აკვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აკვანი“ გადაიტანა გვერდზე „არკვანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არკვანი“ გადაიტანა გვერდზე „აკვანი“ გადამისამართებაზე)

16:37, 21 ივნისი 2017-ის ვერსია

აკვანი

აკვანი (არკვან, ონწე (მეგრ.) აკავან, ჰენწ (სვან.) ავაკან-აკვან (რაჭ. ლეჩხ.) - ჩვილ ბავშვთა საწოლი.

აკვნამდე ჩვილი ბავშვი იზრდებოდა ხოჭიჭში. რწევის პრინციპის მიხედვით აკვნის სამი სახე გამოიყოფა: უსაგოგავო, მომრგვალებულფეხებიანი და საგოგავიანი.

აკვნის ძველი სახეობა ოთხ ფეხზე მდგარი უსაგოგავო საწოლია, ხოლო საგოგავების პრინციპზე შექმნილი აკვნები მომთაბარე ტომებს უნდა გაევრცელებინათ, რომელიც აღმოსავლეთ სამყაროში ცნობილია ბიშეკის სახელწოდებით. მოგვიანო ხანაში ქართული აკვანი ამ უკანასკნელმა შეცვალა. საქართველოში ძირითადად გავრცელებული იყო საგოგავიან-კამარიანი აკვანი.

აკვნის ნაწილებია: კამარა-კარბა, სახელური, დირე-გამირი, საგოგავი. სიგრძის დირეს ამკობდა ჩვილის დამცავი ჯვრები, ბორჯღლები, გასხივოსნებული წრეხაზები და სხვა.

აკვნის აუცილებელი ელემენტებია - არტახი. აკვანზე გადასახვევი ბრტყელი მაგარი ნაჭერი, საბეჭურები - მხრების გასაკრავი, მატყლისაგან შეკერილი მუხლთბალიში, „მირგვალაი ქუდი“ (გუდამ.) //გორგოლი-გვირგვინი (იმერ.) - მიტკალში გამოხვეული თივა თავქვეშ დასადებად (2-3 თვე), რათა ბავშვს თავი და კისერი გასწორებული ჰქონოდა. ნალი - ლეიბი წმ. თივით დატენილი, ჰიგიენური ნახვრეტით და აკვანში ჩასადები შარდსადენი ხის მილით (ბოქშო, შიბაქი. გოგონებისათვის მოგრძო, ბიჭებისათვის კი მრგვალთავიანი, სანთელწასმული და მიტკალგადახვეული. შიბაქთან დაფენილი იყო ანწლისა და ბუერის ფოთლები (ზაფხულში), ზამთარში კი მიტკალი მატყლით. განსაზღვრული ერთი ჩაწვენისათვის.

ბავშვის აკვანში პირველად ჩაწვენისას ოჯახის უფროსი ქალი აცხობდა გულიან პურებს - ქადა-ტკბილებს, აწყობდნენ ბავშვის თავთან, შუაში და ფეხებთან და ლოცავდნენ ჩვილს. ასევე იქცეოდნენ სახლის გარეთ აკვნის პირველად გამოტანისას. ნამცხვარს არიგებდნენ და უყრიდნენ ფრინველებსაც. სწამდათ, რომ თუ კვერებს მათ შეაჭმევდნენ, ბავშვი მალე აიდგამდა ფეხს.

მთის რაჭაში ახალშობილს პირველად ბებია აიყვანდა, თუ ვაჟი იყო, კერაზე თავს მიადებინებდა და სახლის ანგელოზს ბავშვის იღბლიანობას შესთხოვდა. შემდეგ მას ღვინოს აპკურებდნენ - ვაჟკაცი გამოვაო.

ბავშვის დაცვის თვალსაზრისით გავრცელებული იყო აკვანზე ავგაროზის დაკიდება.

საქართველოში უკანასკნელ დრომდე შემორჩა დიდი სალოცავისადმი აკვნის შეწირვის ტრადიცია. შესაწირავ აკვნებს უმთავრესად ნაყოფის მომცემ მსხლის ან კაკლის ხისაგან აკეთებდნენ. სცოდნიათ ასევე ვერცხლის მინიატურული აკვნის შეწირვაც. წესად ყოფილა იღბლიანი აკვნის განათხოვრებაც. ხევსურეთში, გვარს გარეთ აკვნის გატანა იკრძალებოდა აგვარეულოს ბედ-იღბლის სხვა გვარზე გადასვლის შიშით.

ლიტერატურა

ვ. ბარდაველიძე-ლომია, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული რიტუალი მთიან ქართლში, სსმმ., ტ. IV, 1953. ს. მაკალათია, მთის რაჭა, 1971. ლ. ბედუკიძე, ხის ავეჯი რაჭაში,სსმმ, XLIIB, 1997. ლ.ბ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები