ჰარიმანი ედვარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედვარდ ჰარიმანი

ედვარდ ჰარიმანი - (Edward Harryman, 20 თებერვალი, 1848 – 9 სექტემბერი, 1909) მილიონერი, რომელსაც მისმა ბიოგრაფებმა - თავიანთი გემოვნების მიხედვით - აშშ-ის რკინიგზის „მეფე” ან „ნაპოლეონი” უწოდეს. ჰარიმანმა კარიერა საფონდო ბირჟის კურიერის თანამდებობიდან დაიწყო. მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებმა 100 მილიონი დოლარის კაპიტალი მიიღეს.

ბიოგრაფია

ედვარდ ჰარიმანი დაიბადა 1848 წელს. მისი გზა უზარმაზარ სიმდიდრემდე სხვაგვარად გამოიყურება. სამოქალაქო ომის პერიოდში ჰარიმანი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, რათა დაეგროვებინა ქონება, თუმცა მან დროზე მიუსწრო, თუ შეიძლება ასე ითქვას, „გემრიელ ნაჭერს“, ე. ი. აშშ-ში რკინიგზის მშფოთვარე მშენებლობას და სწორედ აქ გამოავლინა თავისი, როგორც ბიზნესმენის ყველა ტალანტი.

ვანდერბილტისა და კარნეგისგან განსხვავებით (სადაც პირველი დაკავებული იყო რკინიგზის მშენებლობით, მეორე კი რელსების მიწოდებით), ჰარიმანი ეწეოდა ფინანსურ ოპერაციებს, რომლებიც რკინიგზასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამაზე შექმნა მან დიდი კაპიტალი. მას აინტერესებდა სპეკულაცია ბირჟაზე, არსებული კომპანიების აქციათა შესყიდვა და გაყიდვა, ბრძოლა კონკურენტებთან, ობლიგაციების გავრცელება უფრო მაღალ ფასებში, ვიდრე მისი ნამდვილი ღირებულება იყო. ჰარიმანი უფრო ფინანსისტი გახლდათ, ვიდრე რკინიგზის მშენებელი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ეს საქმე ფრიად შემოსავლიანი აღმოჩნდა.

ედვარდ ჰარიმანი იყო ღარიბი მოძღვრის ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. მან 14 წლისამ დაიწყო მუშაობა „უოლ-სტრიტში (Wall Street) კურიერად. ეს ქუჩა მაშინ ნიუ-იორკის ცენტრს წარმოადგენდა, სადაც განლაგებული იყო ბირჟა, სხვადასხვაგვარი ბანკები, სადაზღვევო საზოგადოება, აქციონერული კომპანიები. მას არ გააჩნდა არავითარი განათლება, მაგრამ ამხანაგებში გამოირჩეოდა უნარით, ნიჭითა და განვითარებით. მალე იგი ბირჟაზე თამაშითა და საკუთარი მეურნეობის დაწყებით დაინტერესდა.

1869 წელს, როცა ჰარიმანი მხოლოდ ოცდაერთი წლის იყო, ბირჟაზე დაიწყო კრიზისი, რომელიც ცნობილია „შავი პარასკევის სახელწოდებით. ახალგაზრდა ჰარიმანმა, რომელმაც ყველა თავისი დანაზოგი აქციების ყიდვაზე დააბანდა, საკმაოდ გამოიმუშავა ბირჟის კურსის უეცარი ცვლილების გამო. გამომუშავებული თანხით მან იყიდა ადგილი ბირჟაზე და დაიწყო საკუთარი ბიზნესი თავისი რისკით. ჰარიმანს გაუმართლა: მალე მან შეძლო ერთ დღეში 150 ათასი დოლარის გამომუშავება ქვანახშირის კომპანიების ყიდვა-გაყიდვაზე.

უკვე მეტ-ნაკლებად შეძლებული ჰარიმანი დაქორწინდა ერთ-ერთი რკინიგზის მფლობელის ქალიშვილზე, რამაც განსაზღვრა მისი შემდგომი კარიერა. მას შემდეგ, რაც შეირთო უილიამ ჯ. ავერელის (William G. Averel) ქალიშვილი, იგი დაინტერესდა უწინარეს ყოვლისა რკინიგზით. მალე ჰარიმანი გახდა თავისი სიმამრის რკინიგზების ქსელის ერთპიროვნული მფლობელი.

მაგრამ ეს მხოლოდ მოკრძალებული დასაწყისი იყო. შემდგომი მთელი 30 წლის განმავლობაში ჰარიმანი სულ უფრო და უფრო აფართოებდა თავისი რკინიგზის იმპერიის საზღვრებს, აგრძელებდა ახალ-ახალი რკინიგზის ხაზების ყიდვას, კონკურენტებთან ყველაზე დაუნდობელი ბრძოლის პირობებში. ამისთვის იგი იყენებდა ისეთ მეთოდებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კანონსა და ტრადიციებს. როგორც მისი ბიოგრაფები ამტკიცებენ, სიცოცხლის ბოლოს ჰარიმანს უკვე მოფიქრებული ჰქონდა რკინიგზის ქსელი, რომელიც მოიცავდა მთელ დედამიწას. განსაკუთრებით მას აინტერესებდა ციმბირისა და მანჯურიის ხაზები.

ქორწინების მერე მან მალე მთელი ყურადღება რკინიგზაზე გადაიტანა, რომელიც სიმამრს ეკუთვნოდა. არ გასულა ერთი წელიც და სხვა აქციონერებმა გაიგეს, რომ ფირმების საქმიანობა არ მიდიოდა უკეთესობისკენ. გზათა მმართველობის სხდომაზე ჰარიმანი გამოვიდა ალტერნატიული წინადადებით: ან თვითონ გაყიდის თავის აქციებს (მან კარგად იცოდა, რომ ამ წინადადებას არ დაეთანხმებოდნენ), ან შეიძენდა სხვა მფლობელების ხელში არსებულ აქციებს. ამ უკანასკნელებმა ბოლოს და ბოლოს გამოხატეს თავიანთი თანხმობა და ედვარდ ჰარიმანი გახდა გზების ერთპიროვნული მფლობელი თითქმის უფასოდ. მას შემდეგ მან დაიწყო მოლაპარაკება ორ მსხვილ კონკურენტ ფირმასთან - თითოეულთან ცალ-ცალკე და კონფიდენციალურად, - და შესთავაზა ეყიდათ მისი გზა. კონკურენტებს შორის დავა და ვაჭრობა წარმოიშვა. მოგებული კი ჰარიმანი დარჩა. მან თავისი გზა ძალიან დიდ თანხად გაყიდა.

შედეგად ჰარიმანმა, უკვე ცნობილმა მილიონერმა, რომელიც სარგებლობდა ბანკის ფართო კრედიტების გამოყენებით, შექმნა მსხვილი კონცერნი, რომელმაც შეიძინა ფირმა „ჩიკაგო ენდ უოლტონი” (Chicago and Walton). ეს იყო რკინიგზის აქციონერული კომპანია, რომლის კაპიტალი 34 მლნ დოლარად იყო შეფასებული. რამდენიმე წლის შემდეგ ჰარიმანმა და მისმა კომპანიონებმა შეძლეს გაეყიდათ ამ კომპანიის აქციები და ობლიგაციები 114 მილიონი დოლარის ოდენობით. რამდენადაც ფირმების შესყიდვის დროს მათ დახარჯეს მხოლოდ 18 მილონი, სუფთა მოგებამ 60 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა (ამ თანხიდან უდიდესი ნაწილი თვითონ ჰარიმანს ეკუთვნოდა).

ჰარიმანის საქმიანობაში ხელისუფლებას ეჭვი გაუჩნდა. რკინიგზის აქციების გაყიდვის საქმეს იკვლევდა ხელისუფლების მიერ სპეციალურად დანიშნული პირი. სენატორმა კელიომმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეწყო სასამართლო გამოძიება, ხოლო თვით ჰარიმანი დაეპატიმრებინა.

ამერიკაში ცნობილია ჰარიმანის თავდასხმები კონკურენტებთან. ასე მაგალითად, ბრძოლა ჯეიმს ჰილთან (James Hill), რკინიგზის ერთ-ერთ მაგნატთან, რომელიც 1901 წელს დაიწყო, წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ორივე მოწინააღმდეგის სიკვდილით დამთავრდა.

ამერიკელმა ისტორიკოსებმა მრავალი ათეული გვერდი დაუთმეს ჰარიმანისა და ჰილის ბრძოლას და მას „გიგანტთა ბრძოლა” ან „ბოლო სარკინიგზო ომი” უწოდეს. თუმცა, აზრი არა აქვს აღწერო წვრილმანები და „საბრძოლო” პერიპეტიები. სრულიად საკმარისია ითქვას, რომ საუბარი იყო კონკურენციულ ბრძოლაზე, სადაც ჰარიმანიც და ჰილიც ცდილობდნენ მოეპოვებინათ პრიორიტეტი და გავლენა რამდენიმე მსხვილ და, რაც ყველაზე მთავარია, მომგებიან რკინიგზის ხაზებზე.

ორივე მხარეს ძლიერი და მდიდარი მფარველები ჰყავდა. ჰარიმანი კავშირში შევიდა როკფელერებთან და მათ კონცერნთან „სტანდარდ ოილი“, ხოლო ჰილი მორგანის საბანკირო სახლით სარგებლობდა. როგორც ჰოლბრუკი ამტკიცებს: ჰარიმანი იყო ერთ-ერთი მცირეთაგანი შეერთებულ შტატებში, რომელსაც არ ეშინოდა მორგანის.”

ამ აზრს იზიარებს მეთიუ ჯოზეფსონიც (Methew Josephson). თავის ნაშრომში „ბარონ-ყაჩაღებზე” ასე წერს ჰარიმანის შესახებ: მას არ ეშინოდა არც ღმერთის, არც მორგანის და არც სინდისის ქენჯნის.”

ედვარდ ჰარიმანის სიკვდილის შემდეგ მისი ფინანსური იმპერია უფრო და უფრო გაფართოვდა, რომელმაც რკინიგზის გარდა სამრეწველო წარმოებაც მოიცვა. თუკი ედვარდ ჰარიმანი აფინანსებდა ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეებს, მისი შვილი - ჰარიმან-უმცროსი თვითონ თამაშობდა გარკვეულ როლს პოლიტიკურ არენაზე და ოცნებობდა, ოდესმე თეთრ სახლში მოხვედრილიყო.

ფრანკლინ დელანო რუზველტის (Franklin Delano Rozvelt) პრეზიდენტობის წლებში უილიამ ავერელ ჰარიმანს რიგი საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში, შემდეგ გახდა ფინანსთა მინისტრი, პრეზიდენტ ტრუმენის მრჩეველი, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი და პრეზიდენტ ჯონ კენედის სპეციალური ელჩი.

შეერთებული შტატების პოლიტიკურ ცხოვრებაში პარადოქსულად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ მილიონერი ჰარიმან-უმცროსი ბევრ საკითხებში ლიბერალურ პოზიციას იკავებდა. ზოგიერთები თვლიდნენ, რომ თუ ჰარიმანის ოცნება მაინც ვერ განხორციელდა და მისი კანდიდატურა არ წამოაყენეს თეთრ სახლში (პრეზიდენტად), ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო „ზედმეტად ლიბერალი“.

1963 წელს ავერელ ჰარიმანმა არსებითი როლი ითამაშა მოსკოვის ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაში ატომური გამოცდების ნაწილობრივი აკრძალვის შესახებ, ხოლო 1968 წელს ის ხელმძღვანელობდა ამერიკის დელეგაციას, რომელმაც პარიზში დაიწყო მოლაპარაკება ვიეტნამში მშვიდობის დასამყარებლად.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები