიადაზე საპრიზო ადგილის მიღმა დარჩენილ ტანმოვარჯიშეს. ასე მოულოდნელად გადაესვა ხაზი მეორე ოლიმპიადაში მონაწილეობის ოცნებას.

მელბურნის ოლიმპიადამდე და, განსაკუთრებით ოლიმპიადის შემდეგ, საბჭოთა ტანმოვარჯიშეთა ნაკრებმა არაერთი ტურნე მოაწყო უცხოეთში. ზოგჯერ ნაკრები ორად იყოფოდა და სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდა ერთდროულად. სპორტსმენთა სურვილს, ცხადია, ანგარიშს არავინ უწევდა, მათ არავინ არაფერს ეკითხებოდა. მწვრთნელებმა და მათ უკან მდგომმა ფუნქციონერებმა უკეთ იცოდნენ, ვინ სად გაეშვათ. იმ ეპოქაში ნებაყოფლობით მხოლოდ მეგობრებს ირჩევდნენ ცხოვრებაში. სპორტში სხვა დაუწერელი კანონები მოქმედებდა. არათუ მეგობრებს, სპორტსმენ მეუღლეებსაც კი სხვადასხვა მიმართულებით გაუშვებდნენ ხოლმე. „ასე იყო საჭირო“. შუაზე გაყოფილი საბჭოთა ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ერთი ჯგუფი შვეიცარიაში გაემგზავრა, მეორე – ჰოლანდიაში. მზია ჰოლანდიაში მოხვდა. შემდგომშიც გრძელდებოდა საბჭოთა ტანმოვარჯიშეთა გამოსვლები სხვადასხვა ქვეყანაში. გუნდის მშვენება კი მუდამ იყო მზია ჯუღელი. ყოველ მოგზაურობას ახლდა დაუვიწყარი დღეები და ეპიზოდები. 1957 წლის მარტში, საბჭოთა ტანვარჯიშის ვარსკვლავები ინდოეთს სტუმრობდნენ – ისინი, ვინც მელბურნში ასპარეზობდნენ ოლიმპიურ ტურნირში და ისინიც, ვინც მაშინ ნაკრების მიღმა დარჩნენ.

დამაგვირგვინებელი გამოსვლა დელიში გაიმართა. საბჭოთა სპორტული დელეგაცია ქვეყნის იმჟამინდელმა მეთაურმა ჯავაჰარლალ ნერუმ მიიღო. ამ შეხვედრას ნერუს ქალიშვილი, ინდირა განდიც ესწრებოდა. დაუვიწყარი იყო აგრეთვე მანამდე შეხვედრა ბომბეიში იმდროინდელ ლეგენდარულ კინომსახიობთან რაჯ კაპურთან.

საბჭოთა ტანმოვარჯიშეებმა იმავე წელს პოლონეთში იმოგზაურეს, ლოძსა და პოზნანში გამართეს საჩვენებელი გამოსვლები. მზია გრძნობდა, რომ ახლოვდებოდა მისი დიდი სპორტიდან წასვლის დრო. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ შინ მუდამ მოუთმენლად ელოდა შვილი და ყოველი განშორება მისთვისაც და ბავშვისთვისაც ძნელი ასატანი იყო, ადვილად ვერ ელეოდა საქმეს, რომელსაც ამდენი წელი შესწირა. რამდენჯერაც ჩაიფიქრებდა და იტყოდა „მორჩა“, მერე იმდენჯერვე იხევდა უკან, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა. თუ რა ძნელია სპორტიდან ერთბაშად წასვლა, ყველაზე უკეთ დიდმა სპორტსმენებმა იციან.

ერთ დღეს, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი სიხარულიძემ, პრეზიდიუმის სხდომის დამთავრების შემდეგ მზია ჯუღელს, რომელიც პრეზიდიუმის წევრი იყო, რამდენიმე წუთით კაბინეტში დარჩენა სთხოვა.

– ამდენს მოგზაურობ, სხვებს გადასცემ შენს გამოცდილებას, იქნებ თბილისში რომელიმე სკოლას გაუწიო შეფობა, აიყვანე ტანმოვარჯიშეთა ჯგუფი, – ასეთი იყო ძირითადად საუბრის თემა.

ეს წინადადება მზიამ მიიღო, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა, შეგუების პროცესი დაიწყო მხოლოდ. სწორედ შეგუების რეჟიმში იმოგზაურა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ვიდრე სპორტულ სარბიელს, როგორც ტანმოვარჯიშე, საბოლოოდ ჩამოშორდებოდა. სპორტსაზოგადოება „დინამოსთან“ მთელი თავისი სპორტული ბიოგრაფიით იყო დაკავშირებული და არ შეეძლო ანგარიში არ გაეწია ამ სპორტსაზოგადოების ხელმძღვანელებისთვის. ესენი კი ისევ და ისევ მოითხოვდნენ მისგან დაეცვა „დინამოს“ სპორტული ღირსება სხვადასხვა შეჯიბრებებში.

1960 წლის დინამოელთა საკავშირო პირველობაზე საქართველოს როგორც ქალთა, ისე ვაჟთა გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. ქალთა ასპარეზობა თავისუფალი ვარჯიშით მთავრდებოდა, საქართველოს დინამოელთა გამარჯვება კი დამოკიდებული იყო მზია ჯუღელის გამოსვლის შედეგებზე. სარბიელზე ის გადიოდა ყველაზე ბოლოს.

მზია ჯუღელი: „საკუთარი ძალების რწმენა ჯერ კიდევ არ მქონდა დაკარგული. გამოსვლას ვასრულებდი მალაყით. ის იყო ჩავამთავრე ვარჯიში და სულ ბოლო ფაზაში, დახტომისას, ფეხი მეღრძო. შევეცადე არ შემემჩნია, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა. ჩვენები მიხვდნენ, რაც შემემთხვა. დელეგაციის ხელმძღვანელმა თენგიზ სისორდიამ ხელში ამიტაცა და ისე გამიყვანა არენიდან. პირდაპირ სამედიცინო პუნქტში გამაქანა. ასე დამთავრდა ის ასპარეზობა ჩემთვის. მაშინდელი ტრავმა დღემდე მახსენებს თავს“.

მოგვიანებით, მზია საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. გაუმართლა მასაც და ყველას, ვინც ნდობა გამოუცხადა. მეტიც, თავის რესპუბლიკაში წარმატებული სსრ კავშირის ქალთა ნაკრებშიც მიიწვიეს მწვრთნელად.

არჩევანი გაკეთებული იყო. მზია ჯუღელი სამუდამოდ დარჩა სპორტში, ურომლისოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმოედგინა. 1963 წლიდან იგი კვლავ გადის „საერთაშორისო ორბიტაზე“ – მსაჯობა დაიწყო. მის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს საერთაშორისო ფედერაცია კმაყოფილებით მიესალმა.


იხილე აგრეთვე

მზია ჯუღელი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები