ჰაკუსთაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაკუსთაში (ადიღ. ХьэкIусташэ/ХьакIуштащэ/ХьэкIушъташъхьэ/ХьэкIуцутхьапщI/ХьэкIушъутхьапщ) – „ნათუხაელთა და შაფსუღთა გენია (კეთილი სული – ნ. ა.), აგრეთვე მხვნელი ხარების მფარველი... სწირავდნენ ამ ცხოველთაგან ერთ-ერთს, რომელსაც, კურთხევის შემდეგ, სამუშაოდ არ იყენებდნენ და რომელიც, ასეთ შემთხვევაში, „ჰაკუსთაშის ხარის“ სახელით იწოდებოდა. ყობლეს გვარი მას თავის მფარველად თვლიდა“ (ლ. ლჲულჲე). ხალხის რწმენით, იგი იყო მთაში მგზავრთა, მხედართა გამცილებელი, სამეურნეო საქმეებში (ხვნაში, მორზიდვაში და სხვ.) მშრომელთა შემწე, გათვალვისაგან ხარების დამცავი. ჰაკუსთაშის ძალის გამოხატულებად ითვლებოდა ცხოველთა (ხარის, ძროხის, ცხვრის, ცხენის) თავის ქალები, რომლებიც ავი თვალის საწინააღმდეგოდ ბოსტანში, საქონლის სადგომ ბაზებში და მორსათრევ უბნებში სარებზე ჰქონდათ წამოცმული (მ. აზამათოვა).

ლ. ლჲულჲესგან განსხვავებით, ჰაკუსთაშს არა ღმერთად, არამედ წმინდანად მოიაზრებდა XIX ს-ის მეორე ნახევრის ავტორი ზ. რჟონდკოვსკი. იგი აღწერს ადგილ „ხან-კუჩის“, რომელსაც თარგმნის, როგორც „წმ. კორომს“ და აღნიშნავს, რომ ეს არის წმიდათაწმიდა ადგილი ტუაფსესა და მდ. შახეს შორის მცხოვრები ყველა ადიღისათვის. მისი თქმით, კორომის შუაგულში, ხის ქვეშ, ყოფილა თავადის, ვინმე ხან-კუჩის, საფლავი. „რამდენადაც ხანი ადგილობრივ კილოზე თავადს ნიშნავს (? – ნ. ა.), – წერს ზ. რჟონდკოვსკი, – კორომმაც „ხან-კუჩი“ სახელწოდება მიიღო“.

ჰაკუსთაშის შესახებ არსებობს 1939 წელს ბ. ანის მიერ ჩაწერილი საინტერესო გადმოცემა: „ოდესღაც ერთი მოხუცი – აფშეფ ხართუ, ცხოვრობდა. ბრუნდებოდა რა დამღლელი თარეშიდან, იგი, ჩვეულებრივ, ერთ ადგილზე მდგარი ორი ხის (წიფლისა და რცხილის) ქვეშ ისვენებდა. ადგილს ჰაკუსთაში ერქვა. ერთხელ, ხუთშაბათ დილას მოხუცის რძალმა ამ ადგილას უცნაური რამ ნახა: ციდან მიწაზე დაეშვა მწვანე ცისარტყელა, რომელიც თავისი ფორმით „ბალახს“ — ღომის ამოსაზელ სუთს წააგავდა. ეს მოვლენა ორჯერ, მომდევნო და შემდგომ ხუთშაბათს განმეორდა. ჩერქეზული ჩვეულების თანახმად, რძალს ქორწილიდან სამი წლის განმავლობაში მამამთილთან დალაპარაკება ეკრძალებოდა. ამიტომ მან ნანახი მეზობლებს გაანდო, ხოლო ამ უკანასკნელებმა ეს ამბავი მოხუცს გადასცეს. მამამთილმა, მოუსმინა რა რძალს, ურჩია, ხეებქვეშ თეთრი ბუღა შეეწირა ღვთაებისთვის, რომლის ნიშანიც მან ნახა. რძალი ასეც მოიქცა. იმ დროიდან „ჰაკუსთაშს“ მთელი ოლქი თაყვანს სცემს. ავადმყოფობების ჟამს ოლქის მკვიდრნი, შეიარაღებულნი, ყიჟინითა და ხმაურით წმინდა ხეებისკენ მიემართებოდნენ და ღვთაებას იარაღებს სწირავდნენ“.

ამ გადმოცემაზე დაყრდნობით, ბ. ანი შესაძლებლად მიიჩნევს იმის დაშვებას, რომ ჰაკუსთაში თავდაპირველად მხოლოდ ხართუს გვარის მფარველი ანგელოზი იყო. ამიტომ ლეგენდა ისეა აგებული, რომ ღვთაებრივი ნიშნის გამოვლენა ხართუს ოჯახის წევრმა სწორედ იმ ადგილზე იხილა, სადაც, როგორც წესი, აფშეფ ხართუ ისვენებდა. თუმცა იგივე ავტორი მიუთითებს ადგილობრივთა შორის გავრცელებულ ერთ გადმოცემაზე, რომლის თანახმად ჰაკუსთაში ერთ-ერთი შაფსუღური ჯგუფის – ჰაკუჩის, ღმერთი ყოფილა. „ჰაკუსთაში“ და „ჰაკუჩი“ („ჰაკუჩთაში“ ფორმის დაშვებით) ტერმინების მატერიალური მსგავსება მკვლევარს ამ აზრის არგამორიცხვისკენ უბიძგებს. ამავე აზრისკენ იხრება ლ. ლავროვიც, რომელიც „ჰაკუსთაში“ სახელწოდების შასახებ ლ. ლჲულჲესა და ზ. რჟონდკოვსკის შეხედულებებს შეცდომად მიიჩნევს და გვთავაზობს ტერმინის სწორ ფორმას – „ჰაყუჩთჰაში“ (Хьэкъучтхьэш) – „ჰაყუჩთა ღმერთის ადგილი“, სხვაგვარად, „ჰაყუჩების (საზოგადოების) წმინდა ადგილი“ — хьакъуч-тхьэ-ш.

1930 წელს მეცნიერმა ამ „წმინდა“ ადგილის შესახებ ასეთი მონაცემები მოიკვლია: იგი მდებარეობდა მდ. ფსიღავის ზემო წელში, სადაც ჰაყუჩები ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე მასობრივად ლოცულობდნენ. განსაკუთრებულად საზეიმო ლოცვა მოსავლის დაბინავების შემდეგ იმართებოდა, სწირავდნენ ხარებს. ლ. ლავროვი ასკვნის, რომ ეს იყო სპეციფიკურად ჰაყუჩური სალოცავი.


ლიტერატურა

  • Люлье Л. Я. Черкессия. Историко-этнографические статьи // Материалы для истории черкесского народа. Краснодар, 1927;
  • Ржондковский З-й. Экспедиция в Хакучии 1865 г. // Кавказ, 1867, № 97;
  • Ан Б. О пережи-ткахродовой религии шапсугов // Религиозные пережитки у черкессов-шапсугов. Материалы Шапсугской экспедиции 1939 г. Под редакцией С. А. Токарева и Е. М. Шиллинга. Сб. Научных студенческих работ, вып. 17. Этнография. М., 1940;
  • Азаматова М.-К. З. Этнографические этюды. Майкоп, 1997.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები