ჰასკელი უილიამ ნაფიუ (უმცროსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰასკელი უილიამ ნაფიუ უმცროსი

ჰასკელი უილიამ ნაფიუ უმცროსი - (13.VIII.1878, ნიუ-იორკი - 14.VIII.1952, კონექტიკუტი) - ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ოფიცერი, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელი რუმინეთში და საბჭოთა რუსეთში, მოკავშირეთა უმაღლესი კომისარი სომხეთში (ამიერკავკასიაში).

ბიოგრაფია

1897-1901 წლებში სწავლობდა ვესტპოინტის სამხედრო აკადემიაში. მონაწილეობდა ამერიკა-ფილიპინების ომში. პირველი მსოფლიო ომის დროს შედიოდა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ხსნის კომიტეტის მისიაში, რომელსაც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი ხელმძღვანელობდა. იყო კომიტეტის წარმომადგენელი რუმინეთში.

1919 წლის ივნისში, ჰუვერის ინიციატივით, პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა პოლკოვნიკი ჰასკელის კანდიდატურა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს შესთავაზა ამიერკავკასიაში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის თანამდებობაზე, უმაღლესმა საბჭომ ჰასკელის სამოქმედო არეალად მხოლოდ სომხეთი განსაზღვრა, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში კი ამერიკელ პოლკოვნიკს მხოლოდ ჰუმანიტარული საქმიანობის უფლება მიენიჭა.

ამ პერიოდის აშშ-ის კავკასიური პოლიტიკა ცალმხრივად არმენოფილურ შინაარსს ატარებდა, კონგრესშიც და მთავრობაშიც მძლავრობდა სომხეთისადმი მკაფიო სიმპათიები და დახმარების სურვილი, თუმცა მანდატის აღება სომხეთზე კონგრესისათვის მაინც მიუღებელი იყო. პრეზიდენტი უილსონი, ხსნის კომიტეტის ხელმძღვანელი ჰუვერი და სხვა მაღალჩინოსნები ცდილობდნენ სომხეთის დახმარებას და სომხური სახელმწიფოს გაძლიერებას, თუმცა მონროს დოქტრინის შენარჩუნებისა და კონგრესთან უთანხმოების გამო, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მით უფრო სამხედრო დახმარების გაწევა ვერ შეძლეს. თავის მხრივ, ჰასკელი, რომელიც ცდილობდა გამხდარიყო მოკავშირეთა კომისარი მთლიანად ამიერკავკასიაში, მუდმივად ცდილობდა დაერწმუნებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მათდამი სიმპათიებში.

ქართული პრესა აქტიურად აშუქებდა 1919-1920 წლებში ჰასკელის საქმიანობას, რომელიც ძირითადად თბილისსა და ერევანს შორის მოგზაურობდა და ცდილობდა სომხეთისათვის სურსათისა და ტანსაცმლის მიწოდების უზრუნველყოფას. პოლკოვნიკი ცდილობდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების შეჩერებას. ჰასკელი სომხეთისა, და ზოგადად, ამიერკავკასიის საკითხზე მოსალაპარაკებლად რამდენიმეჯერ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გეგეჭკორს. 1919-1920 წლებში ჰასკელისა და სომხეთში ამერიკის სამხედრო მისიის ხელმძღვანელის გენერალ ჯეიმზ ჰარბორდის მოხსენებები, მიუხედავად ქართველი ხალხისადმი სიმპათიისა, ბევრ ნეგატიური ინფორმაციას შეიცავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი მთავრობის შესახებ.

საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპირების შემდეგ, 1921-1923 წლებში, ჰასკელი იყო ამერიკული მისიის ხელმძღვანელი რუსეთში. შემდგომში ხელმძღვანელობდა წითელ ჯვარს თურქეთ-საბერძნეთს შორის ლტოლვილთა გაცვლის პროცესში. შემდგომში დაბრუნდა ნიუ-იორკში და გააგრძელა სამხედრო სამსახური. 1832 ჰუვერის ინსტიტუტმა პოლკოვნიკი ჰასკელის მოგონებები გამოსცა, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ ამიერკავკასიას შეეხება. მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ბ. კობახიძე, „საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე“, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თსუ, 2015;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №182, №185, 1920, №112.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები