დუშეთის აჯანყება 1918

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუშეთის აჯანყება - ბოლშევიკური ამბოხება დუშეთის მაზრაში - 1918 წლის ივნის-ივლისში რსფსრ-ის ხელმძღვანელობის მითითებითა და რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტისა და კავკასიის წითელი არმიის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს ორგანიზებით, დუშეთის მაზრაში მოხდა დიდი ბოლშევიკური ამბოხება.

ამბოხებულთა მიზანს წარმოადგენდა დუშეთის მაზრის გაკონტროლება, სამხედრო გზის გახსნა, ჩრდილო კავკასიიდან რუსული წითელი არმიის ნაწილის შემოყვანა და მათთან ერთად თბილისის დაკავება. დუშეთის მაზრის მცხოვრებთა ბოლშევიკურ განწყობას ხელს უწყობდნენ ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები და ბოლშევიკი პროპაგანდისტები. მაზრაში შევიდნენ რუსი ბოლშევიკი სამხედრო ინსტრუქტორები.

17 ივნისს აჯანყება დაიწყო სოფელ წილკანში, ამბოხებულებმა დაამარცხეს მთავრობის მიერ გაგზავნილი სამი რაზმი და 19 ივნისს დაიკავეს დუშეთი. 21 ივნისს ამბოხებულებმა დაიკავეს ქსნის სადგური და მცხეთის დიდი ნაწილი. 25 ივნისს დუშეთში შეიკრიბა გლეხთა დეპუტატების სამაზრო ყრილობა. მაზრაში საბჭოთა წყობილება გამოცხადდა. რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტმა დუშეთში შეიარაღებული რაზმი გამოაგზავნა საშა გეგეჭკორის მეთაურობით. ამ რაზმს უნდა გამოევლო დარიალის ხეობა და ხევი. ხევის მოსახლეობა ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ერთი მხრივ, დარიალის ხეობიდან, ხოლო მეორე მხრივ, მთიულეთიდან და კობიდან ამბოხებულების მხრიდან. 24 ივნისს დაიწყო შეტაკებები ხევში. 29 ივნისს ბოლშევიკებმა დაიკავეს დარიალი, მანამდე ამბოხებულებმა ხელში ჩაიგდეს მცხეთის რაიონის იარაღის საწყობები.

28 ივნისს რესპუბლიკის მთავრობამ ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართო სახალხო გვარდია ვალიკო ჯუღელის მეთაურობით. ამავე დღეს მძლავრი საარტილერიო ცეცხლის დახმარებით გვარდიელებმა ამბოხებულთაგან გაწმინდეს ბებრისციხე და მთლიანად მცხეთის მიმდებარე ტერიტორია. 4 ივლისს სახალხო გვარდიამ დაიკავა დუშეთი. ოთხი დღის შემდეგ, 8 ივლისს, გვარდიელებმა ამბოხებულთაგან გაწმინდეს ფასანაური. ფასანაურის დაკავების შემდეგ სამთავრობო ჯარები ორ კოლონად დაიყვნენ და ხევისაკენ გაილაშქრეს. ერთი კოლონა, გენერალ ალექსანდრე კონიაშვილის მეთაურობით, საქართველოს სამხედრო გზით დაიძრა სტეფანწმინდისკენ, ხოლო მეორე კოლონა, ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, გუდამაყრის ხეობიდან ქვენამთის (ბურსაჭირის) უღელტეხილით გადავიდა ხევში. 13-14 ივლისს სამთავრობო ჯარებმა გაწმინდეს სტეფანწმინდის რაიონი, ხელში ჩაიგდეს ბოლშევიკების ორი ქვემეხი, ტყვიამფრქვევები და ორასამდე ტყვე. 15 ივლისს სამთავრობო ჯარებმა დარიალის ხეობა და ციხესიმაგრე გაწმინდეს ბოლშევიკებისაგან და ამით ამბოხება მთლიანად ჩაახშვეს.

დიმიტრი სილაქაძე


ლიტერატურა

  • გ. ლაფანაშვილი, დუშეთის აჯანყევა, თბ., 1927; ჯ. წიკლაური, დარიალის დამცველნი, ყაზბეგი, 2012;
  • В. Джугели, Тежелый Крест, Тф., 1920.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები