ჰერტლი დევიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ ჰერტლი

ჰერტლი დევიდ - Hartley David, Гартли Дейвид, 1705-1757

ინგლისელი ექიმი, პირველი, დასრულებული სახის მქონე ასოციაციონისტური ფსიქოლოგიის სისტემის შემქნელი, რომელიც გადმოცემულია წიგნში „ფიქრები ადამიანზე, მის აგებულებაზე, მოვალეობებსა და იმედებზე” (1749).

ჰერტლისთან მთელი ფსიქიკური ცხოვრება ასოციაციის პრინციპის საფუძველზეა გააზრებული. ჰერტლი ცდილობს, ერთმანეთს დაუკავშიროს ჯ. ლოკისა და მისი მიმდევრების იდეათა ასოციაციის მოძღვრება და ი. ნიუტონის ე.წ. ვიბრაციების თეორია. ჰერტლის აზრით, ის კანონზომიერებანი, რომლებსაც ემორჩილება სულის იდეები და სხეულის ვიბრაციები, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ისინი მხოლოდ პარალელურია და არა იდენტური. სხეული და სული სხვადასხვა რეალობას, სუბსტანციას მიეკუთვნება {ფსიქოფიზიკური პარალელიზმი}.

სულის სამყაროს აგებულებაში ჰერტლიმ სამი უმარტივესი ელემენტი გამოკვეთა: შეგრძნებები (სენსეციები), იდეაციები (შეგრძნების იდეები ანუ გამეორება საგნის რეალური მოცემულობის გარეშე - არსებითად, წარმოდგენა) და აფექტაციები (სიამოვნება-უსიამოვნება). ეს არის ის მასალა, რომლისაგანაც ასოციაციის მექანიზმის მეშვეობით მთელი ფსიქიკური ცხოვრება აიგება. ამასთან, სხეულებრივი (ნერვული) და ფსიქიკური პროცესები სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან. სხეულებრივ პროცესებს წარმოქმნის სხეულებიდან წამოსული ვიბრაციები, რომლებიც გადაეცემა შეგრძნების ორგანოებს, ხოლო იქიდან ტვინსა და კუნთებს.

ასოციაციის კანონებს ჰერტლიმ გამეორება დაუმატა. მანვე საგანგებო მსჯელობის საგნად აქცია სიმულტანური (ერთდროული) და სუქცესიური (თანმიმდევრული) ასოციაციების არსებობა და ამით მკვეთრად გააფართოვა ასოციაციის გამოყენების არე. ის ვარგისიანი გახდა როგორც თანმიმდევრული პროცესების (მეხსიერება, აზროვნება), ისე მარტივი იდეების კომპლექსებად შერწყმის ასახსნელად {აღქმა}. სულის ყველა რთული მოვლენა მარტივი ფსიქიკური მასალით აიგება ასოციაციის მეშვეობით. აფექტები და ვნებები შეგრძნებათა, სიამოვნება-უსიამოვნების ან მათი იდეების ასოციაციური გაერთიანებაა. აღქმები მიიღება საგნის შეგრძნებად თვისებათა ამსახველ შეგრძნებათა შეერთების გზით. მეხსიერება ასოციაციურად დაკავშირებული იდეების აღდგენაა იმ თანმიმდევრობით, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. წარმოსახვაც იდეების დაკავშირებაა, ოღონდ თავდაპირველი წესისა და თანმიმდევრობის გარეშე (მაგ., სიზმარი). აზროვნება ჰერტლის პირდაპირ არ განუხილავს, მხოლოდ სიტყვით გამოთქმული შინაარსის გაგების/გააზრების პროცესი განიხილა. სიტყვა ბგერათა ჯამია, სიტყვის მნიშვნელობა კი იმ შეგრძნებად თვისებათა კომპლექსი, რომლითაც საგნები ერთმანეთს ჰგავს. მაგ., სიტყვა „სითეთრის” მნიშვნელობა მრავალი საგნის (თოვლი, ქაღალდი, რძე და ა.შ.) მუდმივი შეგრძნებადი თვისების გამოყოფის (და აბსტრაქციის) შედეგად მიიღება. აღზრდისა და სწავლის პროცესში ხდება ასოციაციური კავშირების დამყარება სათანადო ბგერით კომპლექსებსა და საგნების შეგრძნებად თვისებათა ერთობლიობას შორის. სიტყვის მნიშვნელობის გაგებაც ამას ნიშნავს. არსებითად, ასეთივე გზით მიმდინარეობს ცნების ჩამოყალიბება - აქ ჰერტლი ჯ. ლოკის აზრებს ეყრდნობა {ნომინალიზმი}.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები