საზღვაო ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 1 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვაო ოპერაცია – მიზნის, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიურთიერთდაკავშირებული საზღვაო ბატალიების, ბრძოლებისა და დარტყმების ერთობლიობა. ახორციელებენ ფლოტის სხვადასხვა გვარეობების (ძალების) დაჯგუფებები დამოუკიდებლად ან შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების გაერთიანებებთან (შენაერთებთან ნაწილებთან) ურთიერთქმედებით, ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით ცალკეულ რაიონში (ზონაში), საომარი მოქმედების, საოკეანო ან საზღვაო თეატრზე.

საზღვაო ოპერაცია არის ომში სამხედრო-საზღვაო ძალების გაერთიანებების გამოყენების ფორმა. მიზნის და გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ოპერაციებია:

  • საოკეანო და საზღვაო გადაზიდვების დარღვევა (ჩაშლა);
  • ბაზირების რაიონების და საზღვაო კომუნიკაციების თავდაცვა;
  • დახურულ და სანაპიროს მიმდებარე ღია ზღვებსა და ოკეანის რაიონებში მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფებების განადგურება;
  • მტრის სახმელეთო ობიექტების ნგრევა, მისი ავიამზიდების, ნაღმსაწინააღმდეგო ძალების დაჯგუფებების და სარაკეტო წყალქვეშა ნავების განადგურება.

საზღვაო ოპერაციებს შორის შუალედებში ზემოაღნიშნული ამოცანები შეიძლება სრულდებოდეს ფლოტის ძალების მიერ სისტემატური საბრძოლო მოქმედების წარმოების გზით.

სარჩევი

ავიამზიდების დაჯგუფებების განადგურების საზვაო ოპერაცია

ავიამზიდების დაჯგუფებების განადგურების საზვაო ოპერაციებს ახორციელებენ წყალქვეშა ნავები, საზღვაო ავიაცია, წყალზედა ხომალდები საბრძოლო მანევრირების რაიონებში და ზღვით გადასვლის დროს. ეს ოპერაცია ტარდება მოწინააღმდეგის ავიამზიდებზე შეთანხმებული დარტყმების მიყენებით, საკუთარი ავიაციის აფრენის ზღუდეებთან მისვლამდე.

ბაზირების რაიონების და საზღვაო კომუნიკაციების თავდაცვის საზღვაო ოპერაცია

ბაზირების რაიონების და საზღვაო კომუნიკაციების თავდაცვის საზღვაო ოპერაციას ახორციელებენ წყალქვეშა ნავების, წყალზედა ხომალდების ავიაციის, სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის, საჰაერო თავდაცვის ჯარების შენაერთები. მოწინააღმდეგის ძალები მოქმედებენ ბაზირების რაიონებში ფლოტის ძალების, ობიექტების და იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზღვაო გადაზიდვებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბაზირების პუნქტების და მათში არსებული ფლოტის ძალების ტრანსპორტის, ბადრაგის და ტრანსპორტის დატვირთვა-გადმოტვირთვის პუნქტების დაცვას ზღვიდან და ჰაერიდან მოსალოდნელი დარტყმებისაგან ზღვით გადასვლის დროს.

დახურულ და სანაპიროს მიმდებარე ღია ზღვებში მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურების საზღვაო ოპერაცია

დახურულ და სანაპიროს მიმდებარე ღია ზღვებში მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურების საზღვაო ოპერაციას ახორციელებენ საზღვაო ავიაციის, სარაკეტო-საარტილერიო და ნავსაწინააღმდეგო წყალზედა ხომალდების, წყალქვეშა ნავების შენაერთები და ნაწილები, სანაპიროს სარაკეტო-საარტილერიო ჯარების ნაწილები მოწინააღმდეგის ხომალდების დაჯგუფებებზე დარტყმების მიყენებით

მოწინააღმდეგის საოკეანო გადაზიდვების ჩაშლის საზღვაო ოპერაცია

მოწინააღმდეგის საოკეანო (საზღვაო) გადაზიდვების ჩაშლის (დარღვევის) საზღვაო ოპერაცია, ხორციელდება ფლოტის სხვადასხვა გვარეობის ძალებით, უმთავრესად – წყალქვეშა ნავებითა და ავიაციით დამოუკიდებლად ან სამხედრო-საჰაერო ძალების სარაკეტო ჯარების და არტილერიის ურთიერთმოქმედებით სახმელეთო ძალების შენაერთებთან და ნაწილებთან. იგი ტარდება ზღვით გადასასვლელზე და დატვირთვის (გადმოტვირთვის) პორტებში მოწინააღმდეგის ბადრაგების და ცალკეული ტრანსპორტის განადგურების, ნავსადგურების დანგრევის, ნაღმური ღობურების დაყენების გზით.

მოწინააღმდეგის სახმელეთო ობიექტების ნგრევის საზღვაო ოპერაცია

მოწინააღმდეგის სახმელეთო ობიექტების ნგრევის საზღვაო ოპერაციებს ახორციელებენ სარაკეტო წყალქვეშა ნავები და საზღვაო ავიაცია სამხედრო, სამრეწველო და ენერგეტიკულ ობიექტებზე, ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ და სამხედრო-სამეცნიერო ცენტრებზე, სტრატეგიული რაკეტების სასტარტო პოზიციებზე, სამხედრო-საზღვაო ბაზებზე, პორტებზე, აეროდრომებზე, სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის ცენტრებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების მიყენებით.

ნავსაწინააღმდეგო ძალების დაჯგუფებების განადგურების საზღვაო ოპერაცია

ნავსაწინააღმდეგო ძალების დაჯგუფებების განადგურების საზღვაო ოპერაცია, ხორციელდება წყალქვეშა ნავების, საზღვაო ავიაციის, წყალზედა ხომალდების ძალებით მოწინააღმდეგის სხვადასხვა გვარეობის და სამანევრო ნავსაწინააღმდეგო ძალების განადგურების, მისი სტაციონარული ჰიდროაკუსტიკური სისტემების ჩახშობისა და ნავსაწინააღმდეგო ძალების მართვის პუნქტების განადგურების გზით.

სარაკეტო წყალქვეშა ნავების განადგურების საზღვაო ოპერაცია

სარაკეტო წყალქვეშა ნავების განადგურების საზღვაო ოპერაციას ახორციელებენ ფლოტების სხვადასხვა გვარეობის ძალები საბრძოლო პატრულირების რაიონებში, ბაზებიდან გასასვლელებში და ბაზებიდან პატრულირების რაიონებში გადასასვლელებზე მოწინააღმდეგის სარაკეტო წყალქვეშა ნავების აღმოჩენის და განადგურების გზით. იმავდროულად ანადგურებენ მოწინააღმდეგის ძალებს, საშუალებებს და ობიექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სარაკეტო წყალქვეშა ნავების საქმიანობას და ურთიერთმოქმედ ნავსაწინააღმდეგო ძალებს.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები