ჰალუცინოგენების ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰალუცინოგენების ავადმოხმარება - სინთეტიკურ ჰალუცინოგენებს განეკუთვნება ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი (LSD), დიმეთილტრიფტამინი და მეთილდიმეთოქსიამფეტამინი. ამ ნარკოტიკული ნივთიერებებიდან ბრიტანეთში ყველაზე ხშირად LSD-ს მოიხმარენ. ჰალუცინოგენები, ასევე, გვხვდება გარკვეული სახის სოკოებში, რომლებიც ფსილოციბინს შეიცავენ. მათ სწორედ ჰალუცინოგენური ეფექტის მისაღებად მოიხმარენ. ჰალუცინოგენების მოქმედების მექანიზმი არ არის დადგენილი, თუმცა მათი უმრავლესობა ზემოქმედებს თავის ტვინის 5-HT2A რეცეპტორებზე, როგორც ნაწილობრივი აგონისტი.

ეპიდემიოლოგია

აშშ-სა და ბრიტანეთში არსებული ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში გაიზარდა ჰალუცინოგენების ავად მოხმარება. მაგ., აშშ-ში, 1988 წლიდან 1997 წლამდე, საშუალო სკოლის მოსწავლეების მიერ ჰალუცინოგენების ცხოვრების მანძილზე მოხმარება 7.7%-დან 13.6%-მდე გაიზარდა. 2003 წელს ცხოვრების მანძილზე ჰალუცინოგენების ავადმოხმარების რისკი 14.5%-ს უტოლდებოდა (SAMHSA, 2004). ბრიტანეთში 16-29 წლის ასაკის ახალგაზრდების 29%-ს ცხოვრების მანძილზე, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ჰქონდა ჰალუცინოგენები მიღებული. აქედან, 5% ადასტურებდა, რომ მათ ეს ნარკოტიკული ნივთიერება ბოლო ერთი თვის მანძილზე მიიღეს (Ramsay et al., 2001).

კლინიკური ეფექტები

LSD-ს ეფექტები ყველაზე უფრო კარგადაა შესწავლილი. მისი ფიზიკური ზემოქმედება ცვალებადია. საწყისი სიმპტომატური ეფექტებია: გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის მომატება და გუგების გაფართოება. თუმცა, როგორც ჩანს, ზედოზირება არ იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ რეაქციებს.

პრედისპოზიციის მქონე ადამიანებში ჰალუცინოგენების ჰიპერტენზიულმა ზემოქმედებამ შეიძლება არასასურველი მიოკარდიული და ცერებროვასკულური ეფექტები გამოიწვიოს. ფსიქოლოგიური ეფექტები LSD-ს მიღების შემდეგ ორი საათის განმავლობაში ვითარდება და, ჩვეულებრივ, რვიდან თოთხმეტ საათამდე გრძელდება. ყველაზე უფრო მკვეთრად გამოხატული განცდაა გრძნობადი აღქმის გაძლიერება ან გამრუდება. შეიძლება აღინიშნებოდეს სენსორული შეგრძნებების აღრევა (სინესთეზია), რომლის დროსაც პიროვნება ხმებს ვიზუალურად აღიქვამს ან მოძრაობას - სმენით. მას შეიძლება მოეჩვენოს, რომ საგნები რიტმულად მოძრაობენ ან ერწყმიან ერთმანეთს, ან თითქოს დრო შენელებულია და განცდები ღრმა შინაარსს იძენს.

სხეულის დეფორმაციის შეგრძნება, რომლის დროსაც ადამიანს ეჩვენება, რომ ის საკუთარი სხეულის გარეთ იმყოფება, შეიძლება დისტრესულ გამოცდილებას წარმოადგენდეს. ამან შესაძლოა პანიკა და ფსიქიკური აშლილობის შიში გამოიწვიოს. ხანდახან აღინიშნება აწეული გუნებ-განწყობა, დისტრესი ან ძლიერი შფოთვა. ადრინდელი მონაცემების მიხედვით, ამ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების გამო ადამიანის ქცევა შეიძლება არაპროგნოზირებადი და უკიდურესად საშიში გახდეს. ასე მაგ., ყოფილა შემთხვევები, როდესაც LSD-ს მომხმარებელს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მას არაფერი შეიძლება დაუშავდეს, საკუთარი თავისთვის სერიოზული ჭრილობები მიუყენებია ან თვითმკვლელობით დაუმთავრებია სიცოცხლე. დღესდღეობით ასეთი რეაქციები შედარებით ნაკლებია. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ მომხმარებლები უფრო კარგად აცნობიერებენ არსებულ საშიშროებებს და „მოგზაურობაში” გამგზავრებამდე საგანგებო ზომებს იღებენ (მაგ., ცდილობენ, გვერდზე ჰყავდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენს მათ).

საჭიროა პაციენტს დავეხმაროთ, რომ გადალახოს ეს არასასურველი რეაქციები. ამისათვის LSD-ს ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს უნდა გავესაუბროთ და ავუხსნათ, რომ ამგვარი შფოთვის მომგვრელი განცდები ნარკოტიკული ნივთიერებით არის გამოწვეული. თუ ამისათვის საკმარისი დრო არა გვაქვს, პაციენტს უნდა მივცეთ ტრანკვილიზატორი (მაგ., დიაზეპამი), რაც, ჩვეულებრივ, დადებით ეფექტს იძლევა. პაციენტმა შეიძლება გამოავლინოს ტოლერანტობა LSD-ს ფსიქოლოგიური ეფექტების მიმართ, თუმცა, აღკვეთის სინდრომის შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. აგრეთვე დაუდგენელია, ვითარდება თუ არა LSD-ზე დამოკიდებულება, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევები იშვიათიას (Nichols, 2004).

არსებობს მოსაზრება, რომ LSD-ს მოხმარებამ შეიძლება აზროვნების ან ქცევის ხანგრძლივი დარღვევა ან შიზოფრენიაც კი გამოიწვიოს, მაგრამ არ არსებობს ამ ფაქტის დამამტკიცებელი საკმარისი რაოდენობის მონაცემები. თუმცა, „ფლეშბეკი”, ანუ LSD-ს მიღების შემდეგ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში ფსიქოდელიური შეგრძნების განმეორებით აღმოცენება, საყოველთაოდ ცნობილი მოვლენაა. ითვლება, რომ ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები და ანტიკონვულსანტები, „ფლეშბექის” სამართავ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული კონტროლირებადი კვლევებით (Halpern and Pope, 2003).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები