ავასირხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავასირხვა - აფხაზური ვაზის ჯიში

ავასირხვა - აფხაზური მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალი ღირსების თეთრ სუფრის ღვინოს და ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენს.

ადგილობრივ მევენახეთა შორის და სპეციალურ ლიტერატურაში ავასირხვა ცნობილია აგრეთვე ავასარხვას, აოსირხვაჟის, აჟიშის, აუასირხვას, ავასირხვაჟიშის და სხვა სახელწოდებით (თ. კვარაცხელია (11), მაჭავარიანი (12), ჩერნიავსკი (16), ა. ეგოროვი (19), გეევსკი და შარერი 1885 წელი).

ავასირხვა თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნების მიხედვით უფრო ახლოს დგას აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ქეჩისებრ შებუსვილი ფოთლიან და მრგვალმარცვლიან ჯიშებთან. გარეგანი ნიშნებით ავასირხვა უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშ რქაწითელს უახლოვდება.

აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჯიშის გავრცელება ძველად და ამჟამად, აგრეთვე ჯიშის სახელწოდების ენობრივი ანალიზი იძლევა მკვიდრ საფუძველს იმისათვის, რომ იგი ადგილობრივი წარმოშობის ჯიშად მივიჩნიოთ. ჯიშის სახელწოდების ენობრივი ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა ავტორი სხვადასხვაგვარად განმარტავს მისი სახელწოდების წარმოშობას. ასე მაგალითად, კ. მაჭავარიანი (12) თვლის ავასირხვას ადგილობრივ ჯიშად და მისი წარმოშობის შესახებ შემდეგსა წერს: „არის ადგილი, ინალიფების კუთვნილი, რომელსაც ეწოდება „ვასა“. აქედან ავასირხვაჟიში ნიშნავს ვაზს, რომელიც მოჰყავთ მთა „ვასაზეო“.

სულ სხვაგვარად ხსნის სიტყვა ავასირხვის წარმოშობას ადგილობრივი ეკონომისტი გ. ტარკილი. მისი განმარტებით სიტყვა „ავასა“ ნიშნავს ცხვარს, ხოლო „ახუა“ მთის მწვერვალს, ანუ ცხვრის საძოვარ ადგილს. როგორც ჩანს ავასირხვა წამოღებული უნდა იყოს ბარში მთის საძოვრებიდან, სადაც იგი, ალბათ, ველურად ხარობდა. მორფოლოგიური და ბიოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით ავასირხვა შეიძლება მიეკუთვნოს Pr. pontica subpr. georgica Negr. ჯგუფს.

ავასირხვას გავრცელების თანამედროვე არეალი შემოფარგლულია აფხაზეთის მევენახეობის რაიონებით. ძველად, სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამდე, ავასირხვა სხვა აფხაზურ ჯიშებზე უფრო მეტად იყო გაშენებული მაღლარად. მისი გავრცელების ძირითადი კერა იყო გუდაუთის რაიონის ცნობილი სოფლები: დურიპში, ნაფცხუ და აჭანდარა. პროფ. თ. კვარაცხელიას (11) ცნობით, ავასირხვა ამ სოფლებში გავრცელებული იყო მთლიან ნარგავებად. სოკოვანი ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამ, ერთი მხრივ, ვაზების მაღლარად ფორმირებამ და ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების არცოდნამ, მეორე მხრივ, ხელი შეუწყო ვენახების სწრაფ განადგურებას. აფხაზეთის დასაყრდენი პუნქტის სისტემატური მუშაობის შედეგად შეგროვილია 25 აფხაზური ჯიში და ქართულ და საბჭოთა კავშირის სხვა რაიონების ჯიშებთან ერთად შექმნილია დიდი ამპელოგრაფიული კოლექცია აღნიშნულ დასაყრდენ პუნქტზე სოფ. ახალსოფელში. კერძოდ, ავასირხვა გამრავლებულია აფხაზეთის რიგ რაიონებში მისი გამოცდის მიზნით.

ამჟამად ავასირხვა უმნიშვნელო ფართობზეა გაშენებული. ვენახების 1940 და 1953 წლების აღწერის მასალების მიხედვით ავასირხვას ფართობი 0,5 ჰექტარს არ აღემატება, ხოლო მაღლარის სახით იგი შემორჩენილია გუდაუთის რაიონის სოფლებში. აღწერის დროს აღრიცხულია სხვა ჯიშებთან ერთად და ნაჩვენებია სხვა ჯიშების ფართობში.

სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

ჯიში აღწერილია აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე, სოფ. ახალსოფელში (გუდაუთის რაიონი), საკოლექციო ვენახში – ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობაში. ვაზები 25 წლის ასაკისაა, გაფორმებულია ქართული წესით სარ-მავთულზე. შტამბის სიმაღლე ნიადაგიდან 60-70 სმ აღწევს. ვაზის კვების არე უდრის 3,0 კვ. მ (2,0X1,5 მ). ადგილმდებარეობა სწორია, ოდნავ დაქანებული სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ზღვის ნაპირიდან დაშორებულია 2 კილომეტრით. ნიადაგი ქვეთიხნარია, წყალგამტარი ღორღიანი ქვენიადაგით.

ახალგაზრდა ყლორტი

(10-15 სმ). ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის წვეროები გვირგვინითა და პირველი ორი ფოთოლაკითურთ შებუსვილია ყოველ მხრიდან სუსტი აბლაბუდისებრი ბუსუსით, უფრო ინტენსიურად კი ფოთლის ქვედა მხრიდან და მორუხო-მწვანე ფერისაა. მეორე იარუსის ფოთოლაკებზე (3-4) ფოთლის ზემო მხრიდან შებუსვა ქრება და ისინი მომწვანო-მურა ფერისაა და მოწითალო იერი დაჰკრავთ. ფოთლის ქვემო მხარეზე შებუსვა თუმცა საგრძნობლად მცირდება, მაგრამ მაინც მორუხო-მწვანე ფერისა რჩება.

ახალგაზრდა ყლორტი გვირგვინის პირველ ფოთოლაკებამდე თითქმის გლუვია და მწვანე ფერისაა.

ერთწლიანი რქა

ერთწლიანი რქა ოდნავ მობრტყოა, მუხლები კარგადაა გამოსახული. მუხლთაშორისები საშუალო სიგრძისა (10-13 სმ), შეფერვა მორუხო-ყავისფერია; ზოლები მუხლთშორისების გასწვრივ წვრილია და კარგადაა გამოსახული.

ფოთოლი

შუა იარუსის (9-12) ფოთოლი საშუალო ზომისაა(17X18 სმ). ფოთოლი მომრგვალოა, იშვიათად ოვალისებრია, გვხვდება სამნაკვეთიანი ფოთლები, იშვიათად თითქმის მთლიანი და მათზე კიდევ უფრო იშვიათად ხუთნაკვთიანი ფოთლები. ფოთლის ზედაპირი გლუვია და იშვიათად ბადისებრ დანაოჭებული. ფოთლის ფირფიტის ბოლოები ძირს დახრილია, ფოთლები ღია მწვანე ფერისაა.

ზედა ამონაკვეთების სიღრმე მერყეობს მცირედან ღრმამდე; უფრო ხშირად გვხვდება საშუალო სიღრმის ამონაკვეთები, იშვიათად არაღრმა ზეზეური ამონაკვთებიც მოიპოვება. ამონაკვეთების ფორმაც შესაბამისად ცვალებადობს ოდნავ გამოსახული ნაპრალისებურიდან ჩანგისმაგვარამდე. ჩვეულებრივ გვხვდება თითქმის პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარი ფორმის ამონაკვეთები, რომელთაც მახვილი ფუძე აქვთ. იშვიათად ფიწლისმაგვარი ფორმის ამონაკვეთებიც გვხვდება.

ქვედა ამონაკვეთები, როგორც წესი, ნაკლებ განვითარებულია და არაღრმაა, ზეზეურია, ხშირად სულაც არ არის გამოსახული. უფრო ხშირად ქვედა ამონაკვეთების ფორმა შეჭრილი კუთხისმაგვარია.

ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მცირედ ცვალებადობს. ჩვეულებრივ იგი ღიაა, ფიწლისმაგვარი ფორმა აქვს და მახვილი ფუძე. იშვიათად გვხვდება თაღისმაგვარი ფორმის წამახვილებულფუძიანი ამონაკვეთებიც.

ფოთლის მთავარი ძარღვები ხშირად მახვილფუძიანი და გამობერილგვერდებიანი სამკუთხედისმაგვარი კბილებით ბოლოვდება, იშვიათად ისინი გუმბათისმაგვარიაცაა. გვერდითი კბილები ხერხისკბილისებრია, გამობერილგვერდებიანი და მახვილფუძიანი.

ფოთლის ქვედა მხარე თითქმის გლუვია, მხოლოდ ძარღვების გასწვრივ ემჩნევა თხელი ჯაგრისებრი ბუსუსი, რომელიც ქვედა იარუსის ფოთლებზე მატულობს და ქმნის თხელ ჯაგრისებრ შებუსვილობას.

ფოთლის ყუნწი მის მთავარ ძარღვზე მოკლეა, იგი ღია მწვანე ფერისაა და გლუვია მთელ სიგრძეზე.

ავასირხვას ფოთლები შემოდგომაზე ყვითელი ფერისაა.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია, მტვრიანები სწომდგომია. ყვავილში 5, იშვიათად 6 მტვრიანაა. კიდევ უფრო იშვიათად შვიდმტვრიანიანი ყვავილებიც გვხვდება. მტვრიანათა ძაფების სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,25-1,50 უდრის, იშვიათად ეს შეფარდება 1,75-2,0 აღწევს. ბუტკო მომრგვალო, სწორი ფორმისაა და მსხალს წააგავს. ბუტკოს სვეტი კარგადაა გამოსახული, იგი საკმაოდ გრძელია და მთავრდება მოზრდილი დინგით. იშვიათად დინგი ორადაა გაყოფილი.

მტევანი

მტევნების ზომა საშუალოა, მათი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 10-დან 20 სმ-მდე, ხოლო განი 6-დან 10 სმ-მდე. მტევნის საშუალო ზომა უდრის 15X8 სმ. მტევნების ფორმა ცილინდრულ-კონუსისებრია, ხშირად მხრიანია; იშვიათად ცილინდრული და კიდევ უფრო იშვიათად კონუსისებრი ფორმის მტევნებიც გვხვდება. მხრების სიგრძე აღწევს მტევნის სიგრძის ნახევარს, ზოგჯერ იგი მტევნის სიგრძის ერთ მესამედს უდრის.

მტევნები უფრო ხშირად საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად მეჩხერი მტევნებიც გვხვდება. მტევნები ხასიათდება მცირეოდენი წვრილმარცვლიანობით; ნორმალურად დაყვავილების შემთხვევაში მტევნის წვრილმარცვლიანობა 4-6% არ აღემატება. მტევნის ყუნწი საშუალოდ 3-5 სმ სიგრძისაა; იგი მურა მწვანე ფერისაა, ბალახისებრია, ხოლო ფუძესთან ხევდება და მოწითალო-ყვითელია, ე.ი. რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწი მწვანეა, მისი სიგრძე საშუალოდ 0,6-0,8 სმ უდრის, მარცვლის საჯდომი ბალიში ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა, ზემოდან დახორკლილია მეჭეჭებით.

მარცვალი

მარცვლების სიგრძე 1,5-1,8 სმ აღწევს, ხოლო განი 1,4-1,7 სმ. საშუალო მარცვლის ზომა 1,6X1,5 სმ უდრის. მარცვლების ფორმა უფრო ხშირად ოვალურია, მაგრამ იშვიათად მომრგვალო ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მარცვლები მომწვანო-ყვითელი ფერისაა და სიდამწვრის ლაქები აქვს მზისკენ მიმართულ მხარეზე. მარცვლის კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივია. რბილობი წვნიანია და ადვილად ეცლება მარცვლებსა და კანს, წვენი უფერულია. მარცვალს სასიამოვნო გემო და სუსტად გამოსახული ჯიშური არომატი აქვს. მარცვალი საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქითაა დაფარული.

წიპწა

წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1-დან 4-მდე, უფრო ხშირად მარცვალში 2 წიპწაა, რომელთა სიგრძე 7-8 მმ, ხოლო განი 4-4,5 მმ უდრის. იგი მომრგვალო-მოგრძო ფორმისაა, ფერად მურა-მოყავისფროა და მოყვითალო იერი დაჰკრავს ნისკარტისაკენ. ქალაძა მომრგვალოა და წიპწის ზედა ნაწილში ძევს. ღარტაფი ქალაძიდან წიპწის ზემო ნაწილისაკენ მკვეთრადაა გამოსახული. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია, ღარები ნაწიბურის ორივე მხარეზე ღრმაა და მიემართებიან ნაწიბურის პარალელურად ნისკარტისაკენ. ნისკარტი მოყავისფრო-ყვითელია, ხოლო ქვემო მხრიდან მონარინჯისფროა. ნისკარტის სიგრძე საშუალოდ 2 მმ უდრის, იგი მეჭეჭიანია და წვერში ოდნავ გაყოფილი.


აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა

დაკვირვებანი სავეგეტაციო ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობის დასაყრდენ პუნქტზე – სოფ. ახალსოფელში, საკოლექციო ვენახში. ფენოფაზების მსვლელობა დაკავშირებულია გუდაუთის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებთან. ეს სადგური დაშორებულია დაკვირვების ადგილიდან 4-5 კილომეტრით ზღვის სანაპიროს მიმართულებით.

აფხაზეთში სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან ავასირხვას ყურძნის სრულ სიმწიფემდე 168-დან 195 დღემდე მერყეობს, ხოლო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3546,2-დან 3814,10-მდე. ხუთი წლის მანძილზე სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 179 დღეს უდრიდა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი კი – 3650,0. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობისა და აქტიურ ტემპერატურათა ჯამის მერყეობა ცალკეული წლების განმავლობაში დამოკიდებულია ძირითადად სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ნალექების ოდენობაზე – რაც მეტია ატმოსფერული ნალექების ჯამი, მით უფრო გრძელია სავეგეტაციო პერიოდი და მით უფრო მეტია აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც. ამ უკანასკნელზე გავლენას ახდენს აგრეთვე ტემპერატურის შედარებით უფრო მაღალი დონე. ამის გათვალისწინებით მოსალოდნელია ავასირხვას დამწიფება იმ რაიონებში, სადაც შედარებით უფრო მოკლე სავეგეტაციო პერიოდია და აქტიურ ტემერატურათა ჯამიც შედარებით უფრო ნაკლებია (იხ. ცხრ. 1).


ავასირხვას სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა სოფ. ახალსოფელში
ცხრილი 1.


როგორც 1-ლი ცხრილიდან ჩანს, ავასირხვა აფხაზეთის პირობებში საშუალოდ სრულ სიმწიფეს აღწევს 15 ოქტომბერს 3650 აქტიურ ტემპერატურათა ჯამის დროს.

ერთწლიანი რქების მომწიფების ხარისხი

ავასირხვას ერთწლიანი რქები აფხაზეთის სუბტროპიკული ჰავის პირობებში ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის სავსებით მწიფდება გარდა მოზარდი ყლორტების წვეროებისა.

ვაზის ზრდის სიძლიერე

ყლორტების ზრდის სიძლიერე დასაყრდენი პუნქტის ვენახში (სოფ. ახალსოფელი) ვაზების კარგი მოვლის პირობებში აფხაზურ სხვა ვაზის ჯიშებთან შედარებით საშუალოა.


მოსავლიანობა

ავასირხვა პირველ მოსავალს ადრე იძლევა. დასაყრდენ პუნქტზე წარმოებული დაკვირვების მიხედვით ავასირხვას ნამყენები დარგვიდან მეორე წელს იძლევა პირველ ნიშანს, მესამე წელს – მოსავლის ნაწილს, ხოლო მეოთხე-მეხუთე წლიდან – სრულ მოსავალს.


ავასირხვა საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება. მისი მოსავლიანობა დასაყრდენი პუნქტის (სოფ. ახალსოფელი) ვენახში გასხვლისა და ვაზების მოვლის ჩვეულებრივ პირობებში ჰექტარზე გადაყვანით მერყეობს 50-დან 100 ცენტნერამდე, ხოლო საშუალოდ 60-70 ცენტნერს უდრის. აღნიშნული დასაყრდენ პუნქტის ვენახში ავასირხვას მსხმოიარობის კოეფიციენტი ცალკეულ ვაზებზე მერყეობს 0,4-დან 2,0-მდე, ხოლო საშუალოდ 1,2 შეადგენს, მტევნების საშუალო წონა უდრის 110-120 გ, ხოლო ცალკეული კარგად განვითარებული მტევნების წონა 170-180 გ აღწევს. ვაზების ჩვეულებრივი დატვირთვის დროს (საშუალოდ 16-18 კვირტი ვაზზე და ჰექტარზე 30000 ძირი) მოსავლიანობა აღწევს 2110-2370 გ ვაზზე, ხოლო ჰექტარზე გადაანგარიშებით 63-71 ცენტნერს. ავასირხვას მოსავლიანობის დახასიათებისათვის ქვემოთ მოყვანილია ჯიშის მოსავლიანობის მაჩვენებლები (იხ. ცხრ. 2).

ცხრილი 2

ავასირხვას მოსავლიანობის მაჩვენებლები დასაყრდენი პუნქტის ვენახში სოფ. ახალსოფელში
აღრიცხვის
წელი
მოსავლიანი
ყლორტები
%-ით
მოსავლიანობის
კოეფიციენტი
მტევნების საშუალო
ოდენ. 1
მოსავლიან რქაზე
მტევნის საშ.
წონა გ-ით
ერთი რქის
მოსავალი გ-ით
ჰექტარზე
დატოვებული
რქების რ-ბა

გაანგ. მოსავალი
ცენტნერობით


1940 80 1,2 1,5 115,0 138,0 50,000
69,0



როგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, ავასირხვას მოსავლიანობა ვაზების მცირე დატვირთვის შემთხვევაშიაც (16-18 კვირტი ძირზე) 70 ცენტნერს აღწევს. თუ მხედველობაში მივიღებთ მოსავლიანობის საკმაოდ მაღალ კოეფიციენტს და მტევნის საკმაო დიდ საშუალო წონას, თავისუფლად შეიძლება ავასირხვას მოსავლიანობის გადიდება ვენახების კარგი მოვლა-დამუშავებით და ვაზების შესაფერი დატვირთვით. აფხაზური ვაზის ჯიშების ხანგრძლივი შესწავლის საფუძველზე პროფ. თ. კვარაცხელია ავასირხვას საკმაო მოსავლიან ვაზის ჯიშად თვლის. სხვა ავტორებიც მას მოსავლიან ჯიშად იხსენიებს. ამჟამად მისი შედარებით მცირე მოსავლიანობა ვაზების არასაკმარისი დატვირთვის შედეგია.

როგორც ცნობილია, ავასირხვა ძველთაგანვე შერჩეულია მაღლარად ფორმირებისათვის. მაღლარად ფორმირებული ავასირხვა საკმაოდ მაღალ მოსავალს იძლეოდა. ახლა კი ავასირხვა შენდება დაბლარად, ორმხრივი შპალერის წესით 3,0 კვ. მ კვების არეზე და მიუხედავად ვაზების საკმაო ძლიერი ზრდისა ისხვლება 16-18 კვირტზე; ამის შედეგად მისი მოსავლიანობა შედარებით მცირეა. მოსავლიანობის გასადიდებლად საჭიროა ამ ჯიშისათვის შეირჩეს გასხვლის და ფორმირების უფრო შესაფერი წესი, რომელიც კარგ მოვლა-დამუშავების პირობებში მოგვცემს ვაზების ზრდის სიძლიერის შესაბამისი დატვირთვის შესაძლებლობას. ავასირხვისათვის პერსპექტიულად უნდა მივიჩნიოთ ადგილობრივი, საშუალო ტანიანი ფორმა – ოლიხნარი და მრავალსაკავებლიანი შპალერი, ან პატარა კვების არე და ორმხრივი შპალერი. გასხვლა – ფორმირების შესაფერი წესისა და ვენახების დროული და კარგი მოვლა-დამუშავების შემოღებით ავასირხვას მოსავლიანობა საგრძნობლად შეიძლება გადიდდეს.

სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობა

შედარებითი გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ (ჭრაქი, ნაცარი) ავასირხვას კარგი აქვს. დასავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან შედარებით მას უფრო კარგი გამძლეობა ახასიათებს. მევენახეობის ინსტიტუტის დასაყრდენ პუნქტზე მრავალი წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებები ადასტურებას ავასირხვას შედარებით მაღალ გამძლეობას ჭრაქის მიმართ. ამ ავადმყოფობის მიმართ შედარებით ყველაზე უფრო გამძლე ჯიშის ცოლიკოურის შემდეგ ავასირხვა პირველ ადგილს იჭერს. ამასთან, ავასირხვას ყურძენი უფრო უძლებს ჭრაქს, ვიდრე ფოთოლი. ჩვეულებრივი სამგზის ან ოთხზგის წამლობის შემთხვევაში ავასირხვა მთლიანად ინარჩუნებს მოსავალს. მას ნაცრის მიმართაც შედარებით კარგი გამძლეობა აქვს. ჩვეულებრივი 2-3 წამლობა გოგირდით სავსებით იცავს მას ნაცრით დაავადებისაგან. ზოგიერთ წლებში ავასირხვა ზიანდება აგრეთვე ანთრაქნოზისაგან.

სამეურნეო მნიშვნელობის დაზიანებანი ვაზის მავნებლებისაგან დაკვირვებების განმავლობაში აღნიშნული არ ყოფილა.

მონათესაობა ფილოქსერაგამძლე საძირეებთან

აფხაზეთის პირობებში ავასირხვა გამოცდილია ძირითადად ორ საძირეზე: რიპარიაXრუპესტრის 3309 და სოლონისXრიპარია 1616, ამათგან მოსავლიანობით და ვაზების ზრდის სიძლიერის მიხედვით საძირე 3309 უმჯობესია 1616-ზე.

საძირეების შერჩევისას, საქართველოში არსებული მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, ავასირხვასათვის შეიძლება ვურჩიოთ შემდეგი: მთისა და გორაკების ფერდობების კირნარ ნიადაგებზე, რომლებშიც კირის რაოდენობა 30% აჭარბებს, ავასირხვასათვის უნდა შეირჩეს საძირედ ბერლანდიერიXრიპარია 5 ბბ და რიპარიაXბერლანდიერი 420ა, დანარჩენ ნიადაგებზე, რომლებშიც კირის რაოდენობა 25% ნაკლებია, უმჯობესია შედარებით მშრალ ხირხატ ნიადაგებისათვის რიპარიაXრუპესტრისი 3309, ხოლო ტენიან თიხნარ ნიადაგებზე – რიპარიაXრუპესტრისი 3306 ან 101/14.

ჯიშის რეაგირება გარემოს სხვადასხვა პირობებისადმი

ავასირხვას გავრცელების რაიონების კლიმატური დახასიათება
ცხრილი 3.


ავასირხვა გავრცელებულია ძირითადად სუბტროპიკულ ჰავიან რაიონებში, სადაც ჰაერის თბიერება მაღალია და ნალექები დიდი რაოდენობით მოდის. ამის გამო ავასირხვას შედარებითი გამძლეობის დადგენა ყინვების მიმართ ხსენებულ რაიონებში გაძნელებულია, რადგან ამ რაიონებში ვაზისათვის საზიანო ყინვები არ იცის და გაზაფხულის ყინვებიც იშვიათი მოვლენაა (ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 14,0). საბჭოთა კავშირის უფრო ჩრდილო რაიონებში ავასირხვა გამოცდილი არაა და არც მთიან რაიონებში მისი გამოზამთრების შესახებ მოგვეპოვება ცნობები.

ავასირხვას გავრცელების რაიონების ჰავის პირობების დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია საჭირო მონაცემები (იხ. ცხრ. 3).

გვალვების მიმართ ავასირხვას შედარებით გამძლეობის მონაცემები ჩვენ არ მოგვეპოვება. ზოგიერთ მცირენალექიან წლებში (მაგალითად, 1936 წ.) გვალვისაგან გამოწვეული ზრდა-განვითარების რაიმე შესუსტება შემჩნეული არ ყოფილა.

დაბლობ ზღვისპირა ზოლში ავასირხვა შედარებით კარგად უძლებს ზედმეტ ტენს და ხშირწვიმებიან წლებშიაც მისი ყურძენი ადვილად არ ლპება.

ავასირხვა კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე მისთვის გამოუსადეგარია დამარილებული და დაჭაობებული ნიადაგები წყლის არაგამტარი ქვენიადაგით. მაღალი ღირსების ღვინოს ავასირხვა იძლევა, ძირითადად, საშუალო ჩონჩხიან ნეშომპალა-კარბონატული ტიპის ნიადაგებზე. საუკეთესო ღვინოებს ავასირხვა ძველადაც ძირითადად გუდაუთის რაიონში იძლეოდა მთისწინა ზოლის ხსენებული ტიპის ნიადაგებზე.


სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნის მექანიკური შედგენილობა

ავასირხვას მტევნის შედგენილობა
ცხრილი 4.

მტევნების საერთო მოყვანილობით, მისი მექანიკური და ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობით ავასირხვა ძირითადად საღვინე ვაზის ჯიშია (იხ. ცხრ. 4).

მე-4 ცხრილში მოყვანილი მონაცემები ადასტურებს ავასირხვას საღვინე ჯიშად გამოყენების მიზანშეწონილობას. წარმოებაშიაც ავასირხვას იყენებენ ღვინის დასამზადებლად და მხოლოდ იშვიათად ხმარობენ საჭმელ ყურძნად. ღვინის გამოსავალი საწარმოო პირობებში ნაჩვენებზე ნაკლებია, ერთი ცენტნერი ყურძნის გამოსავალი 74,5 ლიტრ ღვინოს და 18,5 კგ ჭაჭას უდრის.

ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა

ავასირხვა საკმაო დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს. ინსტიტუტის დასაყრდენ პუნქტზე სოფ. ახალსოფელში ჩატარებულ ანალიზების მიხედვით ავასირხვას შაქრიანობა მერყეობს 20,2%-დან 22,3%-მდე, ხოლო მჟავიანობა 9,3‰-დან 11,3‰-მდე. შაქრიანობა-მჟავიანობის (ცალკეულ წლების მიხედვით) ცვალებადობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია ყურძნის წვენის ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 5).


როგორც მოყვანილ მე-5 ცხრილიდან ჩანს, წვენის შაქრიანობა-მჟავიანობა შედარებით ნაკლებად ცვალებადობს და არ აღემატება 2,3% შაქრიანობისათვის და 2‰ მჟავიანობისათვის. ეს აიხსნება იმით, რომ ყურძენი ნაადრევადაა მოკრეფილი წვენის შედარებით მაღალი მჟავიანობის დროს, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ევროპული ტიპის მშრალი სუფრის ღვინის მიღებისათვის სასურველი კონდიციის დაცვით.

ამის გამო ცხრილში მოყვანილი შაქრიანობის პროცენტები არ არის ავასირხვასათვის უმაღლესი; აფხაზეთის სუბტროპიკული ჰავის პირობებში, სადაც სავეგეტაციო პერიოდი გრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე, ავასირხვას შეუძლია გაცილებით მეტი რაოდენობის შაქრის დაგროვება, თუ ყურძენი მოიკრიფება სრული სიმწიფის პერიოდში, როცა შეფარდება შაქრიანობასა და მჟავიანობას შორის 3:1 მიუახლოვდება. ძველად ყურძენს უფრო გვიან კრეფდნენ დიდი შაქრიანობისა და მცირე მჟავიანობის დროს, რის შედეგად იღებდნენ მოტკბო და მაგარ ღვინოებს ფართოდ ცნობილს კოლხური ღვინის სახელწოდებით.

ცხრილი 5

ავასირხვას ყურძნის წვენის შაქრიანობა-მჟავიანობა რთველის პერიოდში
მევენახეობის რაიონი
და ანალიზების
წარმოების ადგილი
რთველის
თარიღი
შაქარი
 %-ით
მჟავიანობა
‰-ით
მევენახეობის რაიონი
და ანალიზების
წარმოების ადგილი
რთველის
თარიღი
შაქარი
%-ით
სიმჟავე
‰-ით
გუდაუთის რ-ნი,
მევენახეობის ინსტიტუტის
დასაყრდენი პუნქტი,
ს. ახალსოფელი
17.X

12.X
22,3

21,8
11,3

9,3
გუდაუთის რ-ნი,
მევენახეობის ინსტიტუტის
დასაყრდენი პუნქტი,
ს. ახალსოფელი
5.X

30.X
21,6

20,2
10,7

10,2



ყურძნის გამოყენება და ღვინის ხარისხი

ავასირხვას ყურძნის მოსავალი ძირითადად ადგილობრივი ტიპის სუფრის ღვინოების დასამზადებლად იყო გამოყენებული. ძველად ყურძნის დაგვიანებით მოკრეფის გამო თავისებური კოლხური ტიპის მოტკბო ღვინოები დგებოდა. ამ ღვინოების თავისებურებას შეადგენდა სიტკბო, სიმაგრე და ბუნებრივი ცქრიალი. ამ ღვინოების გემური და ქიმიური თვისებები უფრო აკმაყოფილებს ნატურალურად ნახევრად ტკბილი და ცქრიალა ღვინის კონდიციას. აფხაზეთის მევენახეობის რაიონებისათვის სუფრის ღვინის მიმართულების მიკუთვნებასთან დაკავშირებით, ყურძნის კრეფის ვადა გადმოწეული იქნა თითქმის ერთი თვით, რის შედეგად იღებენ სრულად დადუღებულ, საკმაო შინაარსიან, ზედმეტად ხალისიან ღვინოებს, ხოლო ძველი კოლხური მოტკბო ღვინის წარმოება, რომელიც ნატურალურად ნახევრად ტკბილი ტიპის ღვინოს უახლოვდება – დავიწყებას მიეცა.


მაგრამ ბუნებრივი პირობების (ძირითადად ჰავის) და ჯიშის ბიოლოგიური თავისებურების უფრო რაციონალურად გამოყენების მიზნით სასურველია აღდგენილ იქნეს ადგილობრივი კოლხური ტიპის ღვინოების წარმოება და გაუმჯობესდეს მისი დამზადების ტექნოლოგიური წესები.


ცნობილი მეღვინე პროფ. მ. ხოვრენკო (17) ჯერ კიდევ 1910 წელს წერდა: „სოხუმის რაიონს დიდი თბიერების, ტენიანი ჰავის და შესაფერი ნიადაგების არსებობის გამო შეუძლია მოგვცეს კარგი ღირსების სადესერტო და მაგარი ღვინოებიო“. აფხაზეთის ხელშეწყობი ბუნებრივ პირობებში თავისუფლად შეიძლება აღდგეს კოლხური ტიპის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის წარმოება, რომელიც თავისი ღირსებით არ ჩამოუვარდება ამავე ტიპის უცხოურ მარკებს – „იკემს“, „ბარზაკს“ და სხვ.


ავასირხვას ღვინო ძველთაგანვე ცნობილია თავისი მაღალი ღირსებით. ცნობილი სპეციალისტები: პროფ. თ. კვარაცხელია (11), ა. ეგოროვი (10), კ. მაჭავარიანი (12) და სხვ. ავასირხვას ღვინოს მაღალ შეფასებას აძლევენ. ისტორიულად ცნობილი ღვინოები ჯეგერდისა და ოთარისა, რომლებიც ცნობილი იყო თავიანთი მაღალი ღირსებით, მზადდებოდა ამლახუსა და ავასირხვასაგან, რომლებიც ადგილობრივ ჯიშებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ღვინის მაღალი ღირსებით გუდაუთის რაიონის კირნარ ნიადაგიანი მთის ფერდობებზე და შემაღლებულ ადგილებზე გაშენებულ ვენახებიდან მიღებული ღვინოები. ზოგიერთი ვაკე ან ოდნავ დაქანებულ ადგილებშიც, სადაც გავრცელებულია ქვეთიხნარი ნიადაგები წყლის კარგად გამტარი ღორღიანი ქვენიადაგით, დგება ხარისხოვანი ღვინოები. მაგალითად, მევენახეობის ინსტიტუტის დასაყრდენი პუნქტის (სოფ. ახალსოფელი) ვენახიდან დამზადებული ავასირხვას ღვინო ხასიათდება შემდეგი თვისებებით: გამჭვირვალეობითა და ბრწყინვალობით, მოოქროსფრო ყვითელი ფერით, სინაზით, შინაარსიანობითა და ძლიერი ჯიშური არომატით (სურნელებით). ამავე ვენახის 1937 წ. მოსავლის ავასირხვას ღვინომ ღვინო-სპირტის ინსპექციასთან მოწყობილ სადეგუსტაციო კომისიის სხდომაზე, სადაც ყოველწლიურად ჯიშობრივი ღვინოების ხარისხის შემოწმება წარმოებს, ათბალიანი შეფასებისას მიიღო ნიშანი 7,4.


შემონახულია აგრეთვე ავასირხვას ძველი ღვინის შეფასების ცნობები. 1923 წელს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ქ. მოსკოვში წარდგენილი იყო აფხაზეთის ძველი ღვინოები 1909 წლის მოსავლისა სოფ. გულრიფშიდან (საბჭოთა მეურნეობა „ილიჩი“). მათ შორის იყო აგრეთვე ავასირხვას ძველი ღვინო, რომელიც სადეგუსტაციო კომისიის წევრის, ცნობილ მეღვინე ა. ეგოროვის (9) მიერ შეფასებულ იქნა შემდეგნაირად: „კარგად დაწმენდილი, ბრწყინვალე, დანალექი ნორმალური, ფერად ყვითელი, სიხალისე არა აქვს, იგრძნობა სიბერე, მსუბუქი ღვინო საკმარისი სისრულით. ბუკეტი საინტერესო – ხილისა, თავისებური, საკმაოდ ჰარმონიული ღვინო“. აფხაზურმა თეთრმა ღვინოებმა დეგუსტაციის ამ სხდომაზე ათბალიან სისტემით შეფასებისას მიიღეს ნიშანი 7-მდე. მეღვინე ა. ეგოროვი (9) ნიშან 7-ს მაღალ შეფასებად თვლის, რადგან ნოვოროსიისკის, ანაპისა და აბრაუს რისლინგებმა იმავე დეგუსტაციაზე მიიღეს ნიშანი 7.


ავასირხვას ღვინის არასაკმარის სიხალისეს ა. ეგოროვი (9) დაგვიანებით მოკრეფით ხსნის, მაგრამ უფრო სწორედ იგი უნდა აიხსნას წლის მეტეოროლოგიური პირობების თავისებურებით, რადგან საერთოდ ავასირხვას ღვინოები საკმაო სიხალისით ხასიათდება დაგვიანებით მოკრეფის შემთხვევაშიაც კი.


ავასირხვას ღვინის ერთ-ერთ თავისებურებას შეადგენს მისი განწყობა ნაადრევად დაძველებისადმი. ავასირხვას ორწლიანი ღვინო ივითარებს საკმაოდ ძლიერ ბუკეტს და თავის ასაკზე საგრძნობლად უფრო ხნიერად გამოიყურება.

ავასირხვას ღვინის ქიმიური შედგენილობა
ცხრილი 6.












ავასირხვასაგან მზადდება აგრეთვე კარგი ღირსების ყურძნის უალკოჰოლო წვენი. ავასირხვას ყურძნის წვენი სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით საკმაო მჟავიანობასთან ერთად დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. საკმარისი მჟავიანობა სძენს ყურძნის წვენს სიხალისესა და ხდის მას მარგებელ, სასიამოვნო და მიმზიდველ სასმელად.


ავასირხვა გამოსადეგია აგრეთვე სასუფრე ყურძნად. მტევნის ლამაზი გარეგნული შეხედულება და სასიამოვნო, ხალისიანი გემო ნაგვიანებად მომწიფებასთან ერთად აქცევს მას სასუფრე ყურძნის დამატებით ჯიშად მახლობელი კურორტების, დასასვენებელი სახლების და სანატორიუმების მოსამარაგებლად.


ავასირხვას ღვინის ბუნების დასახასიათებლად ქვემოთ მოგვყავს მისი ნიმუშების ქიმიური ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 6).


საერთო შეფასება და დარაიონება

ავასირხვა იძლევა მოყვითალო-ჩალისფერ ნაზ, შინაარსიან, საკმაოდ ხალისიან ღვინოს, რომელსაც კარგად განვითარებული ჯიშური არომატი აქვს. ძველად, როცა ყურძენს გვიან კრეფდნენ, ავასირხვასაგან მზადდებოდა ადგილობრივი კოლხური ტიპის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელსაც ბუნებრივი ცქრიალი, საკმაო სიმაგრე, სასიამოვნო სიტკბო და კარგად განვითარებული ჯიშური არომატი ჰქონდა.

შაქრის დაგროვების კარგი უნარი მჟავიანობის საკმაო რაოდენობით შენარჩუნებასთან ერთად და მისი ნაგვიანევი სიმწიფე აპირობებს მისგან სადესერტო-ტკბილი და მაგარი ტიპის ღვინოების მიღებას.

ჯიშის დადებითი თვისებებია – პროდუქციის მაღალი ხარისხი, მისი ვარგისიანობა ხარისხოვანი სასუფრე, აგრეთვე ნახევრად ტკბილი ღვინოებისა და უალკოჰოლო ყურძნის წვენის მისაღებად და სასუფრე ყურძნად.

აღსანიშნავია აგრეთვე ჯიშის გარემო პირობებთან შეგუების კარგი უნარი, რის გამოც მისი გავრცელების ზონაში, ზედმეტი ტენიანობის პირობებშიაც, ყურძენი ნაკლებად ზიანდება და ღვინოც კარგი ღირსებისა დგება.

ჯიშის უარყოფითი თვისებებია: მისი არამაღალი მოსავლიანობა აფხაზეთში გავრცელებულ ცოლიკოურთან შედარებით. ჯიშის ეს ნაკლი თავისუფლად შეიძლება გამოსწორდეს ჯიშისათვის შესაფერი გასხვლისა და ფორმირების წესის გამომუშავებით, მაღალმოსავლიანი მოდგმების გამოვლინებით და ვენახების კარგი მოვლა-დამუშავების შემოღებით.

ავასირხვა უდავოდ პერსპექტიული ჯიშია აფხაზეთის პირობებისათვის. იგი პირველ რიგში უნდა გავრცელდეს გუდაუთისა და სოხუმის, შემდეგ კი აფხაზეთის დანარჩენ რაიონებშიაც. იგი პერსპექტიულია აგრეთვე საქართველოს ზღვისპირა რაიონების შემაღლებულ და მთისწინა ზოლის ფერდობი ადგილებისათვის. ჯიში ავასირხვა ღირსია საქართველოს ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანისა საქართველოს ზღვისპირა რაიონებში გასავრცელებლად.


ლიტერატურა


  • 1. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.
  • 2. ორბელიანი სულხან-საბა. ქართული ლექსიკონი. თბილისი, 1928.
  • 3. ტაბიძე დ. მევენახეობის განვითარება საქართველოში, თბილისი, 1950.
  • 4. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობა, წიგნი II „ამპელოგრაფია“. თბილისი, 1939.
  • 5. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, ტ. II, თბილისი, 1934.
  • 6. ჯორჯაძე ლ. მევენახეობა, ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. თბილისი, 18
  • 7. Баллас М.К. Виноделие в России ч.I, II и III СПБ, 1895-1897.
  • 8. Давитая Ф.Ф. Климатические зоны винограда в СССР, М. 1948.
  • 9. Егоров А.А. К изучению вин Абхазии. Сборник посвяшенный В.Е. Тайрову, Одесса, 1925.
  • 10. Егоров А.А, Вина Закавказскихреспублик, Симферополь, 1947.
  • 11. Кварацхелия Ф.К, К изучению абхазскихсортов винограда. Сухуми, 1934.
  • 12. Мачавариани К. Обхазские вина. Тр. Кавк. О-ва сел. хоз-ва, №3, Тифлис, 1888.
  • 13. Негруль М.А. Эволюция культурныхформ винограда. До¬клады АН СССР, том XVIII, №8, 1938.
  • 14. Пушкарев С. О виноградникахи виноделия в Абхазии. Записки Кавк. О-ва сел. хоз-ва, Тифлис, 1855.
  • 15. Табидзе Д.И. и Иобидзе А.С, Монография сорта Авасирхва. «Ампелография СССР», т. 2, Москва, 1953.
  • 16. Чернявский В.И. Плоды Абхазии, Джигетии и Мингрелии. Весник Импер. Росс. О-ва садоводов, №2. 1877.
  • 17. Ховренко М.А. Общее состояние винодельческой промышленности и пути его развития в СССР, «Весник виноделия Украины», №8, Одесса, 1926.


წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე; რედ.: დავით მაღრაძე, ლარისა ვაშაკიძე, თეიმურაზ ღლონტი; მხატვ. გიორგი მაღლაკელიძე. - მე-2 გამოც.. - თბილისი, 2012 (შპს Exclusive Print+). - 552 გვ. : ილ., ცხრ.; 32 სმ.. - იბეჭდება 1960 წლის გამოცემის მიხედვით. - გარეკანზე ავტ. აღნიშნულნი არ არიან. - განმარტებები: გვ. 548-549

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები