ათაბაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათაბაგი(თურქ. ata-მამა, beg-ბატონი), სელჯუკთა სულტნის აღმზრდელისა და მეურვის ტიტული. სულთნის კარზე უდიდესი გავლენის მქონე პირი. სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლის შემდგომ ა. დამოუკიდებელი სამთავროს მეთაურის წოდებაა ან მხოლოდ საპატიო ტიტული; ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოში – მხედარმთავარი. ა. უფლისწულს ასწავლიდა სამხედრო საქმეს და პასუხისმგებელი იყო სამართავად მიცემული ოლქის მართვაზე; მის ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენდა სელჯუკთა უფლისწულის კონტროლი და მისგან შესაძლო სეპარატიზმის აღკვეთა. ამდენად, ა-ს ეკუთვნოდა პასუხისმგებლობა დინასტიისა და სახელმწიფოს დაცვაზე. ტრადიციულად მიჩნეულია, რომ პირველი ა. იყო დიდი სელჯუკი სულტნების ალფ-არსლანის (1063-1072) და მალიქ-შაჰის (1072-1092) ვაზირი და აღმზრდელი სპარსელი ნიზამ ალ-მულქი. მის შემდეგ ა-ობა ეძლეოდა მხოლოდ თურქ სამხედროებს და ამირებს სულტნის უახლოესი გარემოცვიდან. XII ს-ის დასაწყისის შემდგომი ხანებიდან დიდ სელჯუკთა სახელმწიფოს დასუსტებასთან ერთად ა-ები მათ მეურვეობაში მყოფი სელჯუკი უფლისწულების კონტროლის გზით უკვე ცდილობდნენ სულტნებზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებას და თავიანთი სამფლობელოების სრული დამოუკიდებლობის მიღწევას, რამაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდ სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლაში.

საქართველოში ა-ის სახელოს შემოღების, ფუნქციების, განვითარებისა და დაცემა-გადაგვარების საკითხები არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი ქართულ ისტორიოგრაფიაში (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ი. სურგულაძე, შ. მესხია, ბ. ლომონაძე, ი. ანთელავა და სხვ.).

ა-ის სახელო საქართველოში წარმოიშვა XIII ს-ის დამდეგს სამეფო კარზე გავლენის მოპოვებისათვის ბრძოლის პროცესში, რაც, უპირველეს ყოვლისა, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ფუნქციის შეკვეცას გულისხმობდა. ა-ს მიენიჭა მემკვიდრის აღზრდის ფუნქცია, იგი გახდა ცენტრალური აპარატის უმთავრესი ფიგურა – ვაზირი (დარბაზის კარს მყოფი ხელისუფალი და სამთა ვაზირთა შორის პირველთაგანი) და იმავდროულად ადგილობრივი მოხელე-მთავარი. ეს სახელო, უმეტეს შემთხვევაში, შეთავსებული იყო ამირსპასალარის სახელოსთან. საქართველოს პოლიტიკური დანაწილების შემდგომ ა-ობა, როგორც ვაზირობა, მოისპო და სამცხის მთავართა ტიტულად იქცა.

ა-ის ინსტიტუტის შემოღება საქართველოში თამარ მეფის ზეობის ბოლო პერიოდს უკავშირდება. ზაქარია ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის გარდაცვალების (1212) შემდგომ „მოუწოდა მეფემან ძმასა ზაქარიაჲსასა ივანე მსახურთუხუცესსა და ინება პატივსა ძმასა მისისასა აღყვანებაჲ და უბოძა ამირსპასალარობისა პატივი“, მაგრამ ივანემ მისთვის ა-ის ახალი თანამდებობის შემოღება მოითხოვა, რაც მანამდე არ ყოფილა მიღებული „საქართველოსა შინა... წესად და ჴელად... რამეთუ მამად და გამზრდელად მეფეთა და სულტანთა იწოდების ათაბაგი“ (ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი). ამ სვლით ივანე მეფის კიდევ ერთი „მამის“ სახელოს ამკვიდრებდა და უპირისპირდებოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის, როგორც სამეფოს უპირველესი ვაზირის სახელოს, იმავდროულად კი, თავის სახლს უტოვებდა უდიდეს სამემკვიდრეო თანამდებობას. სავარაუდოდ, ა-ობის შემოღებით და მისი ამირსპასალარობასთან ფაქტობრივი შეერთებით აღდგა უძველესი ტრადიცია „სპასპეტ-მამამძუძისა“. ამჯერად საქართველოს მეფეს ერთდროულად „ორი მამა“ გაუჩნდა მწიგნობართუხუცესისა და ა-ამირსპასალარის სახით. დროთა განმავლობაში სასწორი იმ „მამის“ მხარეს გადაიხრებოდა, რომელსაც ძლიერი რეალური დასაყრდენი ექნებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პირობებში ასეთს უკვე ა-ამირსპასალარი წარმოადგენდა. მის ხელში არა მხოლოდ სამხედრო საქმე, არამედ სამეფო მონასტერთა საურავიც გადავიდა, რაც ადრე ჭყონდიდელის სფეროს წარმოადგენდა. მიუხედავად პოლიტიკურ მოვლენათა ამგვარი განვითარებისა, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა იერარქიულად და სიმბოლურად მაინც კარგა ხანს შეინარჩუნა უპირატესობა, რაც წყაროებში მისი საპატიო პოზიციების ხაზგასმით ვლინდება („მეფის კურთხევის წესი“, „ხელმწიფის კარის გარიგება“). მეფის კურთხევის წესის თანახმად, მეფის ტახტზე აბრძანებისას ა. მხოლოდ დედოფლის, კათალიკოსის და ჭყონდიდელის შემდგომ ულოცავდა მეფეს, ხოლო ვაზირობის დროს ა. და ამირსპასალარი „ჭყონდიდელს ქვემოთ ნოხთა ზედა“ ისხდნენ; ა., ამირსპასალართან და მანდატურთუხუცესთან ერთად შედიოდა სამთა ვაზირთა „საბატიო დარბაისელთა“ შემადგენლობაში. დარბაზობაზე მათი „წვევა“ საწოლის მწიგნობარს ან ამირეჯიბს ევალებოდა და მათ ოთხი მწდე ემსახურებოდა; პურობის შემდგომ „ორი მაშხალა ჭყონდიდელს წარუძღვების წინ, თვითო – სამთა ვაზირთა“.

სამეფო ხელისუფლების დასუსტებისა და საგარეო ძალის გააქტიურების პირობებში სახელმწიფოში ა-ამირსპასალარის უპირატესობა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოსთან შედარებით უეჭველი ხდება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ა-ამირსპასალარმა მწიგნობართუხუცესს პირველობა ჩამოართვა მხოლოდ XIII ს-ის 60-იანი წლებიდან უცხო ძალის გავლენით, რაც ნაკლებ სარწმუნოა, რადგან ეს ცვლილება უფრო ადრე ჩანს მომხდარი. რუსუდან მეფის თანადროული სომხური წყაროს ცნობით, „რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომელობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდებოდა“ (გრიგოლ აკანელი). ეს ცვლილება კიდევ უფრო აშკარა ყოფილა ხორეზმელების დამრბევი ლაშქრობების დროს და მონღოლთა ბატონობის დასაწყისში. ამ მხრივ ნიშანდობლივია ჟამთააღმწერელთან დაცული ცნობა, რომლის თანახმადაც, ჯალალედინმა ბიჯნისს მყოფ ავაგ ა-ს შეუთვალა: „შენ ხარ ვაზირთუხუცესი მეფისა და ითუალავ საქართველოს“.

ა-ის ძლიერი ფიგურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა სახელმწიფო ცხოვრებაზე, რის გამოც ილხანთა ხანები ცდილობდნენ თავიანთი კანდიდატურა თავზე მოეხვიათ ქართველი მეფეებისათვის. ასეთები მონღოლთა პოლიტიკის საიმედო საყრდენს წარმოადგენდნენ საქართველოში (მანკაბერდელთა სახლი). სამეფო სახლი სხვადასხვა სვლებს მიმართავდა ამ პოლიტიკის და ა-თა ძლიერებისა გასანეიტრალებლად. მაგ., ავაგ ა-ის გარდაცვალების შემდეგ დავით ულუმ ერთხანს ა. საერთოდ არ დანიშნა (ამიტომ დროებით მწიგნობართუხუცეს-უჯარმელი ხდება ძლიერი ფიგურა). სადუნ მანკაბერდელის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე II ასევე შეეცადა ერთმანეთისაგან დაეცილებინა ა-ობა და ამირსპასალარობა.

პოლიტიკურ მოვლენათა განვითარებამ XIII ს-ის დამლევისათვის ა-ამირსპასალარის ძლიერი ინსტიტუტის დაკნინება გამოიწვია, რაც გამოიხატა სამცხისა და სომხეთის ა-ების გაჩენაში. ამდენად, XIII ს-ის დამლევისათვის „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ დაცული ცნობა – „გასულა ათაბაგი დიდი და საბატიო და ძვირად ოდესმე იქმნების“ – რეალური მდგომარეობის ამსახველია.

XIV-XV სს-ის განმავლობაში სამცხის მმართველი ჯაყელები ა-ამირსპასალარებად იწოდებიან. XIV ს-დან მოყოლებული მათი ა-ობა მხოლოდ სამხრეთ საქართველოთი შემოიფარგლებოდა და იგი ამ მხარის მმართველი საგვარეულოს მხოლოდ საპატიო ტიტულს წარმოადგენდა. სწორედ ამის გამო იწოდებოდნენ ჯაყელები „ათაბაგებად“, ხოლო მათი სამთავრო – „სამცხე-საათაბაგოდ“.


ბიბლიოგრაფია

  • კურთხევა მირონისა და განგება დარბაზობისა 1965: 47;
  • წესი და განგება მეფეთ კურთხევისა 1965: 53;
  • ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 85, 90, 95;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 110;
  • ჟამთააღმწერელი 1959: 152, 169, 172, 197, 224, 270, 272, 273, 281, 282, 284;
  • ქისკ 1984: 16, 120;
  • გრიგოლ აკანელი 1961: 9;
  • СИЭ (1) 1961: 914;
  • ქსე 1975: 222;
  • ისლამი 1999: 17;
  • აბულაძე 1985: 54.
  • ანთელავა 1983: 136, 137, 138;
  • ბერძენიშვილი 1966: 269;
  • ბერძენიშვილი 1979: 245;
  • ინგოროყვა 1963: 196;
  • კიკნაძე 1982: 180, 189, 195;
  • კლდიაშვილი 1981: 57, 81-84;
  • კლდიაშვილი 1999: 438-440, 442;
  • ლომინაძე 1979: 641;
  • მესხია 1979: 1979, 78, 309-310, 272, 274;
  • მურადიანი 1977: 177, 228-229;
  • სურგულაძე 1965: 39- 50;
  • შანიძე, ცისკარიშვილი 1968;
  • ჯავახიშვილი 1982: 181-182.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები