ჰექტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰექტორი(ბერძნ.) ტროელთა მთავარი გმირი. პრიამოსისა და ჰეკაბეს უფროსი ვაჟი. ანდრომაქეს მეუღლე. ასტიანაქსის მამა.

ტროას ომის დროს მეფე პრიამოსი უკვე ხანდაზმული იყო და ამიტომ მთავარსარდლობა მის უფროს ვაჟს, ჰექტორს ხვდა წილად. სწორედ მან განგმირა ბერძენი პროტესილაოსი, რომელმაც პირველმა დაადგა მტრული ფეხი ტროელთა მიწას. იგი ორგზის შეებრძოლა ბერძენთა ძლევამოსილ გმირს, აიას, ტელამონის ძეს. მისი წინამძღოლობით შეიჭრნენ ტროელები ბერძენთა ბანაკში და ცეცხლის ალს მისცეს ერთი ხომალდი. ჰექტორმა მოკლა აქილევსის მეგობარი პატროკლოსი, რითაც განარისხა ბერძენთა დიადი გმირი. მშობლებისა და საყვარელი მეუღლის სურვილის წინააღმდეგ ჩაება იგი დასამარცხებლად განწირულ ბრძოლაში. ეს ტროას ომის მეათე წელს მოხდა. იცოდა ჰექტორმა, რომ ტროა დაემხობოდა. აი, როგორ გამოეთხოვა იგი საყვარელ მეუღლეს, ანდრომაქეს, რომელსაც პატარა ასტიანაქსი, მათი შვილი, მკერდზე მიეკრა: „მე არ შემფერის, რომ ლაჩრულად გავექცე ბრძოლას. შენც კარგად იცი, მუდამ წინ მივუძღოდი ტროელთა ლაშქარს. დიდება მსურდა ჩემთვისაც და ჩემი ხალხისთვისაც. ვიცი, სულ მალე დაინგრევა ტროა, გადაშენდება პრიამოსის მოდგმაც. სწორედ ამიტომ მათი ბედი კი არ მაღელვებს, მე შენზე ვდარდობ! ტყვედ ჩაგიგდებენ ბერძნები და დაგიმონებენ. გაიძულებენ ქსოვო, ანდა წყალი ზიდო წყაროებიდან. ცრემლებმორეულს დაგინახავს ნაცნობი ვინმე და ასე იტყვის: ეს ხომ ჰექტორის ცოლიაო! იმ ჰექტორისა, რომელიც თავისი ღირსებითა და სიქველით გამოირჩეოდა ტროელთა შორის. შენ ძველი სევდა მოგერევა, გაიხსენებ ქმარს, მონობის უღელს რომ აგხსნიდა. და კიდევ კარგი, რომ იმ დროს უკვე ცოცხალთა შორის აღარ ვიქნები, რომ ვერ გავიგებ შენს სევდიან მოთქმას და ტირილს!“

ჰექტორისა და ანდრომაქეს გამოთხოვების ეპიზოდი ჰომეროსის პოეტურ ქმნილებათა შედევრად ითვლება.

ჰექტორი აქილევსთან ორთაბრძოლისას დაიღუპა. ბერძენმა გმირმა სასტიკად იძია შური პატროკლოსის სიკვდილისათვის: მან ჰექტორის გვამი თავის ეტლს მიაბა, ტროას გარშემო ათრია და გარდაცვლილი პატროკლოსის ფეხებთან მიაგდო. მისი მრისხანება მხოლოდ მაშინ დაცხრა, როდესაც მოხუცი პირამუსი იხილა: ოდესღაც ძლევამოსილმა მეფემ ხელები დაუკოცნა თავისი შვილების მკვლელ აქილევსს და დიდძალი ძღვენით გამოისყიდა ჯერ კიდევ წაუბილწავი ჰექტორის გვამი, რადგანაც მას აპოლონი მფარველობდა.

ტროელებმა დიდი პატივით მიაბარეს ჰექტორი მიწას. გამოუთქმელი მწუხარებით დაიტირა იგი ანდრომაქემ, რომელსაც სულ მალე საშინელი უბედურება დაატყდა თავს. ოდისევსის წინამძღოლობით ტროაში შეჭრილმა ბერძნებმა კლდიდან გადააგდეს ჰექტორისა და ანდრომაქეს მცირეწლოვანი ვაჟი ასტიანაქსი იმის შიშით, რომ ცოცხლად დარჩენილს არ ეძია შური უმოწყალოდ განადგურებული სამეფო ოჯახის გამო.

მშობლებისა და მეუღლის მოყვარული, სამშობლოს დამცველი ღირსეული გმირი ჰექტორი კეთილშობილებისა და თავისი საქმის ერთგულების სიმბოლოდ იქცა ძველი საბერძნეთისა თუ გვიანი ხანის ხელოვნებაში (აღსანიშნავია შილერის „ჰექტორის გამომშვიდობება“. ჟიროდუს „ტროას ომი აღარ იქნება!“. რუბენსის, ტიეპოლოსა და სხვათა ქმნილებები).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები