XX საუკუნის შუა წლების მოდერნისტული არქიტექტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდვიგ მის ვან დერ როე და ფილიპ ჯონსონი. სიგრემის შენობა, 1954-1958; ნიუ იორკი

XX საუკუნის შუა წლების მოდერნისტული არქიტექტურა – ლუდვიგ მის ვან დერ როე (Ludwig Mies van der Rohe, 1886-1969) ომის შემდგომი ინტერნაციონალური სტილის ნაგებობების ყველაზე ექსტრემალურ მაგალითებს ქმნიდა . ბაუჰაუზის ყოფილი პედაგოგისა და ნაცისტური გერმანიიდან დევნილი არქიტექტორის მინის სწორკუთხა კოშკები ომის შემდგომი კაპიტალიზმის სახედ იქცა. ფილიპ ჯონსონთან ერთად შექმნილი, ნიუ იორკის სიგრემის შენობის ცხად, მკაფიო, სუფთა ხაზებში გაცხადებული სტანდარტიზაცია და ინდივიდუალურობის ნაკლებობა, თანამედროვე კორპორაციების სინონიმებად მიიჩნევა. ასეთი ტიპის შენობების კონსტრუირების ეფექტური მეთოდები და მასალები არქიტექტორებს მიწის მცირე ნაკვეთზე უამრავი საოფისე სივრცის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა. ამასთან, მათი შენებაც ძალზე ეკონომიური იყო. არქიტექტორებს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ნაგებობები მოურთავ მინის კოლოფებს ჰგავდა, მაგრამ მის ვან დერ როე პოზიციებს არ თმობდა და იმეორებდა: "მცირედი მეტია". ბრალდებების მიუხედავად, სიგრემის შენობის ექსტერიერში მან უფუნქციო, ბრინჯაოს დეკორატიული კოჭები გამოიყენა, რომლებიც შიდა, ფუნქციურ კოჭებს ეხმიანებოდა, ფასადს კი მდიდრულ, ელვარე, დიდებულ იერს ანიჭებდა.

ეერო საარინენი. ტრანს უორლდის ავიახაზების ტერმინალი, 1956-1962; ჯონ ფ. კენედის აეროპორტი, ნიუ იორკი

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნაციონალური სტილის გამარტივებული, სწორხაზოვანი ფორმები ჯერ კიდევ ბატონობდა ურბანულ ჰორიზონტზე, სხვა არქიტექტორებმა უარი თქვეს მის ინდივიდუალობას მოკლებულ პრინციპებზე და კომერციულ არქიტექტურაშიც კი, მიმართეს ძალზე გამომსახველ დიზაინს, რომელიც ახალ სამშენებლო მეთოდებსა და ბევრად მეტ მასალას საჭიროებდა. მაგალითად, ნიუ იორკის ჯონ კენედის აეროპორტის ტრანს უორლდის ავიახაზების ტერმინალი, რომელიც ფინური წარმოშობის ამერიკელმა არქიტექტორმა ეერო საარინენმა (Eero Saarinen, 1910-1961) დააპროექტა, მკვეთრად არღვევს მიღებულ ჩარჩოებს. ტერმინალის სახურავის ორი განიერი, ერთმანეთისკენ დაქანებული რკინაბეტონის მოცულობით, რომლებიც გასაფრენად გამზადებული, უზარმაზარი ფრინველის ფრთებს მოგვაგონებს, საარინენი ეცადა საჰაერო მოგზაურობის მძაფრი შეგრძნებები და მომხიბლაობა გადმოეცა. ინტერიერი ფართე, ღია, ერთმანეთში შთამბეჭდავად გადაღვრილ სივრცეებს მოიცავს. საარინენმა თავად შექმნა ინტერიერის ყველა დეტალი - სალაროთი დაწყებული, სატელეფონი ჯიხურებით დამთავრებული - რათა ბოლომდე სისრულეში მოეყვანა თავისი თოლიის ფრთებისმაგვარი შენობა.

ფრენკ ლოიდ რაითმა ნიუ იორკის გუგენჰაიმის მუზეუმის შენობით (სამუდამოდ შეცვალა სამუზეუმო არქიტექტურა. ნაგებობა სკულპტურულ ნამუშევრად დაპროექტდა და იმთავითვე იქცა ხელოვნების ნიმუშად. გუგენჰაიმის მუზეუმი სოლომონ რ. გუგენჰაიმის ახალი ეპოქის ნამუშევართა პირადი კოლექციისთვის შეიქმნა და ტერმინალის მსგავსად, მასაც ორგანული, ამ შემთხვევაში, სპირალის ფორმა აქვს. მუზეუმის გალერეის სპირალი მინის ჭერიდან დაბლა ეშვება და გარს ევლება ხუთსართულიან, ეფექტურ ატრიუმს. რაითს სურდა, რომ დამთვალიერებლები თავდაპირველად ლიფტით ასულიყვნენ ბოლო სართულზე, იქიდან კი ფეხით დაშვებულიყვნენ დამრეცი, სულ უფრო მეტად გაფართოებული პანდუსით და გზად, ფერწერული ნამუშევრებით დამტკბარიყვნენ. პირველი დირექტორების მიერ განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, მუზეუმის ინტერიერი დღესაც ინარჩუნებს არქიტექტორის მიერ ჩაფიქრებულ, "სასტუმრო ოთახის" მყუდროებას. რაითს სურდა, რომ შენობა კონტრასტულად დაპირისპირებოდა ისეთ ცათამბჯენებს, როგორიც სიგრაემის შენობაა და მანჰეთენის ღისშესანიშნაობად გადაქცეულიყო. მართლაც, ის XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული სამუზეუმო სივრცეა დღესაც.

ფრენკ ლოიდ რაითი. სოლომონ რ. გუგენჰაიმის მუზეუმი, 1943-1959; ნიუ იორკი

პოსტმოდერნული არქიტექტურა

1970-იან წლებში, არქიტექტორებმა ინტერნაციონალური სტილისთვის დამახასიათებელი, ელვარე მინისა და ფოლადის კოლოფებისგან დაიწყეს დისტანცირება და თავიანთ პროექტებში წარსულის სტილებიდან ნასესხები ციტატების ჩართვას შეუდგნენ. ახალი, პოსტმოდერნული სტილის გაჩენას არქიტექტურის ისტორიკოსები უკავშირებენ ჯეინ ჯეიქობსის (Jane Jacobs, 1916- 2006) ნაშრომს - დიდი ამერიკული ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე. ის ასევე ფილადელფიელ არქიტექტორს, რობერტ ვენტურის (Robert Venturi, დ. 1925) უკავშირდება, რომელმაც უარყო ინტერნაციონალური სტილის აბსტრაქტული სიწმინდე და თავის პროექტებში ხალხური (პოპულარული, გავრცელებული, ჩვეულებრივი) წყაროებიდან აღებული ელემენტები ჩართო.

ვენტურიმ შექმნა პაროდია მის ვან დერ როეს გამონათქვამზე - "მცირედი მეტია" და საკუთარი აფორიზმი შემოგვთავაზა - "მცირედი მოსაბეზრებელია". იგი ბრალს სდებდა მის ვან დერ როესა და სხვა მოდერნისტ არქიტეტორებს, რომ მათ უნიფიცირებული ფორმების, სიწმინდისა და აბსტრაქციის ძიებაში უგულებელყვეს ადამიანის საჭიროებანი. ის იწვევს პოსტმოდერნიზმს, რათა თანამედროვე ქალაქის შემადგენელი "მაღალი" და მდარე არქიტექტურის რთული, წინააღმდეგობრივი და არაერთგვაროვანი ნაზავი გამოიკვლიოს, რათა მიიღოს ეკლეკტიზმი და პროექტებში ხელახლა ჩართოს ძველი არქიტექტურული სტილებიდან ნასესხები ელემენტები და თავის ნაგებობები კვლავ შეამკოს დეკორით.

1960-იან წლებში ვენტურიმ დაწერა სამეცნიერო ნაშრომი პოსტმოდერნიზმზე - სირთულე და წინააღმდეგობა არქიტექტურაში (1966), იმავდროულად კი შექმნა საკუთარი დედის სახლის პროექტი, რომელშიც არაერთი ახალი იდეა აქცია რეალობად. ფასადის ფორმა დაუბრუნდა ტრადიციული, დასავლური "სახლის" ფორმას, რომელიც მოდერნისტებმა უარყვეს მისი ისტორიული, კლიშედქცეული ასოციაციების გამო. სამკუთხედებისა და კვადრატებისგან შედგენილი ვენტურის ლექსიკონი მხიარული ასიმეტრიულობით არის მოწესრიგებული, რაც უარყოფს მოდერნისტული დიზაინის გაწონასწორებულ ჰარმონიას, მრუდე ფორმები წმინდა წყლის დეკორატიული მონახაზია - თითოეული ელემენტი მკრეხელური გადახვევაა ინტერნაციონალური სტილის მკაცრი პრინციპებიდან. მაგრამ ფასადის ყველაზე დამანგრეველი ელემენტი კარს ზემოთ გაჭრილი ღრმა ნაპრალია, რომელიც გახსნილია, რათა გამოავლინოს იდუმალი ზედა კედელი და საკვამურის თავი. ინტერიერიც რთული და წინააღმდეგობრივია. პირველი სართულის ირეგულარული გეგმა, ზემოთ, მეორე სართულზე მიმავალი, უცნაური კიბის ჩათვლით, კიდევ უფრო გართულებულია ჭერის ირეგულარული დონეებით, რომლებიც ნაწილობრივ, ცილინდრული კამარითაა გადახურული.

1970 წელს, პოსტმოდერნულ იდეებს კომერციულ არქიტექტურაშიც იყენებდნენ. ამის ერთ-ერთი პირველი მაგალითა ფილიპ ჯონსონის (Philip Johnson, 1906-2005) AT&T კორპორაციის სათაო ოფისი (ახლა სონის შენობა) ნიუ იორკში. ეს ელეგანტური, გრანიტისპერანგიანი ცათამბჯენი 36 არასტანდარტული სართულისგან შედგება, რაც ჩვეულებრივი, 60 სართულიანი შენობის სიმაღლის ტოლია.

თავისი სწორი, სადა ზედაპირით ის ინტერნაციონალური სტილის მეზობლებს ბაძავს, კედლის ვერტიკალურ სიბრტყეებს შორის შეჯგუფებული კლასიკური ფანჯრები კი ასევე მეზობლად მდგომ, XX საუკუნის დასაწყისის ცათამბჯენებს ეხმიანება. მაგრამ შენობის მთლიანი სილუეტი უცნაურადაა მიმსგავსებული ჩიპპენდეილის XVIII საუკუნის მაღალ კომოდს, რომელიც გრძელ ფეხებს ეყრდნობოდა და დახრილი თავით იყო დასრულებული. როგორც ჩანს, ჯონსონმა სიტყვები - მაღალი კომოდი (highboy) და მრავალსართულიანი სახლი (high-rise) ვიზუალურ ფორმებში გაათამაშა. შენობის თავზე გაჭრილი მრგვალი ღრუ, ისევე როგორც ძირში მოთავსებული, მომრგვალებული სადარბაზო შესასვლელი, ძველი, ფასიანი ტელეფონის აპარატების მონეტის ჩასაგდებსა და მის დასაბრუნებელთან ასოცირდება და გონებამახვილურად მიგვანიშნებს ჯონსონის დამკვეთს - AT&T-ს სატელეფონო კომპანიას.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები