ჰაიდარ აბაშიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაიდარ აბაშიძე

აბაშიძე ჰაიდარ ალის ძე (15.VIII.1893, ბათუმი - 3.I.1966, თბილისი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-1908 სწავლობდა ოსმალეთში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 წელს დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 წლიდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ, ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 წელს აჭარიდან გადაასახლეს.

წლების განმავლობაში იყო სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის აქტიური წევრი. 1918 გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. 1919 აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალციხის კონფლიქტის მოგვარებაში და ბათუმის ოლქის საკითხის დარეგულირებაში. 1918-1920 წლებში იყო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის” აქტიური წევრი, მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე - მარგალიტა ყაფლანის ასული წერეთელი (15.V.1900, სოფ. პერევისა, შორაპნის მაზრ. - 2.IX.1979, თბილისი).

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

  • ა. სურგულაძე, აბაშიძე ჰაიდარ ალისძე. ენც. „საქართველო“. ტ I. თბ., 1997;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107.

წყარო

იხილე აგრეთვე

ჰაიდარ აბაშიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები