ჰერეთის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერეთის ერისთავი - ჰერეთის საერისთავოს დაარსება დაკავშირებულია ბაგრატ III-ის (975-1014 წწ.) სახელთან. 1008 წ., როდესაც ბაგრატმა ჰერეთი აიღო, მმართველად აბულალი დასვა. წყაროს ტერმინოლოგია მიუთითებს, რომ აბულალი ბაგრატისადმი ლოიალურად განწყობილი „მთავარი“ იყო და არა მეფის მოხელე-ერისთავი. მაგრამ აბულალის მთავრობა მაშინვე შეწყვეტილა, როგორც კი კახეთის მთავარმა დავითმა ჰერეთი ისევ დაიბრუნა. ბაგრატ III 1010 წ. ხელახლა იპყრობს კახეთ-ჰერეთს და, როგორც ჩანს, აქ საერისთავოებს აარსებს.

1014 წ. გიორგი I-ის (1014-1027) ტახტზე ასვლისთანავე, კვირიკე დიდი (1010-1037) განუდგა ერთიანი საქართველოს მეფეს და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. ვახუშტის ცნობით, კვირიკე დიდმა სამეფო შვიდ საერისთავოდ დაყო. აქიდან სამი იყო კახეთში, ხოლო ოთხი ჰერეთში: ხორნაბუჯის (ხონანთა), ვეჟინის, მაჭის, შტორის (დ. მუსხელიშვილი „ქართლის ცხოვრების“ უძველეს ნუსხებზე დაყრდნობით, „შტორის“ უფრო სწორ ფორმად მიიჩნევს „ტურს“). „მატიანე ქართლისაჲ“ სახელდებით გვაცნობს ბაგრატ IV-ის თანამედროვე ჰერეთის ერისთავებს: პანკისის ერისთვ სტეფანოზ ვარჯანის-ძეს, ხორნაბუჯის ერისთავ ვაჩე გურგენის ძეს, შტორისა და მაჭელის ერისთავ ჯედის, გოდერძის დისწულს და ვეჟინის ერისთავ წირქუალელს (დ. მუსხელიშვილი უპირატესობას ანიჭებს ანასეული „ქართლის ცხოვრების“ წაკითხვას, სადაც მაჭის ერისთავად მოხსენიებულია გოდერძი და არა ჯედი). „მატიანის“ იმ ეპიზოდში, სადაც ლაპარაკია კახელი დიდებულების თანადგომით თბილისში შესვლაზე, ერისთავად მოხსენიებულია გოდერძი. ამავე გოდერძი ერისთავთან აიგივებენ ალავერდის წარწერაში მოხსენიებულ გოდერძის: „წმიდაო გიორგი, მწე-მფარველ ეყავ წინაშე ღმრთისა მონასა შენსა გიორგი აბაის, დისწულსა გოდერძი ერისთავთ-ერისთავისა“. XI ს-ის შემდგომ ჰერეთის საერისთავოები წყაროებში აღარ მოიხსენიება. როგორც ჩანს, კახეთ-ჰერეთში დავით აღმაშენებელმა გააუქმა პატარ-პატარა საერისთავოები და დატოვა მხოლოდ ორი - კახეთისა და ჰერეთის.

XI-XIII სს-ში ჰერეთში შედიოდა ალაზნის აღმოსავლეთი სანაპირო, ე.წ. „გაღმამხარი“ - კახეთსა და შაქს შუა მდებარე ტერიტორია. ჰერეთის საზღვრებში შემოდიოდა მერმინდელი საინგილო და დაღესტან-ხუნძეთის ნაწილი. ცნობები ჰერეთის ერისთავთა შესახებ ძალზე მცირეა. გიორგი III-ის (1156-1184) დროს ჰერეთის ერისთავი იყო ვარდან კოლონკელისძე, რომელიც მეფის მტრობაში ყოფილა შემჩნეული. 1177 წ. ვარდან კოლონკელისძემ და მისმა ძემ, ივანემ, დიდი დახმარება გაუწიეს აჯანყებულ ორბელებს (შ. მესხია). მიუხედავად ამისა, მათ ფეოდალურ სახლს ჰერეთის ერისთავობა ორბელთა მარცხის შემდგომაც კარგა ხანს ეპყრა. თამარის მეფობის დასაწყისში ჰერეთის ერისთავია საღირ კოლონკელისძე, რომელსაც ეს თანამდებობა ჩამოართვეს გრიგოლისძეებმა, იმავე გიშელებმა. XIII ს-ის შუა ხანების შემდეგ ჰერეთის ერისთავთა შესახებ ცნობები აღარ მოიპოვება.

ჰერეთის ერისთავები XII-XIII სს

წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაი 1955: 279, 298, 300, 308;
  • სუმბატ დავითის ძე 1955: 383;
  • ისტორიანი და აზმანი 1959: 12, 34, 67;
  • ჟამთააღმწერელი 1959: 192, 301;
  • ვახუშტი 1973: 561;
  • ბარნაველი 1962: 12;
  • მესხია 1979: 121;
  • მუსხელიშვილი 19167: 107, 122-126;
  • პაპუაშვილი 182: 204;
  • კიკნაძე 1983: 95;
  • ბახტაძე 2003: 183-185.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები