ჰეკატე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰეკატე.
ბრინჯაო (ახ.წ. I-II ს.ს.), რომი. კაპიტოლიუმის მუზეუმი

ჰეკატე(ბერძნ.) წყვდიადის, ღამეულ მოჩვენებათა და ჯადოქრობათა ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ტიტანების, პერსესისა და ასტერიას ასული (ზოგიერთი მითოსი მას ზევსისა და ჰერას, ზევსისა და დემეტრეს ან ჰადესის ასულად წარმოადგენს).

ჰეკატე ძველაღმოსავლური ღვთაებაა, რომლის კულტიც მოგვიანებით შემოვიდა საბერძნეთში. ჰომეროსი მას არ მოიხსენიებს. ჰესიოდესთან კი იგი მიწის, ზღვისა და ზეცის ძლევამოსილი ქალღმერთია, რომელიც ადამიანურ საქმეებს განაგებს. იგი მფარველობს მშობიარეებსა და ბავშვებს. ქმნის და ამრავლებს დოვლათს, სიმდიდრეს. განაგებს ნადირობის და მეთევზეობის საქმეებს. მეზღვაურებს უგზავნის ზურგქარს. ადამიანებს გამარჯვების ძალას ანიჭებს.

ღმერთები ჰეკატეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. ტიტანებზე გამარჯვების შემდეგ ზევსმა მას შეუნარჩუნა ძველი, ხთონური ღვთაებისათვის დამახასიათებელი უფლებები, რომლითაც ჰეკატე ცოცხალთა და მიცვალებულთა სამყაროებს ერთმანეთს უკავშირებდა. იგი ერთდროულად განასახიერებდა წყვდიადსაც და მთვარის ნათელსაც და ამ თვისებით უახლოვდებოდა სელენესა და არტემისს. ჰეკატეს არტემისის ღამეულ სახეობად მიიჩნევდნენ. იგიც მონადირე ქალღმერთად ითვლებოდა, თუმცა მისი ნადირობა – ეს იყო პირქუში, იდუმალი სვლა საფლავებსა და მიწისქვეშეთის აჩრდილთა შორის ღამისეულ სიბნელეში. იმავდროულად ჰეკატე მიწის მაცოცხლებელ ძალასაც ფლობდა. ამ თვისებით კი დემეტრეს თანაგვარი ხდებოდა. ძვ.წ. V საუკუნიდან ჰეკატე იმკვიდრებს აჩრდილთა წყვდიადისეულ მოჩვენებათა, ჯადოქრობათა, შელოცვათა გრძნეული ქალღმერთის სახელს. იგი მიწისქვეშა სამყაროს ბინადართა მბრძანებელი ხდება და ამ ფუნქციით პერსეფონესაც უახლოვდება. ჰეკატეს კულტი გავრცელებული იყო ეგინაზე, არგოსსა და ელევსინში, აგრეთვე კუნძულ სიცილიაზე. ეგინაზე იმართებოდა ამ ღვთაების პატივსადები მისტერიები.

ჰეკატეს სახეს ხშირად მიმართავდნენ გვიანი ხანის პოეტები და მას აჩრდილთა, ბოროტი და მავნე სულების მბრძანებლად წარმოადგენდნენ. მათი გადმოცემით ჰეკატე დაქროდა გზაჯვარედინებსა და საფლავებს შორის ჯოჯოხეთის ქოფაკთა და ჯადოქართა თანხლებით. პერგამონის საკურთხევლის ფრიზზე, სადაც გიგანტომაქიის ფრაგმენტებია წარმოდგენილი, ვხვდებით ჰეკატეს გამოსახულებას: მას სამი თავი და ექვსი ხელი აქვს. იგი შეიარაღებულია შუბითა და მახვილით, ამასთანავე ხელთ უპყრია ჩირაღდანიც. ძველ საბერძნეთში გზაჯვარედინებზე დგამდნენ სამთავიანი ჰეკატეს ქანდაკებებს. ათენის თითქმის ყოველ სახლში ინახებოდა მისი გამოსახულება.

ჰეკატეს წმინდა ცხოველად ითვლებოდა ძაღლი. ხოლო მსხვერპლად ამ ღვთაებას სწირავდნენ ლეკვებს.

რომაელებმა ჰეკატე ტრივიასთან, სამი გზის განმასახიერებელ ღვთაებასთან, გააიგივეს.

შუასაუკუნეებში ჰეკატეს უწმინდურ ძალთა მფარველად მიიჩნევდნენ (შდრ. შექსპირის „მაკბეტი“).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები