Ager Publicus (სახელმწიფო მიწა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Ager Publicus - (ager populi Romani) - სახელმწიფო მიწა. სახელმწიფო მიწა ნაკვეთებად იყიდებოდა რომის მოქალაქეებზე. ამ ტიპის ნაკვეთებს ეწოდებოდა agri quaestorii, რამდენადაც მისი გაყიდვით დაკავებული იყვნენ კვესტორები.სახელმწიფო მიწის სხვა ნაწილი გადაეცემოდა ტაძრებს, ქურუმთა კოლეგიებს როგორც საკუთრებაში, ისე დროებით სარგებლობაში. ამ მიწის ნაკვეთს ეწოდებოდა agri consecrati. ზოგჯერ სახელმწიფო მიწის ნაკვეთს სასყიდლის გარეშე გადასცემდნენ მოქალაქეებს, როდესაც ცალკეული პირები ან ახალი კოლონიის თემი იღებდნენ მიწებს. მიწის გაცემის ამ ტიპს კურირებდა 3 ან მეტი კაცისაგან შემდგარი კომისია. სახელმწიფო მიწის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მფლობელობაში რჩებოდა და სხვადასხვა სახით ხდებოდა მისი გამოყენება. ტერიტორიების დაპყრობების შედეგად ბევრი ნაკვეთი უბრუნდებოდა ძველ მეპატრონეებს (agri redditi), ხოლო მათ თავის მხრივ ზუსტად უნდა გადაეხადათ გადასახადი. მიწის სხვა ნაკვეთები დასამუშავებლად გადაეცემოდა კერძო პირებს (in possessionem tradita an concessa). ამ ტიპის ნაკვეთებს ეწოდებოდა possessiones. მფლობელს შეეძლო ეს მიწები მემკვიდრეობით გადაეცა ან გაეყიდა, თუმცა ჭეშმარიტ კერძო საკუთრებას ეს მიწა მაინც არ წარმოადგენდა, რადგან სახელმწიფოს 100 წლის შემდეგაც ჰქონდა მისი უკან გამოთხოვის უფლება. მიწის მფლობელები უხდიდნენ სახელმწიფოს ბეგარას. დაუმუშავებელი მიწები საძოვრებს წარმოადგენდა და დროებით სარგებლობაში ხდებოდა მათი გადაცემა მინიმალური დაბეგვრით (possessiones relictae, loca relicta).

მეფეების ეპოქაში მოქალაქეებს დაურიგდათ მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში. სერვიუს ტულიუსმა დიდი რაოდენობით მიწები დაურიგა პლებეებს. რესპუბლიკის ხანაში სიტუაცია შეიცვალა. პლებეები მუდმივად ითხოვდნენ მიწის გადაცემას იმის საფუძველზე, რომ ახალი მიწების დაპყრობა საკუთარი სისხლით უწევდათ. მიუხედავად იმისა, რომ პატრიციებს არ ჰქონდათ სახელმწიფო მიწის გამოყენების უფლება, ფაქტობრივად, ისინი მაინც სარგებლობდნენ ამ უფლებით ჯერ ერთი იმიტომ, რომ სერვიუს ტულიუსის კანონმდებლობამდე, ისინი წარმოადგენდნენ ხალხს (populus) და მეორეც, მათ ხელში არსებული მატერიალური დოვლათის გამო. სწორედ მათ ჰქონდათ საშუალება დაემუშავებინათ მიწის დიდი ნაკვეთები. ამასთანავე თავიანთი მდგომარეობის გამო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ სარდლებთან და მმართველებთან, რომლებიც გადასცემდნენ მათ ამ მიწებს. მიუხედავად ამისა, ისინი არ კმაყოფილდებოდნენ არსებული საკუთრებით და ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ პლებეელთა ახლოს მდებარე ნაკვეთებიც. მიწის გაყოფა-გაცემა პატრიციელთა და პლებეელთა შორის არსებული ხანგრძლივი დავის საგანი იყო. ტრიბუნები გამოდიოდნენ კანონპროექტებით მიწის შესახებ (leges agrariae). ამ კანონების ქვეშ იგულისხმება ყველა კანონი, რომლებიც ეხება მიწის გადაცემას როგორც მთელი კოლონიის, ასევე ცალკეული პირებისადმი.

Lex Cassia (ძვ. წ. 486 წ.) - კონსული კასიუს ვისცელინუსი ახალდაპყრობილი და არსებული მიწების ახალ განაწილებას სთავაზობს საზოგადოებას. პატრიციებმა დრო მოიგეს იმით, რომ დაინიშნა 10 კაცი, რომელთაც უნდა გაემიჯნათ სახელმწიფო მიწა კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებისაგან. შემდეგ სახელმწიფო მიწის ნაწილი დაეყოთ ნადელებად და გაენაწილებინათ. მეორე ნაწილი კი დაბეგვრას უნდა დაქვემდებარებოდა. პატრიციები ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ სენატის დადგენილების აღსრულებისათვის. დიდი პლებეელი კანონშემოქმედის გაიუს ლიცინიუს სტოლონის (ძვ. წ. 377-367 წწ.) სახელს უკავშირდება ახალი ეტაპი მიწის რეფორმის საქმეში. მისი კანონი გულისხმობდა:

1) არავის აქვს უფლება სახელმწიფო მიწებიდან 500 იუგერზე მეტი ფართის ფლობისა.
2) საზოგადოებრივ საძოვარზე იკრძალება 100-ზე მეტი მსხვილფეხა და 500-ზე მეტი წვრილფეხა საქონლის შენახვა.
3) ვინც დაარღვევდა ამ კანონს, ეკისრებოდა ფულადი ჯარიმა - მულტა (multa).

ამის შემდეგ გრაკქუსებამდე სიწყნარე იყო, სავარაუდოდ იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, პლებსი დამპყრობლურ ომებში იყო ჩართული, მეორე მხრივ, მრავალმა ღარიბმა თავშესაფარი იპოვა კოლონიებში. ამ პერიოდიდან ცნობილია მხოლოდ Lex Flaminia. მას შემდეგ, რაც რომმა ომებისაგან მოიცალა, ქვეყნის შიგნით ისევ გაჩაღდა ბრძოლა ღარიბებსა და მდიდრებს შორის. მცირე ქონების პატრონები ძალიან დაზარალდნენ II პუნიკური ომის დროს. მრავალმა მათგანმა საერთოდ მიატოვა მიწათმოქმედება. საშუალო ფენამ არსებობა შეწყვიტა. გრაკქუსებმა გადაწყვიტეს მიწათმოქმედების აღორძინებით ღარიბთა მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ. ეს გარკვეულწილად აზარალებდა მიწათმფლობელთა ინტერესებს. თავდაპირველად ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსმა ძვ. წ. 134 წელს გამოსცა აგრარული კანონი, რომელსაც საფუძვლად ლიცინიუსის კანონი დაუდო: ვინც ფლობდა 500 იუგერზე მეტ მიწას, მას იგი უკან უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოსათვის, რის შემდეგაც ისინი ჯილდოს მიიღებდნენ. გამოთავისუფლებული მიწა გადანაწილდებოდა ღარიბ მოსახლეობაზე. ისინი თავის მხრივ სახელმწიფოსაგან გარკვეული გადასახადით დაიბეგრებოდნენ. ტრიუმვირებს ყოველწლიურად უნდა გამოეკვლიათ საქმის მსვლელობის ვითარება. სენატის უმრავლესობა წინააღმდეგობას უწევდა რეფორმას. გრაკქუსს მხარი არ დაუჭირა მისმა კოლეგამ ტრიბუნატში და პროექტს ვეტო დაადო. სახალხო კრებამ კენჭისყრით ხელისუფლებას ჩამოაშორა სახალხო ტრიბუნი (პირველად რომის ისტორიაში). გრაკქუსმა ხელმეორედ დააყენა თავისი კანდიდატურა ტრიბუნის თანამდებობაზე, მაგრამ არჩევნების დღეს სენატმა მის წინააღმდეგ გამოიტანა Consultum ultimum (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება) ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსი თავის მომხრეებთან ერთად სენატორებმა მოკლეს.

ძვ. წ. 123-122 წლებში სახალხო ტრიბუნად აირჩიეს გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი, ტიბერიუსის უმცროსი ძმა, რომელმაც გადაწყვიტა ძმის რეფორმა გაეტარებინა. სენატორებმა თავის მხარეს გადაიბირეს ლივიუს დრუზუსი, რომელმაც თავისი დემაგოგიური აგრარული კანონით უკან ჩამოიტოვა გრაკქუსი და ხალხის მხარდაჭერა დააკარგვინა. გრაკქუსმა რეფორმა ვერ გაატარა, ლივიუსის მიერ შემუშავებული პროექტის რეალიზაცია არავის უფიქრია, პირიქით გამოჩნდა რამდენიმე რეაქციული კანონი, რომელთა შორის უნდა გამოვყოთ Lex Thoria (ძვ. წ. 107 წ.), რომელმაც გააუქმა ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთი ტრიბუნის მიერ გამოცემული კანონი. იგი ართულებდა მიწის დაყოფას lex Sempronia-ს მიხედვით, სახელმწიფო მიწის მფლობელებს ბეგრავდა გადასახადით, მიწას ღარიბებს შორის ანაწილებდა. ძვ. წ. 104 წელს ლ. მარციუს ფილიპოსუსიც მარცხს განიცდის თავისი ახალი კანონპროექტით, ვერ განხორციელდა ვერც აპულეუს სატურნინუსის პროექტი, რომელიც ჯარისკაცებისათვის ნადელების დარიგებას ითვალისწინებდა. სულას აგრარული რეფორმა სამხედრო კოლონიების დაარსებას უკავშირდებოდა. იულიუს კეისრის მიერ გატარდა 2 აგრარული რეფორმა, რომელთა მიხედვითაც, ძველი საკუთრება ხელშეუხებელი რჩებოდა, მაგრამ დაწესდა მიწის დაყოფის ახალი სქემა. არსებული სახელმწიფო მიწა, გარდა კამპანიის ოლქისა, უნდა დანაწილებულიყო, დანარჩენი კი შეესყიდათ მფლობელებისაგან დაწესებულ საფასურად. კამპანიის ოლქის მიწები რჩებოდა რეზერვში იმათთვის, ვისაც 3 ან მეტი შვილი ეყოლებოდა.


წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები