ჰოლი სტენლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰოლი სტენლი

ჰოლი სტენლი - Hall Stanley Granville, Холл Стенли Гранвил, 1846-1924

ამერიკაში ასაკობრივი და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. ფსიქოლოგია მან ლაიფციგში, ვუნდტის ხელმძღვანელობით შეისწავლა, მაგრამ ამერიკაში დაბრუნებისას უარი თქვა თავისი მასწავლებლის წმინდა აკადემიურ, ზოგადფსიქოლოგიურ ორიენტაციაზე და ყურადღება პრაქტიკულ საკითხებზე გადაიტანა, უპირატესად სწავლებისა და ასაკობრივი განვითარების მიმართულებებით. ისე კი ჰოლი ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც მეცნიერების თვალსაჩინო ორგანიზატორი. მან დააარსა ამერიკის პირველი ფსიქოლოგიური კვლევითი ლაბორატორია ბალტიმორის უნივერსიტეტში (1883), პირველი ფსიქოლოგიური ჟურნალი (1887), აგრეთვე ჟურნალი გენეზისურ და პედაგოგიკურ ფსიქოლოგიაში, რელიგიის ფსიქოლოგიაში, გამოყენებით ფსიქოლოგიაში. იგი იყო ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოების დაფუძნების ერთერთი ინიციატორი და მისი პირველი პრეზიდენტი (1892).

ჰოლის მეცნიერული ინტერესები საკითხთა ფართო წრეს მოიცავდა. მათ შორის უნდა გამოიყოს კლასიკური გამოკვლევა რელიგიის ფსიქოლოგიაში. მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება მას ბავშვის ფსიქიკური განვითარების მიმართულებით შესრულებულმა კვლევებმა მოუტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კაპიტალური ნაშრომები „ჭაბუკობა” და „აღზრდის პრობლემები”. თავის ბოლო წიგნში „სიბერე” ჰოლმა გააფართოვა ასაკობრივი ფსიქოლოგიის ფარგლები - მისმა კვლევამ არა მხოლოდ სიცოცხლის საწყისი, არამედ მისი დამასრულებელი პერიოდიც მოიცვა.

მოზარდების შესასწავლად ჰოლმა და მისმა თანამშრომლებმა შეიმუშავეს მრავალი ანკეტა და მათი საშუალებით დიდძალი მასალა დააგროვეს ბავშვის სულის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. ჰოლის გავლენით ანკეტური მეთოდი ამერიკაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ უკვე ასოცირდებოდა ჰოლის, და არა მისი ნამდვილი შემქმნელის, ფ. ჰალტონის სახელთან.

კვლევის შედეგად ჰოლი გარკვეულ თეორიულ განზოგადებამდე მივიდა, რომელიც ბავშვის განვითარების კანონზომიერებას ეხებოდა. ეს ე.წ. რეკაპიტულაციის თეორიის სახით იქნა ჩამოყალიბებული. ამ თეორიაზე დაყრდნობით ჰოლმა შეიმუშავა თამაშის თეორია თამაშის თეორიები და სწავლა-აღზრდის პრინციპები. ისინი უნდა ეფუძნებოდენენ განვითარების გარკვეულ დონეს, რომელსაც რეკაპიტულაციის კანონზომიერების მიხედვით მიმდინარე ბუნებრივი მომწიფების პროცესი განსაზღვრავს. მაგ., კითხვის სწავლებისას ზღაპრის საჭიროების დასაბუთება ხდებოდა პარალელებით პრიმიტიულ კულტურებთან, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი მიდრეკილება ყოველივე ზღაპრულისკენ; რელიგიური აღზრდის კუთხით, ბავშვი განიხილებოდა პატარა წარმართად და რეკომენდებული იყო „გაეტარებინათ” იგი ყველა კონკრეტული რელიგიის ისტორიულ ფორმაში, რათა აღმოეფხრათ ისინი ბავშვის ცნობიერებიდან და მიეყვანათ იგი თანამედროვე კულტურული კაცობრიობის ათეიზმამდე. დღევანდელი გადასახედიდან ეს ყოველივე არასერიოზულად გამოიყურება {რეკაპიტულაციის თეორია}. უფრო მეტიც, ჰოლის თეორიამ სახელი გაუტეხა ონტოგენეზისა და კულტურგენეზის კანონზომიერებათა მსგავსების თემატიკას {ონტო-კულტურგენეზი}. მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში, ე.წ. პედოლოგიური მოძრაობის ფარგლებში, რომელსაც ჰოლი ჩაუდგა სათავეში, ამ თემებზე ბევრს საუბრობდნენ {პედოლოგია}.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები