ჰოროლ ებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოროლ ებელ-ი / მუჩულალ ილა / შჩუორლა ღჲაშა / შჩუორლა ღჲაშურა / დაღლა აბა / ბუკუმილა ხადიჟა / ჩასაჟი / ობურ-ქურთქა (ხუნძ. Гьорол эбел – „ქარის დედა“, Мучулал ила – „ქარის დედა“; დარგ. Щуорла ГIяйша – „ქარის ღჲაჲშა“, Щуорла ГIяшура – „ქარის ღჲაშურა“, ДагIла аба – „ქარის დედა“, БукIумила Хадижа – „ქარის ხადიჟა“; ლაკ. Чассажи; ნოღ. Обур-куртка – „ავმუცელა დედაბერი“) – ძლიერი ქარის პერსონიფიცირებული სულები ხუნძური, დარგუული, ლაკური და ნოღაური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. ისლამის გავლენით, სოფ. ხუნძახში ქარის გამგებლად ისრაფილ-მალაიქი იყო აღიარებული, ხოლო თაბასარანელებში – რჲად-ფეიღამბარი.

ქარის შესახებ არსებულ ადრეულ წარმოდგენებზე ისლამის გავლენა შედარებით თვალსაჩინო ხდება ყურანის ერთი სიუჟეტით, რომელიც სამუდილებს შეეხება (სამუდილები, რომლებმაც ალაჰის მოწყალება ვერ შეაფასეს, თავიანთი ცოდვის გამო, განადგურდნენ). არის რწმენა, რომ გაზაფხულ-ზაფხულის მიჯნაზე მთელი კვირა ქრის „სამუდილების ქარები“ (самудилазул гьури), რომელიც წელიწადის ამ დროებს ყოფს (სოფ. ხუნძახი). ლეგენდის თანახმად სამუდილებს ჰყავდათ დედა, რომელსაც სოფ. ბოთლიხში – ადი, ხოლო ხუნძახში ბარდულ აზიზათი ერქვა. ალაჰმა დაუმორჩილებელი წარმართი – ბარდულ აზიზათი – დასაჯა და კლდეზე აღმართულ უზარმაზარ რკინის ბოძზე მიაჯაჭვა, სადაც იგი განკითხვის დღემდე უნდა დაიტანჯოს.

რაც შეეხება ადგილობრივ „ქარის დედებს“ ისინი წარმოდგენილი ჰყავთ გრძელი და გაწეწილი თმების მქონე ქალად, რომელიც „ქარის ცხენზე“ (гьорол чу) შეჯდომასა და ზეცაში ასვლას ცდილობს. „ქარის ცხენის“ შესახებ რწმენა ანდალალებსა და ჰიდათლელებშიც იყო გავრცელებული. ეს უკანასკნელნი ბავშვებს შემდეგი სიტყვებით აშინებდნენ: „აი, მოვა ქარის ცხენი და მოგიტაცებს“ (ლაკები ქარს ქარების დედის – ჩასაჟის – „საბრძოლო ცხენს“ უწოდებდნენ). სოფ. რუღუჯაში ქალები ჩვრებისგან ამზადებდნენ „ქარის დედოფალას“ (Гьорол ясикIо), მიწით ან სილით ტენიდნენ და უკეთებდნენ ჩალის თმებს, რომელსაც „ქარის დედის“ განდევნის რიტუალის შესრულებისას ცეცხლს წაუკიდებდნენ.

სოფ. ბაწადასა და შულანის ანდალალებში ქარი „ქარის ქალიშვილების“ სახით იყო პერსონიფიცირებული („ჰოროლ ჲასალ-ი“).

ძლიერი ქარის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, დაღესტნელები ქარს არ შეურაცხყოფდნენ, განიხილავდნენ, როგორც „ღმერთის წინასწარდასახულობას“ (Аллагьасул хукму); ამასთან არსებობდა რწმენა, რომ ძლიერ ქარს ყოველგვარი უბედურება თან მიჰქონდა (სოფ. ხარახი).


ლიტერატურა

  • Керейтов Р. Х. Мифологические персонажи традиционных верований ногайцев // СЭ, 1980, № 2;
  • Пиотровский М. Б. Самуд // Мифология: Большой энциклопедический словарь. М., 1998;
  • Сефербеков Р. И. К характеристике некоторых мифологических персонажей аварцев-гидатлинцев // Вестник Дагестанского научного центра. 2004, №17;
  • მისივე, К характеристике некоторых мифологических персонажей аварцев-андалальцев // Вестник Дагестанского научного центра. 2004, №19;
  • Сефербеков Р. И., Шигабудинов Д. М. Мифологические персонажи традиционных верований аварцев-хунзахцев. Махачкала, 2006;
  • Халидова М. Р. Мифологические образы в устной прозе народов Дагестана // Мифология народов Дагестана. Махачкала, 1984.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები