ჰაიდერი ფრიც

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაიდერი ფრიც

ჰაიდერი ფრიც - Heider Fritz, Хайдер Фриц, 1896-1988

ავსტრიელ-ამერიკელი ფსიქოლოგი, აშშ-ში სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი, სოციალურ-ფსიქოლოგიური კოგნიტივიზმის წარმომადგენელი, სტრუქტურული ბალანსის თეორიის ავტორი. დაიბადა ვენაში. განიცადა გეშტალტფსიქოლოგიის ძლიერი გავლენა. სადოქტორო დისერტაცია სმენადაქვეითებულთა ფსიქოლოგიის საკითხებზე დაიცვა გრაცის უნივერსიტეტში. 1930 წელს მიიღო წინადადება, გაეგრძელებინა კვლევა აშშ-ში, სმითის კოლეჯთან არსებულ ლაბორატორიაში, რომელსაც ფრანც კოფკა ხელმძღვანელობდა. 1948 წლიდან სიკვდილამდე მუშაობდა კანზასის უნივერსიტეტში.

ჰაიდერმა შემოიტანა „საყოფაცხოვრებო ფსიქოლოგიის“ (ანუ „საღი აზრის ფსიქოლოგიის”, „გულუბრყვილო ფსიქოლოგიის”) ცნება, რომელიც მდიდარ მასალას გვაძლევს სოციალური ქცევის საიდუმლოების გასახსნელად. „ქუჩიდან” მოსული ადამიანები გარეშემყოფთა ქცევას მიაწერენ ან შინაგან მიზეზებს (მაგ., პიროვნულ მიდრეკილებებს) ან გარეგან მიზეზებს (მაგ., სიტუაციას, რომელშიც ადამიანი აღმოჩნდა). ქცევის მიზეზები მიეწერება ან გარემოცვას ან მოქმედ პირს. როცა ეს მიზეზები გარემოცვაშია ნაგულისმევი, მაშინ ადამიანი არ მიიჩნევა პასუხისმეგებლად თავისი ქცევის დადებით ან უარყოფით შედეგებზე და პირიქით. ამდენად, ჰაიდერი ატრიბუციის ფსიქოლოგიის სათავეებთან დგას. თავისი „სტრუქტურული ბალანსის თეორიის” აგებისას, ატრიბუციის შეხედულებასთან ერთად, ჰაიდერი იყენებს წონასწორობის ან თავსებადობის იდეას. ადამიანების აზრებს შორის უნდა არსებობდეს თავსებადობა. კოგნიციური სისტემა გაწონასწორებული უნდა იყოს. წონასწორობის დარღვევა, ანუ დისბალანსი, წარმოქმნის კოგნიციურ სისტემაში (ველში) დაძაბულობას და ბალანსის აღდგენისკენ მიმართულ ძალებს (ეს დებულება მჭიდროდ უკავშირდება კოგნიციური დისონანსის თეორიას). „გულუბრყვილო ფსიქოლოგიიდან” წამოსული ეს აზრები ჰაიდერმა ემპირიულად შეამოწმა კვლევებით, რომლებშიც შეისწავლებოდა სამი ელემენტის ურთიეთმიმართების შედეგად აღმოცენებული კოგნიციური ველი. ეს ელემენტები ტრიადას შეადგენს: „ადამიანი (სუბიექტი)”, „სხვა (სხვა სუბიექტი” და „ობიექტი” (რომელიც შეიძლება მესამე სუბიექტიც იყოს). შემუშავებული სქემები (ჰაიდერის სამკუთხედები) ლოგიკურად გამართულია და მოცემული ტრიადის ფარგლებში მარტივი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. ამაზე დაყრდნობით შესრულებულია მრავალი გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევა, განსაკუთრებით ამომრჩეველთა ატიტუდების შეცვლაზე პროპაგანდის გავლენის ჩვენების მიმართულებით. ჰაიდერის სტრუქტურული ბალანსის თეორია თავსებადობის თეორიების ჯგუფს მიკუთვნება და მასზე სრულად ვრცელდება ყოველივე დადებითი და უარყოფითი, რაც ამგვარი კონცეფციებისთვისაა დამახასიათებელი.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები