ჰედერიხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰედერიხე (ადიღ. Хьэдэрыхэ) – ქვესკნელი, მიწისქვეშეთი, საიქიო ადიღურ მითოლოგიაში; წარმოადგენს სამყაროს ერთიანი მითოლოგიური მოდელის ნაწილს. თუკი შუასკნელში ანუ სააქაოში ნართები (ე. ი. ადამიანები) ცხოვრობენ, ქვესკნელი ხთონური არსებების (ბლჲაღო, ემინეჟი, გველი და სხვ.) სამკვიდროა. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იქ ჩვეულებრივი ადამიანების არსებობას (ზღაპრების თანახმად). მათი ცხოვრება და, საერთოდ, იქაური გარემო მიწიერი ცხოვრებისა და გარემოსგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ქვესკნელში ხალხი გაწამებულია ბლჲაღოსგან, რომელიც წყალს აგუბებს და ადამიანებს არ აძლევს. ისინი ეხმარებიან გმირს უკან დაბრუნებაში.

ქვესკნელი, ისევე როგორც ზესკნელი (ზეცა), შვიდი სფეროთია წარმოდგენილი. ამ სფეროებს შორის რაიმე ხარისხობრივი განსხვავება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ყველაზე უმდაბლესი ძალზე ღრმა და შორეულ სფეროდ არის აღქმული. ქვესკნელამდე მანძილს, რომელიც ძალზე შორეულად წარმოიდგინება, უფრო ხშირად ემოციურ-შეფასებითი ხასიათი აქვს. ამ სივრცის გადალახვა და უკან, სამზეოში დაბრუნება, ძალზე რთული საქმეა, თვით ყველაზე ძლიერი და მამაცი ნართებისგანაც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ ქვესკნელში მოგზაურობა ეპიკურ თუ ზღაპრულ პერსონაჟს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გმირობად ეთვლება. ადიღი ნართები ქვესკნელში მსოფლიო ხის საშუალებით, ხოლო ზღაპრის გმირები ორმოში თოკით ჩასვლით ან არწივის მეოხებით ხვდებიან. მაგალითად, ზღაპარში "ესმუყო ესხოთი" გმირი მიწისქვეშეთში შავ ცხვარზე მჯდარი ხვრელის გავლით ჩადის, ხოლო უკან მფრინავი ხალიჩით ბრუნდება (ამ ზღაპრის მიხედვით, ქვესკნელში შაითნების ბელადის — ალირეღუ-ალღოჟის აულია. ბელადს გმირის ცოლი ჰყავს დატყვევებული). ამავე ჟანრში გვხვდება რიგი თავისებურებით აღბეჭდილი საიქიო, რომელიც მაღალ მთაზე მდებარეობს. ცხენის ტყავში გახვეული გმირი იქამდე არწივს აჰყავს და ჩამოყავს. ნართი სოსრუყოც, ზღაპრის გმირივით, საიქიოში შავი ცხვრით მიემგზავრება, უკან კი არწივი აბრუნებს.


ლიტერატურა

Мижаев М. И. Космогонические мифы адыгов // Мир культуры адыгов (проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкоп, 2002.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები