ათონის ივერთა მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივერიის მონასტერი ათონის მთაზე

ივერიის მონასტერი ათონის მთაზე - წმიდა გადმოცემით, ათონის მთაზე პირველი ბერი პეტრე - თვით ღმრთისმშობელმა მიიყვანა, ოფიციალურად კი - VI საუკუნიდან ჩნდებიან აქ ბერები და განდეგილებად იწყებენ ცხოვრებას. წმ. მთაზე პირველი მონასტრის დამაარსებელია ბიზანტიის კეისარი კონსტანტინე პოგონატი (668-685), 30 წლის შემდეგ მოსულმა ანტიქრისტე კეისარმა - იულიანე განდგომილმა ძირიანად მოთხარა ეს მონასტერი, ოთხმოცი წლის შემდეგ კი ღრმად მორწმუნე იმპერატორმა თეოდოსი მეორემ ააშენა ახალი მონასტერი. სწრაფად იზრდებოდა სამონასტრო და საასკეტო ცხოვრება ათონის მთაზე. შემდგომ - აზიაში არაბთა გამძლავრებამ და იქაურ ქრისტიანთა სამოღვაწეო საცხოვრისზე მათმა მიმძლავრებამ უფრო აღამაღლა ათონის სახელი, ვითარცა ურწმუნოთაგან დევნილი ქრისტიანების მხსნელისა და გადამრჩენელისა.

დედით ქართველმა წმინდა ათანასემ 963 წელს ათონზე დააარსა პირველი დიდი ლავრა, სადაც დიდი სიხარულით მიიღო და დაამკვიდრა თავისი ნათესავი იოანე ქართველი.

გავიდა ჟამი და ათონზე გამოჩნდა სახელოვანი მხედარი და მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი (ერთ-ერთი გადმოცემით თორნიკე იყო იოანეს უფროსი ძმა). იოანემ აკურთხა თორნიკე მონაზვნად და მისივე თხოვნით მასაც სახელად იოანე დაარქვა.

მეათე საუკუნეში საბერძნეთის მცირეწლოვან მეფეებს ბასილსა და კონსტანტინეს აუმხედრდა ბარდა სკლიაროსი. უფლისწულებს დედის, თეოფანიას დიდი თხოვნისა და ხვეწნის შემდეგ ქართველთა მეფის დავით კუროპალატის ნებართვით თორმეტათასიანი ქართველთა ლაშქრით იოანე-თორნიკე ყოფილმა სასტიკად დაამარცხა ბარდა სკლიაროსი, რისთვისაც დედოფალმა თეოფანიამ ურიცხვი განძი აჩუქა წმ. იოანე თორნიკე-ყოფილს, რომელმაც ათონის მთაზე დაბრუნებისთანავე ეს განძი უკლებლივ ჩააბარა წმ. იოანე მთაწმინდელს. სულ მალე მთაწმიდაზე ქართველებმა, წმ. იოანემ, წმ. იოანე თორნიკე-ყოფილმა და წმ. ექვთიმემ 980-983 წლებში, წმიდა ათანასე დიდის ლოცვა-კურთხევით ააშენეს წმინდა მთის ერთ-ერთი წამყვანი სამონასტრო ცენტრი, ქართველთა დიდი სავანე - ივერიის მონასტერი - ღვთისმშობლის სახელობისა.

ქართველმა მამებმა საკუთარი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის პარალელურად დიდი სიმდიდრე აჩუქეს ბერძნებს „დიდნი საფასნი და მრავალი ტურფანი შესწირეს დიდსა ლავრასა და ყოველთა მონასტერსა მთაწმიდისათა.“

აშენდა ჰაეროვანი და მშვენიერი ივერთა მონასტერი და ისტორიაში სამუდამოდ დაივანა მისმა სახელმა: „ივერონ“, „ივირონ“ ანუ „ქართველთა“. ეს ის მონასტერია, სადაც დაბრძანებულია სახელგანთქმული ხატი ივერიის ღვთისმშობლისა „კარისად“ ანუ „კარიბჭის ხატად“ წოდებული.

როგორც ა. ალექსიძე აღნიშნვს, ქართველი მხედრობის მიერ ბიზანტიის სამეფო ხელისუფლებისათვის გაწეული ეს მნიშვნელოვანი დახმარება დადასტურებულია გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში, ზარზმის წარწერაში, სომხურ წყაროებში და მეტად საინტერესოა, რომ დავით კურაპალატისა და თორნიკე ერისთავის მიერ ბიზანტიის სამეფო ტახტის გადარჩენის ფაქტს არ იხსენებს არც ერთი ბერძენი ისტორიკოსი. მხოლოდ 1957 წელს გამოცემულ „ივერთა მონასტრის პროსკინიტარიონშია“ მოთხრობილი ეს ისტორია სადად და გულწრფელად.

ათონის მთაზე სულ ოცი მონასტერია, რომელთა შორის გამორჩეულია ივერთა მონასტერი. იგი იმ ადგილას ააგეს ქართველებმა, სადაც კვიპროსში მიმავალმა ღვთისმშობელმა პირველად დაადგა ფეხი.

ათონის მთაზე ინახება ძველი ხატი, რომელზეც კარგად ჩანს, რომ სწორედ ივერთა მონასტრიდან ადის კიბე ზეცაში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლამდე. ეს ხატი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი მონასტრის მნიშვნელობას ათონის მთისათვის.


წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.


იხილე აგრეთვე

ივერიის მონასტერი - იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები