ფაღავა აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აკაკი ფაღავა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ფაღავა

ფაღავა აკაკი ნესტორის ძე - (დ. - 15.II.1887, სოფ. ნახუნავო, სენაკის მაზრ. - გ. - 27.VI.1962, თბილისი) - ქართველი რეჟისორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, (1908) - მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, პარალელურად - მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში, სარეჟისორო განხრით, რომლის დამთავრების შემდეგ, იქვე მიიღეს რეჟისორის თანაშემწედ. 1913 წლიდან სტანისლავსკისთან, ბენუასა და ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად მონაწილეობდა მოლიერის სპექტაკლების დადგმაში. 1915 წლიდან მუშაობა დაიწყო ქუთაისის გიმნაზიაში მასწავლებლად და რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა ქართულ თეატრებში. 1908 წელს ჯერ კიდევ 21 წლის ახალგაზრდამ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართული თეატრი“, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში.

პირველი რესპუბლიკის წლებში ენერგიულად იღვწოდა ქართული თეატრის განვითარებისათვის. ჩამოაყალიბა მსახიობთა დასი და თბილისის არტისტული საზოგადოების შენობაში (დღევანდელი რუსთაველის თეატრი) შეუდგა ქართული წარმოდგენების დადგმას. კულტურულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან ერთად მონაწილეობდა ეროვნულ-რევოლუციურ მოძრაობაშიც. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აქტიური წევრი და შედიოდა პარტიის ქუთაისის გუბერნიის (დასავლეთ საქართველოს) კომიტეტის შემადგენლობაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - გაფართოებული ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში იყო.

საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ განაგრძო ენერგიული თეატრალური მოღვაწეობა. 1922 წელს საფუძველი ჩაუყარა თეატრალურ სტუდიას, რომელიც მალე ინსტიტუტად, ხოლო 1939 წელს რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტად გადაკეთდა, სადაც ხანგრძლივი დროის მანძილზე ასწავლიდა, იყო კათედრის გამგე და პრორექტორი. მის სახელთან დაკავშირებულია სხვა არაერთი ფაქტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდითაა დაკრძალული მეუღლე, ტერეზა ფარნაოზის ასული გრიგალაშვილი.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • სცსა, ფ. ი1836, აღწ. 1, საქ. 107-109.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები