ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში 1812
ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში 1812 - ნაპოლეონის რუსეთზე გალაშქრების მიზეზი იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა კონტინენტური ბლოკადის დაცვასთან დაკავშირებით. 1812 წლის 24 ივნისს ნაპოლეონის „დიდი არმიის“ (600 ათ. კაცი, 1372 ზარბაზანი) მოწინავე რაზმებმა სასაზღვრო მდინარე ნემანი გადალახეს და რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 1812 წლის 7 სექტემბერს ბოროდინოსთან ბრძოლაში რუსეთის არმიამ მ. კუტუზოვის სარდლობით თავი დააღწია განადგურებას და უკან დაიხია. 1812 წლის 14 სექტემბერს ფრანგებმა მოსკოვი დაიკავეს. ნაპოლეონის იმედი, რომ მოსკოვის დაცემით ომი დასრულდებოდა, არ გამართლდა. რუსეთის უკიდეგანო სივრცეებზე გაფანტული მისი არმიის ნაწილების გამოკვება მოახლოებული ზამთრის პირობებში შეუძლებელი იყო. ამიტომ ნაპოლეონს მოუხდა მოსკოვის დატოვება 1812 წლის 19 ოქტომბერს. ფრანგებს უკუსვლა უხდებოდათ ომით გაჩანაგებულ ტერიტორიაზე, დაწყებული ყინვების პირობებში. ამ ფონზე და რუსი პარტიზანების განუწყვეტელი თავდასხმების გამო ფრანგული არმია დიდ ზარალს განიცდიდა. ნაპოლეონმა ნემანს მიაღწია მხოლოდ 30 ათ. კაცით, რომელთა შორის ბევრი ავადმყოფი და დაჭრილი იყო, 1812 წლის დეკემბერში საფრანგეთის ჯარებმა რუსეთის ტერიტორია დატოვეს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.