Anacamptis coriophora
Anacamptis coriophora [L.] R.M. Bateman, Pridgeon & M.W. Chase; ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). ტუბერი ბურთისებურია ან მოგრძო, 2-5 სმ სიგრძის. ღერო 1-50 სმ სიმაღლისაა, ქვედა ნაწილში შეფოთლილი. ვაგინები ფოთლისებურია, წაწვეტებული. ფოთლები ხაზურია ან ხაზურ-ლანცეტა. ყვავილედი ცილინდრულია. ყვავილები მღვრიე ყავისფერ-მეწამული ფერისაა, ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები კვერცხისებურია, შიგნითა გვერდითი ფოთლები ხაზურ-ლანცეტა. ტუჩი სამნაკვთოანია, შუა ნაკვთი მოგრძოა და ბლაგვად წაწვეტებული. გვერდითი ნაკვთები ოთკუთხაა ან რომბული. დეზი ცილინდრულ-კონუსურია. ყვავილსაფარი მუზარადის ფორმისაა და უსიამოვნო სუნი აქვს. ყვ. ნაყ. V-VI. კახეთის რეგიონში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. იზრდება ტყის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყის პირებსა და მდელოებზე. ნახვა შესაძლებელია გომბორზე, სოფელ თეთრწყლების მიდამოებში, ასევე თუშეთში, დართლოსკენ მიმავალ გზაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.