ფსიქოლოგიის ქართული სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 24: ხაზი 24:
 
* [[ექსპერიმენტული ფსიქოლოგია საქართველოში]];   
 
* [[ექსპერიმენტული ფსიქოლოგია საქართველოში]];   
 
* [[სოციალური ფსიქოლოგია საქართველოში]];   
 
* [[სოციალური ფსიქოლოგია საქართველოში]];   
* კლინიკური ფსიქოლოგია საქართველოში;   
+
* [[კლინიკური ფსიქოლოგია საქართველოში]];   
* პათოფსიქოლოგია საქართველოში;  
+
* [[პათოფსიქოლოგია საქართველოში]];  
* ნეიროფსიქოლოგია საქართველოში;   
+
* [[ნეიროფსიქოლოგია საქართველოში]];   
* სპეციალური ფსიქოლოგია საქართველოში;  
+
* [[სპეციალური ფსიქოლოგია საქართველოში]];  
* დიფერენციალური ფსიქოლოგია საქართველოში;   
+
* [[დიფერენციალური ფსიქოლოგია საქართველოში]];   
* პედაგოგიკური ფსიქოლოგია საქართველოში;   
+
* [[პედაგოგიკური ფსიქოლოგია საქართველოში]];   
* პედოლოგია საქართველოში;  
+
* [[პედოლოგია საქართველოში]];  
 
* ბავშვის ფსიქოლოგია საქართველოში;   
 
* ბავშვის ფსიქოლოგია საქართველოში;   
 
* ფსიქოლოგიის ისტორია საქართველოში;   
 
* ფსიქოლოგიის ისტორია საქართველოში;   

17:16, 8 ნოემბერი 2019-ის ვერსია

ფსიქოლოგიის ქართული სკოლა - Georgian School of Psychology // Georgian Psychological School // Uznadze School //Грузинская Школа Психологии // Грузинская Психологическая Школа // Школа Узнадзе

სამეცნიერო სკოლა, რომელიც დიმიტრი უზნაძის მიერ დაარსდა XX საუკუნის პირველ მეოთხედში და რომელმაც XX ბოლომდე იარსება. ამ სკოლის მთავარი თეორიაა განწყობის ფსიქოლოგია, განწყობის თეორია.

საქართველოში ფსიქოლოგიის მშენებლობის საქმეს დიმიტრი უზნაძემ ხელი მოჰკიდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისთანავე (1918 წ.).იმ დროისთვის იგი საქართველოში ერთადერთი ფსიქოლოგი იყო და თავის თავზე აიღო ფსიქოლოგიური მეცნიერების ორგანიზაციის საქმე. უპირველეს ამოცანად კადრების მომზადება დაისახა. აქ თავი იჩენა უზნაძის, როგორც პედაგოგის გამორჩეულმა თვისებებმა. თავდაპირველად უზნაძის სკოლა წმინდა საგამანათლებლო ხასიათს ატარებდა. მართალია, უნივერსიტეტში უკვე მუშაობდა უზნაძის მიერ დაარსებული ფსიქოლოგიური ლაბორატორია, მაგრამ ის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის, ცდების დემონსტრაციისა და მომავალი ფსიქოლოგების ექსპერიმენტში დაოსტატების საქმეს ემსახურებოდა. შემდგომში ლაბორატორიამ კვლევითმ ფუნქციაც შეიძინა. დაარსებიდან ხუთიოდე წლის მერე უზნაძემ აქ დაიწყო ფსიქოლოგიის სხვადასხვა საკითხის ექსპერიმენტული შესწავლა (სიტყვის მნიშვნელობის წვდომა, სახელდება, სასკოლო ინტერესები, ცნების ფორმირება და სხვა). აქ უზნაძის მოწაფეები ცდისპირებისა და ლაბორანტების როლს ასრულებდნენ.

პარალელურად დაიწყო ორიგინალური თეორიული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი. გამოიკვეთა თეორიის საკვანძო ცნება – განწყობა. გამოხატავს რა აზრის გარკვეულ მიმართულებას, ნამდვილი სამეცნიერო სკოლა ყოველთვის კონსოლიდირებულია ახალი შეხედულების, იდეის, კონცეფციის გარშემო. ამ კუთხით უზნაძის კვლევითი სკოლა, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო-ორგანიზაციული ერთეული, საბოლოოდ 1930-ანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. სწორედ მაშინ განწყობის თეორიამ ექსპერიმენტულ ნიადაგზე აგებული თეორიის სახე მიიღო. ამ პროცესში აქტიურად მონაწილებდნენ უზნაძის პირველი თაობის მოწაფეები. უზნაძის ბიოგრაფის ცნობით „ამოცანის და მეთოდის განსაზღვრა და ზოგადი ხელმძღვანელობა დ. უზნაძეს ეკუთვნოდა: განწყობის ყველა ექსპერიმენტს ის თავისი ძირითადი იდეის მიხედვით აყალიბებდა და მოპოვებული ფაქტი განწყობის ცნების საერთო კონტექსტში შეჰყავდა; მაგრამ ჩატარებულ ექსპერიმენტზე გაწეულ შრომას იგი ცდის უშუალო მწარმოებელ თანამშრომელს აკუთვნებდა და ამ საკითხის ავტორობას მას აკისრებდა” (ნ. ბერულავა).

თავდაპირველად სკოლის წევრების უდიდესი ნაწილი თბილისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრასა და ლაბორატორიაში მუშაობდა. 1941 წელს დაფუძნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სადაც უზნაძემ თავიდანვე გახსნა ფსიქოლოგიის სექტორი. ეს სექტორი ორ წელიწადში ფსიქოლოგიის ინსტიტუტად გადაკეთდა. ოცდაათი წლის განმავლობაში ის იყო ფსიქოლოგიის ერთადერთი აკადემიური ინსტიტუტი მთელ საბჭოთა კავშირში, რაც თავისთავად მეტყველებს ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მეცნიერულ პოტენციალზე. ამიერიდან სკოლის კვლევითი ცენტრი ინსტიტუტი გახდა.

ამრიგად, უზნაძე საგანგებოდ ზრუნავდა საკუთარი სამეცნიერო სკოლის შექმნაზე, რაც შემდგომი მოვლენების ფონზე ძალზე შორსმჭვრეტელურად გამოიყურება. საქმე ისაა, რომ უზნაძე გარდაიცვალა შემოქმედებითი აქტიურობის ზენიტში. მისი განწყობის თეორია არ იყო დასრულებული, ის სწორედ მაშინ გავიდა განვითარების ახალ ეტაპზე. სკოლის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში ფართო კვლევითი საქმიანობა იყო გაშლილი სხვადასხვა მიმართულებით. კვლევით მიმართულებებს უზნაძის გამოზრდილი, უკვე სახელმოხვეჭილი და ავტორიტეტული მეცნიერები ედგნენ სათავეში. ამიტომ განწყობის ფსიქოლოგიის სამეცნიერო პროგრამის დამუშავება უზნაძის გარდაცვალების მერეც გაგრძელდა. დამაარსებლის და უალტერნატივო ლიდერის გარეშე დარჩენილი სკოლა არ დაშლილა. დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრა განაგრძობდა განწყობის ფსიქოლოგიის განვითარებას. სკოლის კონსოლიდაციას იმანაც შეუწყო ხელი, რომ 1950-1960-იან წლებში დაიწყო ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაზე იდეოლოგიურად მოტივირებული შემოტევა. უზნაძის ცხოვრების უმთავრესი საქმის, განწყობის თეორიის დაცვა მრავალრიცხოვანი თავდასხმებისგან, ისევე როგორც ამ კონცეფციის ღირსებათა დემონსტრაცია ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, უმეტესწილად ამ სკოლის წარმომადგენლებს მოუწიათ. საერთო საფრთხემ კიდევ უფრო შეადუღაბა ქართველი ფსიქოლოგები.

ყოველივე ეს უზნაძის გარდაცვალების (1950 წ.) შემდეგ დაიწყო. კრიტიკული შეფასებები გამოითქმოდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, სპეციალური თათბირებისა და დისკუსიების სახით. პირველი ასეთი დისკუსია თბილისში მოეწყო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით 1952 წელს, სახელწოდებით „საბჭოთა ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხი”. ის გამოძახილი იყო მეცნიერების იდეოლოგიური გაკონტროლების მორიგი კამპანიისა, რომელიც აგორდა 1940-იანი წლების ბოლოს. ის უშუალოდ შეეხო ფსიქოლოგიას და გამოიხატა იმის მცდელობებში, რომ ფსიქოლოგია გამხდარიყო უფრო მატერიალისტური, უფრო მარქსისტული და დაყვანილიყო პავლოვისეულ ფიზიოლოგიაზე. 1950-1960 წლებში განხორციელდა მძაფრი შეტევები განწყობის ფსიქოლოგიის წინააღმდეგ, ჩატარდა საჯარო დისკუსიები განწყობის თეორიის ირგვლივ, მწვავე პოლემიკა საბჭოთა ფსიქოლოგიის ცენტრალურ ჟურნალშიც მიმდინარეობდა. ამ პოლიტიზებული კამპანიის შედეგი სავალალო შეიძლებოდა ყოფილიყო − არამარტო უზნაძის ინსტიტუტის დახურვა და განწყობის თეორიის განადგურება, არამედ აგრეთვე მის ერთგულ მიმდევართა დაპატიმრება და გადასახლებაც კი. საბედნიეროდ, ქართველ მეცნიერებს უკან არ დაუხევიათ და მათ შეძლეს განწყობის თეორიის დაცვა და გადარჩენა. ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდნენ: ალექსანდრე ფრანგიშვილი, რევაზ ნათაძე, ანგია ბოჭორიშვილი, დარეჯან რამიშვილი, იოსებ ბჟალავა, შალვა ჩხარტიშვილი, ვლადიმერ ნორაკიძე, ზოსიმე ხოჯავა, ბარნაბ ხაჭაპურიძე, ერეკლე აბაშიძე, აკაკი ავალიშვილი, ალექსანდრე მოსიავა.

ამ ბრძოლებმა კიდევ უფრო მტკიცედ გააერთიანა და შეადუღაბა უზნაძის სკოლა. მთლიანობაში ამ სკოლაში მისი ფუძემდებლის მიერ დამკვიდრებული კოლეგიალური, ინტელექტუალური, დემოკრატიული, შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევდა. იყო იმის განცდა, რომ კეთდება დიდი საერთო საქმე და რომ ქართველები ცოდნის ამ დარგში მეცნიერების პირველ რიგებში ვიმყოფებით. საბოლოოდ, განწყობის თეორია და მის დამუშავებაზე ორიენტირებული სამეცნიერო სკოლა არა უბრალოდ გადარჩა, არამედ 1970-1980-იან წლებში ყველაზე მეტ აღიარებას მიაღწია როგორც საბჭოთა კავშირში, ისე საზღვარგარეთ. 1971 წელს თბილისმა უმასპინძლა ფსიქოლოგთა IV საკავშირო ყრილობას, რაც ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დამსახურებათა უდავო აღიარებას ნიშნავდა. ღირსეულად იყო წარმოდგენილი უზნაძის სკოლა ფსიქოლოგთა XVIII საერთაშორისო კონგრესზე (მოსკოვი, 1966 წ). აქ პირველად საერთაშორისო კონგრესების ისტორიაში განწყობის ფსიქოლოგიას სპეციალური სიმპოზიუმი მიეძღვნა, რომელშიც ქართველ ფსიქოლოგებთან ერთად მონაწილეობდნენ სპეციალისტები აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონგრესის მუშაობის შეჯამებისას, გამოჩენილმა ფრანგმა ფსიქოლოგმა, პოლ ფრესმა განაცხადა, რომ განწყობის პრობლემა ფსიქოლოგიის ძირითად პრობლემად მიაჩნია და საგანგებოდ აღნიშნა ის დიდი წვლილი, რომელიც მისი დამუშავების საქმეში თბილისელმა ფსიქოლოგებმა შეიტანეს. ლაიფციგის ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე 1979 წელს განწყობის ფსიქოლოგიის საკითხები უკვე ორ სიმპოზიუმზე განიხილებოდა, რომელთაც ქართველი ფსიქოლოგები ხელმძღვანელობდნენ. არაცნობიერის პრობლემის დამუშავებაში ქართველი ფსიქოლოგების განსაკუთებული დამსახურების აღიარება იყო, იმავე წელს, თბილისში არაცნობიერის გრანდიოზული საერთაშორისო სიმპოზიუმის გამართვა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ და რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა სამეცნიერო წრეებში.

უზნაძის სკოლის დაშლა 1990-იანი წლების დასაწისიდან დაიწყო. ამაში გადამწყვეტი როლი გარე ფაქტორებმა ითამაშა – საბჭოთა კავშირის დაშლითა და საყოველთაო არეულობით გამოწვეულმა უმძიმესმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პირობებმა, ომებმა. ყოფით პრობლემებში ჩაძირული მეცნიერები, თითქმის დაფინანსების გარეშე დარჩენილი ინსტიტუტი, შიშისა და უიმედობის გარემო − ფუნდამენტური მეცნიერული კვლევის პირობებს ნამდვილად არ ქმნიდა. ფსიქოლოგთა უდიდესი უმრავლესობა პრაქტიკულ საქმიანობაზე გადაერთო, რომლის მიმართ მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

სამეცნიერო სკოლები იბადებიან, ვითარდებიან და კვდებიან. მაგრამ ისინი მეცნიერების, კერძოდ ფსიქოლოგიის ისტორიაში იმკვიდრებენ ადგილს, რადგანაც მეტ-ნაკლებ კვალს აჩნევენ მეცნიერების განვითარებას. მათ შემდეგ რჩება თეორია და მეცნიერული ტრადიცია. ასეა უზნაძის სკოლის შემთხვევაშიც. დარწმუნებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ განწყობის ფსიქოლოგიის, როგორც თეორიული სისტემის განვითარების რესურსი სულაც არ არის ამოწურული. ქართველი ფსიქოლოგების ჯგუფი კვლავაც ამუშავებს მეცნიერების ამ მიმართულებას, რამაც სათანადო ხელშეწყობის პირობებში მნიშვნელოვანი მეცნიერული შედეგები შეიძლება მოიტანოს. განწყობის თეორია XXI საუკუნეშიც განაგრძობს განვითარებას.

საქართველოში ფსიქოლოგიის მრავალი დარგი განვითარდა:


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები