ჰალტონი ფრენსის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰალტონი ფრენსის

ჰალტონი ფრენსის - Galton Francis, Гальтон Фрэнсис, 1822-1911

ინგლისელი ფსიქოლოგი, ანთროპოლოგი, გამომგონებელი, მათემატიკოსი, დიფერენციალური ფსიქოლოგიის და ფსიქომეტრიის ფუძემდებელი. მიიღო სამედნიცინო, მათემატიკური და საბუნებისმეტყველო განათლება ლონდონის სამეფო კოლეჯში და კემბრიჯის ტრინიტი კოლეჯში. იყო ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრი (1856), ოქსფორდის და კემბრიჯის საპატიო პროფესორი.

ცოტა თუ მოიძებნება მკვლევარი, რომელმაც, ჰალტონის მსგავსად, ამდენი განსხვავებული დარგის შესწავლაში შეძლო მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა: გადატრიალება მოხდინა კრიმინალისტიკაში (მისი შექმნილია დაქტილოსკოპია), მეტეოროლოგიაში (მან ააგო ატმოსფეროს მდგომარეობის მონაცემების ავტომატურად ჩამწერი ხელსაწყო, აღმოაჩინა ანტიციკლონის მოვლენა, შექმნა პირველი ამინდის რუკები), გამოიგონა ტელეტაიპი, პერისკოპი, იკვლევდა მოდას, გეოგრაფიული ფაქტორების გავლენას მოსახლეობის გარეგნობაზე, ლოცვის რეალურ შედეგიანობას და სხვა. განსაკუთრებულია მისი წვლილი ანთროპოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და სტატისტიკაში.

ჰალტონის მეცნიერული კრედო ევოლუციონისტურ შეხედულებათა გავლენით ჩამოყალიბდა, რომელთაგან პირველ რიგში ბუნებრივი შერჩევისა და მასთან დაკავშირებული შეძენილი ადაპტაციური თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის იდეები გაითავისა. ფსიქიკური ნიშნები, ინდივიდუალური თავისებურებები, სახელდობრ ნიჭი, ტალანტი, ჰალტონის აზრით, მემკვიდრეობით არის განსაზღვრული. ეს აზრია გატარებული ჰალტონის ნოვატორულ ნაშრომში „მემკვიდრეობითი გენია” (1869). ჰალტონი ამ აზრამდე მივიდა გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების შესწავლის საშუალებით. შემდგომში მან საკითხის კვლევის ემპირიულ გზას მიმართა და ამ მიზნით ბევრ ცნობილ ინგლისელ მეცნიერს დაუგზავნა სპეციალური ანკეტები. ამით, არსებითად, დასაბამი დაუდო ანკეტური მეთოდის გამოყენებას ფსიქოლოგიაში. ცნობილ პიროვნებათა ნათესაური კავშირების შესწავლით იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ნიჭიერება დაკავშირებულია ნათესაობის ხარისხთან და ხასიათთან. მთავარია მემკვიდრეობა, ხოლო გარემო და აღზრდა მეორეხარისხოვანია. აქ მან პირველმა გამოიყენა¬ ტყუპების მეთოდი და დაადასტურა მონოზიგოტური (ერთკვერცხუჯრედოვანი) ტყუპების დიდი ფსიქიკური მსგავსება. წიგნში „ბუნებრივი მემკვიდრეობა” (1889) ავტორი ნიჭის გენეტიკური განსაზღვრულობის დებულებიდან გენოტიპის ხელოვნური შეცვლის იდეაზე გადადის. ჰალტონს მიაჩნდა, რომ ადამიანთა მოდგმა დეგრადაციის გზაზეა. ამ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია ნიჭიერი ადამიანების მიზანდასახული სელექციით. ამას უნდა ემსახურებოდეს სპეციალური დარგი, ე.წ. „ევგენიკა”. ადამიანთა მოდგმა ისევე შეიძლება გაუმჯობესდეს, როგორც შინაური ცხოველების ჯიში, რამდენიმე თაობაში შესაბამის არჩევით ქორწინებათა გზით. ამისთვის სახელმწიფომ უნდა შემოიღოს მატერიალური და მორალური სტიმულების სისტემა, რათა წაახალისოს ქორწინება იმ პირებს შორის, ვინც წარმატებით გაიარა ტესტირება.

ბუნებრივია, რომ ჰალტონის წინაშე აქტუალურად დაისვა საკითხი ადამიანთა გონებრივ შესაძლებლობათა ინდივიდუალურ განსხვავებულობათა გამოვლენისა თუ გაზომვის შესახებ. ამ მიზნით მან შექმნა ტესტების სისტემა. მათი საშუალებით იზომებოდა შეგრძნებათა სიმახვილე, რეაქციის დრო, კუნთური ძალა და სხვა მარტივი სენსომოტორული თვისებები. ამისთვის მან მრავალი ხელსაწყო გამოიგონა. მაგ., „ჰალტონის საყვირი” სმენის ზღურბლის გასარკვევად, „ჰალტონის სახაზავი” თვალზომის შესაფასებლად, რეაქციის დროის გამზომი ქანქარა და სხვა. ჰალტონს მიაჩნდა, რომ „რაც უფრო ფაქიზ განსხვავებათა აღქმა შეუძლია ადამიანის შეგრძნების ორგანოებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს მას მსჯელობათა ჩამოყალიბებისა და ინტელექტუალური ქმედების განხორციელებისთვის” (ეს დასკვნა უსაფუძვლოა, რადგან სენსომოტორულ მოდალობებში უნარიანობა არაა აუცილებლად დაკავშირებული გონებრივ უნარიანობასთან). ჰალტონი არასენსორულ ფსიქიკურ უნარებსაც იკვლევდა. ტესტების გარდა, მან პირველმა გამოიგონა და გამოიყენა ასოციაციური მეთოდი და მისი საშუალებით შეისწავლა ასოციაციების სისწრაფე, რასაც გონებრივი პროცესების ტემპის და, მაშასადამე, ინტელექტუალობის მაჩვენებლად მიიჩნევდა.

ჰალტონმა საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტით დაადასტურა პროექციის, კერძოდ ეგოცენტრული ატრიბუციის ანუ აუტომორფიზმის მოვლენა (თუმცა ეს ტერმინები გვიანდელია).

ჰალტონის კიდევ ერთი დამსახურებაა მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების შემოტანა ფსიქოლოგიაში. მან აღმოაჩინა კორელაციური მეთოდი. იგი შემდგომში გააუმჯობესა ჰალტონის მოწაფემ, კ. პირსონმა. მან შემოიღო კორელაციის გაზომვის ფორმულა, რომელიც დღემდე ნაყოფიერად გამოიყენება და პირსონის კორელაციის კოეფიციენტი ეწოდება.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები