ჰელმჰოლცი ჰერმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერმან ჰელმჰოლცი

ჰელმჰოლცი ჰერმან - Helmholtz Hermann, Гельмгольц Герман, 1821-1894

გერმანელი ფიზიოლოგი, ფსიქოლოგი, ფიზიკოსი, XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი. როგორც ფიზიოლოგიაში ე.წ. ფიზიკო-ქიმიური სკოლის ერთ-ერთი ლიდერი, ჰელმჰოლცი მიიჩნევდა, რომ ფიზიკის კანონები, განსაკუთრებით მის მიერ ჩამოყალიბებული ენერგიის შენახვის (მუდმივობის) კანონი, ცოცხალ ბუნებაზეც უნდა ვრცელდებოდეს. ჰელმჰოლცი მოღვაწეობდა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში (კენიგსბერგი, ბონი, ბერლინი). ფსიქოლოგიისთვის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი დაემთხვა მის მუშაობას ჰაიდელბერგში, სადაც მისი ასისტენტი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მომავალი ფუძემდებელი ვ. ვუნდტი იყო. აქ შეიქმნა ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „ფიზიოლოგიური ოპტიკა” (1867) და „ტონების შეგრძნება” (1875), რომლებიც მხედველობისა და სმენის შეგრძნების მოდალობაში კლასიკურ გამოკვლევებად იქცა. ჰელმჰოლცმა აღმოაჩინა მრავალი ეფექტი, რითაც სათავე დაუდო ცოდნის ახალ დარგს - ფსიქოფიზიოლოგიას. ამავე დროს, მან შექმნა მხედველობისა და სმენის თეორიები, რომლებიც დღესაც მთავარ ამხსნელ მოდელებად რჩება. მანამდე ჰელმჰოლცმა გამოიგონა ხელსაწყო ოფტალმოსკოპი, რომელსაც თვალის შესწავლისთვის რევოლუციური მნიშვნელოვნება ჰქონდა. უფრო ადრე კი (1850) მან პირველმა გაზომა ნერვში აგზნების გავრცელების სიჩქარე, რომლის ელექტრული ბუნება დიუბუა-რაიმონმა დაამტკიცა. ეს აღმოჩენები საფუძველს აცლიდა ვიტალისტურ წარმოდგენებს ნერვში „ცხოველური სულების” გავრცელების თაობაზე და შემდგომში რეაქციის სიჩქარის კვლევებს დაედო საფუძვლად. ჰელმჰოლცი იზიარებდა თავისი მასწავლებლის, ი. მიულერის შეგრძნების ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის კანონის მთავარ აზრს იმის შესახებ, რომ შეგრძნება გამოხატავს არაიმდენად საგნის თავისებურებას, რამდენადაც ნერვულ-სენსორული სისტემის მდგომარეობას. მაგრამ ჰელმჰოლცი არც აღქმის საგანსა და შეგრძნებას შორის გამოცდილებაში მოცემულ კავშირს უარყოფდა. ამ მოცემულობათა მორიგებას ჰელმჰოლცი ე.წ. „სიმბოლოების თეორიით” ცდილობდა. ამ თეორიის მიხედვით, საგანი და შეგრძნება ერთმანეთთან არის დაკავშირებული - შეგრძნება ნიშანია, რომელიც ისევე ჰგავს საგნის რეალურ თვისებას, როგორც იეროგლიფი - თავის მნიშვნელობას.

ხოლო საკუთრივ აღქმა თითქმის არასდროს არაა შედგენილი მხოლოდ აქტუალური სენსორული მონაცემებით. აღქმა ყოველთვის მეტია იმაზე, რაც შეგრძნებებშია მოცემული. აღქმის ხატი შევსებულია გამოცდილებით, რომელიც ასოციაციისა და გამეორების შედეგია. აღქმაში გამოცდილებისა და სენსორული მონაცემების გაერთიანება არაცნობიერად, დასკვნის მსგავსად მიმდინარეობს. ასეთია ჰელმჰოლცის ცნობილი „არაცნობიერი დასკვნის თეორიის” დედააზრი.

ჰელმჰოლცმა არაცნობიერი დასკვნის კონცეფცია ყველაზე ნაყოფიერად სივრცის აღქმის მიმართულებით გამოიყენა.ჰელმჰოლცი გენეტიზმის პოზიციაზე იდგა და სივრცის აღქმის ფსიქოფიზიოლოგიური მექანიზმის შეძენილობას ამტკიცებდა. როგორც შეგნებული ექსპერიმენტატორი, ჰელმჰოლცი არ დაკმაყოფილდა თეორიული მსჯელობით და საკითხის გასარკვევად გააკეთა სათვალე სპეციალური ლინზებით, რომლებიც გადაწევდნენ ხილულ ობიექტს მარჯვნივ მისი რეალური ადგილიდან. თავდაპირველად ცდისპირებს ეშლებოდათ და ხელს იწვდენდენ არა იმ ადგილისკენ, სადაც ნამდვილად იყო ობიექტი, არამედ იქით, სადაც ეჩვენებოდათ, მაგრამ ადეკვატურ მოძრაობასაც მალე დაისწავლიდნენ. ანუ მოხდა პერცეპციული ადაპტაცია. ცდისპირების გონებამ მხედველობითი ნერვებიდან წამოსული სიგნალების ახლებური „ინტერპრეტაცია” მოახდინა და ადამიანმა საგანი ადეკვატურად დაინახა. სათვალის მოხსნის შემდეგ ისევ საჭირო იყო გარკვეული დრო ნორმალური სივრცითი ორიენტაციის აღსადგენად. ამ ცდებით დასტურდება, რომ სივრცის აღქმა გამოცდილებით ყალიბდება.

საზოგადოდ არაცნობიერი დასკვნის თეორია შეიცავდა მითითებას სენსორული და ინტელექტუალური კომპონენტების ერთიანობაზე აღქმისეული ხატის ჩამოყალიბების პროცესში, რასაც თანამდეროვე კოგნიტივისტური ფსიქოლოგია მთლიანად ადასტურებს.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები