ნიალისყურის ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიალისყურის ქედი, (ჩრდილის ქედი, ჩილდირის ქედი, გიოქთაფის მაღლობი) – ქედი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ ნაწილში, საქართველოსა (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) და სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. მისი უდიდესი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთაა მოქცეული. უმაღლესი მწვერვალია სამთავა (უჩთაფალარი – 3011 მ). ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს: „... არს მთა ესე სრულიად უტყეო, ბალახ-შამბყვავილიანი და წყაროიანი, ხოლო ფოსოს კერძონი და წყაროს-თავის კერძო მტკვრამდე – ტყიანი, ნადირიან-ფრინვლიანი”.

ნიალისყურის ქედი, გადაჭიმულია მთა გეკდაღიდან აღმოსავლეთით 35კმ-ზე მთა ოქუზდაღამდე. მის თხემზე გადის საქართველოს სამხრეთ სახელმწიფო საზღვარი დასავლეთით თურქეთთან, ხოლო აღმოსავლეთით სომხეთთან. ქედის სიგანე შუა ნაწილში აღწევს 17კმ-ს, ამასთან მისი დიდი ნაწილი მოდის უკეთესად განვითარებულ ჩრდილო ფერდობზე. მისი მწვერვალებია – გეკდაღი, უჩთებელიარი, ორთულდაღი, ოქუზდაღი და მწკრივი უსახელო მწვერვალებისა სიმაღლით 2450-3000მ აბს. და 350-1000მ შეფარდებითი, ამასთან სიმაღლე მცირდება შუა ნაწილიდან ფლანგებისკენ. ამ მწვერვალებს აქვთ გუმბათისებრი ფორმა, მათი წარმოშობა ტექტონიკურია და არა ვულკანური – ისინი წარმოადგენენ ბრახიანტიკლინურ გართულებებს და არა ცენტრალურ ვულკანებს. უმაღლესი მწვერვალია სამბორცვა 3003მ, ხოლო ქედის საშუალო სიმაღლე 2670მ-ია. ნიალისყურის ფერდობები დანაწევრებულია საკმაო ხშირი, მაგრამ არაღრმა ეროზიული ნაკადებით – კოდალა, მურჯიხევისწყალი, ბუგდაშენისწყალი, ტბებით ხანჩალი და მადათაფა. უფრო მსხვილი, კანიონის მაგვარი ფორმები აქვთ სამხრეთ ფერდობების მდინარეებს. ბევრ ადგილას, განსაკუთრებით აღმოსავლეთით მდინარეები მიედინებიან დაბალ და ბრტყელ, დაჭაობებულ ნაპირებს შორის. საქართველოს ფარგლებში ასეთი დაჭაობებული ადგილები უკეთესად გამოხატულია ზემო აღნიშნული სამი მდინარის აუზიდან ორ მათგანში. გამყინვარებას ნიალისყურის ქედზე დაახლოებით ისეთივე მაშტაბები ქონდა როგორც ჯავახეთის ქედზე.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები