ჰიპოკრატე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იპოკრატე

ჰიპოკრატე - ლათ. Hippokrates, Гиппократ, 460-377 ძვ.წ.

სახელგანთქმული ძველი ბერძენი ექიმი, ცნობილი, როგორც „მედიცინის მამა” . ჰიპოკრატე ეკუთვნოდა კუნძულ კროსოსის ექიმთა საოჯახო დინასტიას და თავადაც შექმნა დიდი სამეცნიერო სკოლა.

ჰიპოკრატე ამოდიოდა გავრცელებული ნატურფილოსოფიური შეხედულებიდან, რომ ბუნება საზოგადოდ და ადამიანის სხეული კერძოდ, შედგება ოთხი საწყისისაგან (ელემენტისაგან/სტიქიისაგან): ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი; მათ თავ-თავიანთი თვისებები ახასიათებს (სითბო, სიმშრალე, სისველე, სიცივე). ორგანიზმში მათ შეესაბამება ოთხი „სუბსტანცია” ან სითხე: სისხლი, თეთრი ნაღველი, შავი ნაღველი და ლორწო. როდესაც ორგანიზმის სითხეები კარგი, ბუნებრივი თანაფარდობითაა შერეული, რასაც „კრაზა” ეწოდება (თანამედროვე ჰომეოსტაზის ანალოგი), ადამიანი ჯანმრთელია; სითხეთა არასწორი თანაფარდობა კი (ე.წ. „დისკრაზია”) ავადმყოფობის მიზეზი ხდება. გამოჯანმრთელება დისკრაზიის კრაზად გარდაქცევის გზით ხორციელდება. ამისთვის გამოიყენება წამლები და პროცედურები, რომლებიც ორგანიზმის სითხეების სისტემას აწონასწორებს: დიეტა, სისხლის გამოშვება, სასაქმებელი, პირღებინება და სხვა.

თავისი ჰუმორალური თვალსაზრისით ჰიპოკრატე არა მხოლოდ ავადმყოფობათა მიზეზების გარკვევას ცდილობდა, არამედ აგრეთვე ადამიანების ორგანიზმის თავისებურებათა გარკვევასაც, ამ თავისებურებას ტემპერამენტი უწოდა. ტემპერამენტის ტიპი გამოიყოფა იმის მიხედვით, თუ რომელი სითხე ჭარბობს ინდივიდში. ტემპერამენტის ტიპების ჰიპოკრატესეული სახელწოდებები (სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი, ფლეგმატიკი) დღემდე შემორჩა ფსიქოლოგიას, მაგრამ თავად ჰიპოკრატეს მიდგომა წმინდად ფიზიოლოგიური იყო. იგი არ უკავშირებდა ტემპერამენტს ადამიანის ფსიქიკასა და ხასიათს, მხოლოდ ორგანიზმის მოქმედებაზე ამახვილებდა ყურადღებას. თუმცა ჰიპოკრატესთან მკაფიოდაა ჩამოყალიბებული სხეულისა და ფსიქიკის კავშირიც. კერძოდ, სული ორგანიზმის უფრო ნატიფი, მგრძნობიარე ნაწილია და მისი მდგომარეობა სხეულის მდგომარეობაზე ურთიერთზემოქმედებს.

დროთა განმავლობაში ჰიპოკრატეს სკოლაში გაჩნდა აზრები იმის თაობაზე, თუ სავარაუდოდ როგორი ფსიქიკური თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომლის ორგანიზმში ესა თუ ის სითხე ჭარბობს. აქედან აღმოცენდა სხვადასხვა ტიპის ტემპერამენტის ფსიქოლოგიური „პორტრეტები”. საბოლოოდ ტემპერამენტის ტიპების ფსიქოლოგიური აღწერა ი. კანტმა ჩამოაყალიბა.

ჰიპოკრატეს რწმენით, სულის მდგომარეობათა გამომწვევი ორგანო არის თავის ტვინი. „უნდა ვიცოდეთ, რომ ტვინიდან და მხოლოდ ტვინიდან აღმოცენდება როგორც ნეტარება, სიხარული, სიცილი, ხუმრობა, ასევე ტანჯვა, ნაღველი, ტკივილი, ტირილი... მისგან ვგიჟდებით, გვაბოდებს, გვიპყრობს შფოთვა და შიში, ღამითაც და დღისითაც” . ამრიგად, ფსიქიკური დაავადებები ტვინის მოქმედების აშლილობას დაუკავშირდა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც სითხეთა წონასწორობის დარღვევაა. „ცივი ტვინის” შემთხვევაში წყნარი გონებააშლილობა ხდება - მელანქოლია; ტვინის ზომაზე მეტი „სიმშრალე” იწვევს აგზნებულ და აგრესიულ ქცევას - მანია. ჰიპოკრატემ კარგად იცოდა მრავალი აშლილობა: ეპილეფსია, რომელსაც სპეციალური ტრაქტატი მიუძღვნა; ფსიქოპათიები; მოსაზღვრე მდგომარეობანი (გაუწონასწორებულობა, გულჩათხრობილობა და სხვა), რომლებიც, მისივე გაგებით, არ უნდა ჩაითვალოს სულის გამოკვეთილ დაავადებად. მანვე შემოიტანა ტერმინი ისტერია.

ამრიგად, ჰიპოკრატეს სკოლაში წარმოდგენილია ფსიქიკურ დაავადებათა ცერებრალურ-ჰუმორალური თვალსაზრისი. გავრცელებული შეფასებით, ჰიპოკრატეს მოძღვრება კონცენტრირებულია სხეულებრივ და ფსიქიკურ დაავადებათა გარეგანი ეტიოლოგიური ფაქტორების გამოვლენაზე, სახელდობრ როგორ ზემოქმედებს გარემო (კლიმატი, წლის დრო, წყლის შემადგენლობა და სხვა) სომატურ {ჰუმორალური ბალანსი} და ფსიქიკურ {ტემპერამენტი} კონსტიტუციაზე, საბოლოოდ კი ჯანმრთელობაზე. მაგრამ ჰიპოკრატე პირდაპირ მიუთითებს მემკვიდრეობის ფაქტორზეც და ამბობს: თუკი ფლეგმატიკისაგან მართლაც ფლეგმატიკი იბადება, ნაღვლიანისაგან - ნაღვლიანი, ჭლექიანისაგან - ჭლექიანი და ა.შ, მაშინ რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეპილეფსიაც არ გადავა მამიდან ან დედიდან რომელიმე შვილზე?

ჰიპოკრატე მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ყველაზე აღიარებული მეცნიერ-მედიკოსი.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები