ჰალი კლარკ ლეონარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰალი კლარკ ლეონარდ

ჰალი კლარკ ლეონარდ - Hull Clark Leonard, Халл Кларк Леонард, 1984-1952

ამერიკელი ფსიქოლოგი, ნეობიჰევიორიზმის ერთერთი კლასიკოსი. ჯერ საინჟინრო, შემდეგ ფსიქოლოგიური განათლება მიიღო მიჩიგანის უნივერსიტეტში. სადოქტორო დისტერტაცია დაიცვა ვისკონსინის უნივერსიტეტში, იქვე რამდენიმე წელიწადს კითხულობდა ლექციებს. 1929 წლიდან იელის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, სადაც ფსიქოლოგიურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. აქ შეიქმნა მის სახელთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სკოლა, რომელშიც ბევრი გამოჩენილი მეცნიერი შედიოდა (ნ. მილერი, კ. სპენსი და სხვანი). 1936 წელს აირჩიეს ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტად. თავდაპირველად მუშაობდა ზოგად უნართა (ინტელექტის) ტესტირებასა და ჰიპნოტიზმში. სახელი გაითქვა როგორც თეორეტიკოსმა და ექსპერიმეტატორმა მკვლევარმა დასწავლის ფსიქოლოგიის სფეროში.

ჰალმა თეორიული სისტემა ე.წ. ჰიპოთეზურ-დედუქციური მეთოდოლოგიის საფუძველაზე ააგო - ამოდიოდა ჰიპოთეზური აქსიომური დებულებებიდან (პოსტულატებიდან), რომლებიდანაც დედუქციურად გამოჰყავდა თეორემები. შემდეგ მათგან ძალაში ტოპვებდა იმათ, რომლებიც ექსპერიმენტულ შემოწმებას გაუძლებდნენ. ამის შედეგად ჰალის თეორია ზუსტ მეცნიერებათა (გეომეტრია, ფიზიკა) მსგავსად ჩამოყალიბდა. ჰალის საბოლოო განმაზოგადებელი წიგნი „ქცევის სისტემა” (1952) შეიცავს 17 პოსტულატს და 133 თეორემას. სხვა ნეობიჰევიორისტების მსგავსად, ჰალს S-R სქემაში შუალედური ცვლადები შეაქვს. ასეთებად მიჩნეულია მოთხოვნილება (Drive) და ჩვევა. ქცევის განხორცილების ალბათობა მით უფრო მეტია, რაც უფრო ძლიერია მისი შესრულების მოთხოვნილება და რაც უფრო კარგადაა ის დასწავლილი - ანუ რაც უფრო განმტკიცებულია შესაბამისი ჩვევა. ჩვევის ძალა განისაზღვრება ადეკვატური რეაქციების რაოდენობით, რომელთაც განმტკიცება მოჰყვება. განმტკიცება ნიშნავს „დრაივის რედუქციას”, ანუ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და ჩაქრობას, ანუ ორგანიზმის დარღვეული ჰომეოსტაზის მდგომარეობის ნაწილობრივ ან სრულ აღდგენას (ადაპტაციის მიღწევა). ამდენად, მოთხოვნილება სტიმულსა და რეაქციას შორის კავშირის შექმნის წინაპირობაა. ამავე დროს, ჰალის „ნაიტდრაივ თეორიის” მიხედვით, მოთხოვნილება ამ კავშირის გამოვლენის (რეაქციის რეალიზაციის) პირობაცაა. ყოველი ქცევა მოთხოვნილებით აღიძვრება - პირველადით ან მეორადით. პირველადია ორგანიზმის სიცოცხლის შენარჩუნებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მოთხოვნილებანი. გარემოს ნეიტრალური ობიექტების (სტიმულების) პირველად მოთხოვნილებებთან ასოციაციური დაკავშირების გზით წარმოიქმნება ე.წ. მეორადი, ანუ დასწავლილი მოთხოვნილებანი {ჩვეულება}.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები