აბიბოს ნეკრესელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბიბოს ნეკრესელი

აბიბოს ნეკრესელი - (VI ს.), წმ. მღვდელმოწამე (ხსენების დღე 29.11/12.12), ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი, ნეკრესის ეპისკოპოსი (კახეთი). ქართლში იოანე ზედაზნელთან ერთად სირიიდან მოსულსას. პირთა შორის აბიბოს - ნეკრესელის სახელს მოიხსენიებს ასურელ მამათა შესახებ არსებული უკლებლივ ყველა წყარო.

აბიბოს ნეკრესელის ბიოგრაფიის ძირითად წყაროს წარმოადგენს მისი მარტვილობისადმი მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული ტექსტები, ორი ძველი — მოკლე და ვრცელი, რედაქციებით. მოკლე რედაქცია XIII საუკუნის ერთადერთ ნაკლულ ხელნაწერშია შემონახული, ვრცელი — რამდენიმე გვიანდელ, XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერში. ამ ვრცელი რედაქციის ავტორად სათაურში არსენ კათოლიკოსი მოიხსენიება, რომელიც, თავის მხრივ, მიუთითებს უფრო ძველ წყაროზე.

აბიბოს ნეკრესელის საქართველოში მოსვლისა და მარტვილობის თარიღის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ათარიღებისათვის ამოსავალს წარმოადგენს მარტვილობაში შემონახული ცნობები იმის თაობაზე, რომ მისი მოწამებრივი სიკვდილის დროს აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა გაუქმებული იყო და ქვეყანას სპარსი მარზპანი განაგებდა და რომ აბიბოს ნეკრესელის წამების შემდეგ მოკლე დროში — ბიზანტიელებმა ქართლიდან სპარსელები განდევნეს, რასაც ქართლში ერისმთავართა მმართველობა მოჰყვა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ხსენებულ მოვლენათა დათარიღება განსხვავებულია, ამიტომ - არის აზრთა სხვადასხვაობა აბიბოს ნეკრესელის ქართლში მოსვლისა და მისი მარტვილობის დროის შესახებაც.

„მარტვილობათა“ ტექსტების თანახმად, საღმრთო შურით აღძრული ნეკრესის ეპისკოპოსი ირანელთა მაზდეანურ სალოცავში ცეცხლზე წყალს დაასხამს და ჩააქრობს. ირანელები მას სასტიკად სცემენ და საპყრობილეში ჩააგდებენ, შემდეგ კი ამის შესახებ მარზპანს შეატყობინებენ, რომელიც იმხანად რეხაში იმყოფებოდა. მარზპანის ბრძანებით, აბიბოს ნეკრესელი მიჰყავთ მასთან. გზაში მათ სასწაულებრივად წამოეწიათ წმ. სვიმეონ მესვეტის მიერ გამოგზავნილი შიკრიკი, რომელმაც აბიბოს ნეკრესელს სვიმეონის გამოგზავნილი წერილი და კვერთხი გადასცა. მარტვილობის ტექსტში განმარტებულია, რომ აბიბოს ნეკრესელი სვიმეონ მესვეტის სულიერი მეგობარი იყო და მიმოწერა ჰქონდა მასთან, თუმცა პირადად არასოდეს შეხვედრია. ამ სასწაულით გამხნევებული აბიბოს ნეკრესელი განაგრძობს სვლას. გზად იგი მოიწადინებს წმ. შიო მღვიმელის მონახულებას, რომელსაც ის ადრევე იცნობდა და რომელიც მცხეთის მახლობლად იყო დაყუდებული. მცველები ამის ნებას დართავენ. მღვიმელ ბერთან საუბრითა და ერთად ლოცვით სულიერად კიდევ უფრო განმტკიცებული აბიბოს ნეკრესელი მხნედ მივა მარზპანთან რეხაში, სადაც შეკრებილი არიან ეპისკოპოსები, მღვდლები და დიდებულები. მარზპანი ეკითხება აბიბოს ნეკრესელს, რატომ დაშრიტა მან მაზდეანთა წმ. ცეცხლი (რაჭსათვის ... მოჰკალ ღმერთი ჩუენი?). ამის პასუხად აბიბოს ნეკრესელი ვრცელ სიტყვას წარმოთქვამს ქრისტიანობის დასაცავად, სთხოვს მარზპანს, აღიაროს ჭეშმარიტი ღმერთი და მოიქცეს ქრისტიანობაზე. განრისხებული მარზპანი ბრძანებს მის მოკვლას. მრავალი ტანჯვის შემდეგ აბიბოს ნეკრესელს ქვებით ჩაქოლავენ, ხოლო მის გვამს ქალაქის გარეთ დააგდებენ მხეცთა და ფრინველთა საჯიჯგნად, თანაც დარაჯებს მიუჩენენ, რომ ქრისტიანებმა ფარულად არ წაიღონ მისი ნეშტი და პატივით არ დაკრძალონ. ფრინველები და მხეცები არ ეკარებიან წამებულის ნეშტს. მცველების წასვლის შემდეგ მოვიდნენ ბერები, რომლებიც რეხის მიდამოებში მკვიდრობდნენ (ერთ-ერთი წყაროს თანახმად — იქვე ახლოს მღვიმეში), წაიღეს აბიბოს ნეკრესელის ნაწილები და თავიანთ მონასტერში დიდი პატივით დაკრძალეს.

ს. კაკაბაძე აბიბოს ნეკრესელის მოწამებრივ აღსასრულს 550 წლით ათარიღებს; კ. კეკელიძის აზრით, აბიბოს ნეკრესელი ქართლში მოვიდა 571 წლის შემდეგ, ხოლო მისი მარტვილობა 591 წლამდე უნდა მომხდარიყო. ამავე მოსაზრებას იზიარებს ლ. მენაბდე; ვ. გოილაძე აბიბოს ნეკრესელის წამებას 555 წლამდე ვარაუდობს; დ. მერკვილაძის აზრით, აბიბოსის მარტვილობა 571 წლამდე მოხდა, ხოლო მისი საქართველოში მოღვაწეობა VI ს. 30-60-იან წლებს უნდა მოიცავდეს. ზოგიერთი მკვლევარი კი ასურელ მამათა და მათ შორის აბიბოსის მოღვაწეობას V საუკუნით (გ. ფერაძე, პ. იოსელიანი, მ. ცაგარელი) ათარიღებს.

აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის ადგილის შესახებაც სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვაგვარი მოსაზრებაა გამოთქმული. ქართულ ისტორიულ ტოპონიმიკიდან ცნობილია სამი რეხა — ერთი თრიალეთის ხეობაში (წალკის მახლობლად), ორიც - შიდა ქართლში გორის მახლობლად და კასპთან, ლეხურას ხეობაში. სხვადასხვა მკვლევარი ქართლის მარზპანის რეზიდენციად და, შესაბამისად, აბიბოს ნეკრესელის წამების ადგილად სხვადასხვა რეხას მოიაზრებს.

„მარტვილობის“ ერთ-ერთ (ვრცელ) რედაქციაში გაკვრით არის ნახსენები აგრეთვე აბიბოს ნეკრესელის სხვა საქმენი: როგორ დალეწა მან კერპები და მოაქცია კერპთაყვანისმცემლები ქრისტიანობაზე, როგორ იწინასწარმეტყველა ქართლიდან სპარსელთა განდევნა ბერძენთა მიერ, რაც მალევე ასრულდა.

ანტონ I-ის „მარტირიკაში“ შეტანილი მეტაფრასული რედაქციის ცნობით, აბიბოს ნეკრესელის წმ. ნაწილები შემდეგ ადარნასე მეფის ძემ, სტეფანოს მთავარმა, გადმოასვენა მცხეთის საეპისკოპოსო ეკლესიაში. ამ ცნობის წერილობითი წყარო არ ჩანს. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ანტონი, ალბათ, რომელიღაც ზეპირ გადმოცემას ეყრდნობოდა.

„აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის“ რედაქციების შექმნის თარიღის, მათი ურთიერთმიმართებისა და ავტორის ვინაობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ასევე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი მეცნიერი მოკლე რედაქციას ათარიღებს VIII (ს. კაკაბაძე, ივ. ჯავახიშვილი), IX (კ. კეკელიძე, ე. გაბიძაშვილი), XII (გ. ფერაძე), ხოლო ვრცელ რედაქციას – IX-X (ივ. ჯავახიშვილი), X (ი. აბულაძე, ე. გაბიძაშვილი), XII (კ. კეკელიძე) საუკუნეებით. შესაბამისად, განსხვავებულია მოსაზრებები ამ რედაქციათა ურთიერთმიმართებისა და ავტორის ვინაობის შესახებაც. ამჟამად ყველაზე დასაბუთებულად მიჩნეულია მოსაზრება, რომ აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის ვრცელი რედაქცია არის ნაწილი ერთი მთლიანი თხზულებისა — იოანე ზედაზნელისა და მის მოწაფეთა „ცხოვრებებისა“, რომელშიც შედიოდა სხვა ასურელ მამათა (შიოს, დავითის) მოკლე ცხოვრებები და იოანე ზედაზნელის ვრცელი ცხოვრება. ეს ერთიანი თხზულება დაწერილი უნდა იყოს არსენ კათოლიკოსის მიერ X საუკუნის II ნახევარში (სავარაუდოდ, უფრო ადრეული წყაროების საფუძველზე). აბიბოს ნეკრესელის ღვაწლის აღწერისას არსენმა გამოიყენა უკვე არსებული ადრინდლიე თხზულება — დღემდე მოღწეული აბიბოს ნეკრესელის წამების მოკლე ვერსია, რომელიც IX საუკუნით შეიძლება დათარიღდეს.

უკანასკნელ ხანებში სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის X საუკუნის I ნახევარში გადაწერილ ხელნაწერში მიაგნეს აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის კიდევ ერთ უცნობ რედაქციას, რომელიც უფრო მეტ სიახლოვეს ავლენს „წამების“ ვრცელ რედაქციასთან, თუმცა აღნიშნული ტექსტი ჯერ არ არის საფუძლიანად შესწავლილი. გარდა ხსენებული ძველი რედაქციებისა, არსებობს გვიანდელი სვინაქსარული რედაქცია (ცნობილია XVIII საუკუნის ორი ხელნაწერით, ეყრდნობა აბიბოს ნეკრესელის ვრცელ რედაქციას) და ანტონ კათოლიკოსის მეტაფრასული რედაქცია, შეტანილი მის „მარტირიკაში.“ გარკვეული ცნობები აბიბოს ნეკრესელის შესახებ შემონახულია აგრეთვე შიო მღვიმელის მეტაფრასულ ცხოვრებაში.

ლ. ხოფერია

ლიტერატურა

  • გაბიძაშვილი ე., ასურელი მოღვაწეების „ცხოვრებათა“ არქეტიპების ურთიერთმიმართებისათვის, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნე“, ენისა და ლიტ. სერია, 1982, #4;
  • კეკელიძე კ., საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ, წგ.: ეტიუდები ძვ. ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1962;
  • მერკვილაძე დ., ასურელი მამები, VI ს-ის სირიელი მოღვაწენი საქართველოში, ტ. 1, თბ., 2006;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1);
  • Иоселиани П л., Краткая история грузинской церкви, СПБ., Полное жизнеописание святых грузинской церкви, 2, 51; Brosset M., Additions, VI, StP., 1851.
  • საქართველოს სამოთხე, გ. საბინინის გამოც., პეტერბ., 1882;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წწ. 4-5, თბ., 1968-89;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ., ს. ყუბანეიშვილის მიერ, წ. 1, თბ., 1946.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

იხილე აგრეთვე

აბიბოს ნეკრესელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები