ჰარბორდი ჯეიმს გუთრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰარბორდი ჯეიმს გუთრი

ჰარბორდი ჯეიმს გუთრი - (21.III.1866, ილინოისი - 20.VIII.1947, ნიუ-იორკი) - ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ოფიცერი. გენერალ-ლეიტენანტი. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ევროპაში ამერიკული ჯარების შტაბის უფროსი.

ბიოგრაფია

განათლება კანზასის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში მიიღო. 1889 წლდან მსახურობდა აშშ-ს არმიაში. მონაწილეობა მიიღო 1889 წლის კუბის ოკუპაციაში და ესპანურ-ამერიკულ ომში. 1901 მიენიჭა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა ამერიკა-ფილიპინების ომში. 1917 წლიდან ხელმძღვანელობდა ევროპის დასავლეთ ფრონტზე, საფრანგეთში განთავსებულ ამერიკული არმიის ნაწილებს.

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას იკავებდა ევროპაში ამერიკის ჯარების შტაბის უფროსის პოსტს. 1919 წელს განიხილებოდა ამიერკავკასიაში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის პოსტზე, თუმცა საბოლოოდ ამ პოსტზე შეკვეცილი უფლებამოსილებით (მხოლოდ სომხეთზე) დაინიშნა ამერიკელი პოლკოვნიკი ჰასკელი. 1919 წელს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა გენერალი ჰარბორდი დანიშნა „სომხეთში ამერიკული სამხედრო მისიის“ ხელმძღვანელად.

გენერალს დაევალა სომხეთში და, ზოგადად, ამიერკავკასიაში არსებული პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, შესაძლებლობის შემთხვევაში, სომხეთზე ამერიკის მანდატის აღებისა და მანდატის აღსრულებისათვის საჭირო სავარაუდო დანახარჯების გათვლა. გენერლის მისია უშუალოდ სომხეთზე ვრცელდებოდა, თუმცა მას ევალებოდა შეესწავლა საქართველოსა და აზერბაიჯანის რეალობაც. 2 ოქტომბერს ჰარბორდი თბილისში ჩამოვიდა, შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს. შემდგომში იმოგზაურა ბაქოში. მართალია, შეხვედრებისას ჰარბორდი ორივე ქვეყანაში ზარ-ზეიმითა და წვეულებებით მიიღეს, მაგრამ ამერიკელმა გენერალმა თავის ანგარიშებში საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობის შესახებ ნეგატიური განწყობები არ დამალა. ჰარბორდმა ანგარიშებში აღწერა ამიერკავკასიის ქვეყანათა შორის არსებული დაპირისპირებები და განსხვავებული მისწრაფებები. მისი აზრით, კავკასიაზე მანდატი, კონსტანტინოპოლთან და ანატოლიასთან ერთად, ერთ სახელმწიფოს უნდა აეღო, სხვაგვარად რეგიონის მართვა შეუძლებელი იყო.

1922 წელს ჰარფორდმა არმია დატოვა და გახდა ამერიკის რადიო კორპორაციის პრეზიდენტი. 1942 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. დაკრძალულია არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ბ. კობახიძე, „საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე“, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თსუ, 2015;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919. №223, №224.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები